3-სართულიანი ეკლესია მაკედონიის ოქროს ხანაში აუგია იმპერატორ ფოკასს - კვირის პალიტრა

3-სართულიანი ეკლესია მაკედონიის ოქროს ხანაში აუგია იმპერატორ ფოკასს

3-სართულიანი ეკლესია მაკედონიის ოქროს ხანაში აუგია იმპერატორ ფოკასს

თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე, ამ უნიკალურ მხარეს - კაპადოკიას ბევრი მსოფლიოს მერვე საოცრებას უწოდებს. მახსოვს, თბილისში დაბრუნებული, ჩემს მეგობარს, გეომორფოლოგ გიორგი დვალაშვილს, რომელიც არაერთხელ არის ნამყოფი იქ, შთაბეჭდილებებს ვუზიარებდი და მითხრა,– კაპადოკია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლია არა მარტო ქართულ, არამედ - მსოფლიოს სინამდვილეში და ყოველი მოგზაურობისას ახალ ინფორმაციასა და ახალ ძეგლს ნახულობ. კაპადოკია მოიცავს აქსარაის, ნევშეჰირის, ნიღდესა და ქაისერის პროვინციებს, რომელიც ერთმანეთისგან საკმაოდ მოშორებითაა განლაგებული. მისი ტერიტორია მასშტაბით 10000 დავით-გარეჯს, 1000 ვარძიასა და უფრო მეტსაც შეგვიძლია მივაკუთვნოთო. ეჭვიც არ მეპარება, რადგან საკუთარი თვალითაც ვიხილე, რომ კაპადოკია ამოუწურავია.

ნიკიფორე ფოკასის 3-სართულიანი ეკლესია

თანაც აქ უდიდესი მადლი ტრიალებს და იმიტომაც ვერ ელევიან მართლმადიდებლები - ერთხელ, ორჯერ და, თუკი საშუალება აქვთ, მრავალჯერაც კი სტუმრობენ. აკი, ჩვენმა უსაყვარლესმა პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მაც ბრძანა: "კაბადოკია ბუნებისა და ადამიანის სულის შედევრია, რომლის ნახვაც აუცილებელია ყველა ქრისტიანთათვის".

ამ ტერიტორიაზე ჩვენი მიმოსვლისას რამდენჯერმე ავუარ-ჩავუარეთ სოფლებს, რომლებზეც ჩვენი ჯგუფის ხელმძღვანელმა თამთა ჭანტურიამ მიგვანიშნა, - სადღაც აქ, უძველეს ნასახლარებში, წმინდა ნინოს მამისეული სახლი უნდა იყოს, ეს სოფელი კი წმინდა გიორგის სოფელიაო. ჯერჯერობით მიუკვლეველია, სად უნდა დაბადებულიყვნენ და გაზრდილიყვნენ ჩვენი უდიდესი წმინდანები, თუმცა არსებობს, თურმე ვერსია, თითქოს წმინდა გიორგი იჰლარას ხეობაში გაიზარდა (საბედნიეროდ, ამ ხეობის ნახვაც მოვახერხეთ და ერთ-ერთ ბლოგში მასზე აუცილებლად გიამბობთ), ნევშეჰირის მუზეუმის მეცნიერი-თანამშრომლის ინფორმაციით კი, ნევშეჰირიდან დაახლოებით 5კმ-ში, სამხრეთით არის სოფელი გორე, სადაც წმიდა ნინოს სახლი უნდა ყოფილიყო.

ნიკიფორე ფოკასის ეკლესიის ფრესკები

ნიკიფორე ფოკასის ეკლესიის ფრესკები

თამთამ რამდენიმე წლის წინ კაპადოკიაში გაიცნო ქალბატონი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დაეძებდა წმ. ნინოს სახლს. იქ ყოფნისას, გვინდოდა, ჩვენც შევხვედროდით და გავსაუბრებოდით მას, მაგრამ იმხანად გორემეში არ აღმოჩნდა და შეხვედრა სამომავლოდ გადავდეთ. სამომავლოდ კი... ისე მოხდა, რომ დღემდე ვეღარ გავემგზავრე კაპადოკიაში... ასეა თუ ისე, აშკარად დიდი წმინდანების ნაკვალევზე დავდიოდით, ხოლო რას განვიცდიდით, ვერაფრით აგიხსნით, ალბათ, უკეთ მიხვდებით, თუკი წარმოიდგენთ, თავად რა შეიძლება განგეცადათ.

ნიკიფორე ფოკასის ეკლესიის ფრესკები

ჩვენი 9-დღიანი მოგზაურობის მეორე დღეს, გორემეს ღია ცის ქვეშ მუზეუმის დათვალიერების შემდეგ არც კი შეგვისვენია, ისე გავეშურეთ ოზკონაკის მიწისქვეშა ქალაქისა და ავანოსის კერამიკის მუზეუმის დასათვალიერებლად. ამ მიწისქვეშა ქალაქებსა და მუზეუმზე მომდევნო ბლოგში გიამბობთ, რადგან, როგორც ჩვენს მაძიებელ ჯგუფს სჩვევია, ამჯერადაც გადავუხვიეთ დასახული მარშრუტიდან და ახლა "დაგათვალიერებინებთ" გზად ნანახ ულამაზეს ეკლესიას, რომელსაც გულგრილად ვერც თქვენ ჩაუვლიდით.

სართულებს შორის ასასვლელი

სოფელ ჩავუშინის ნიკიფორე ფოკასის ეკლესია (Nikeforos Fokas Kilisesi) მაკედონიის ოქროს ხანაში - X ს-ში აუგია იმპერატორ ფოკასს. სოფელ ჩავუშინის კლდეში გამოკვეთილ ძველ ქალაქში, რომელიც ფოკასის ეკლესიის უკანა მხარეს მდებარეობს, კაპადოკიის ტურის მესამე დღეს დავუბრუნდით, ფოკასის სამსართულიანი ეკლესია კი მაშინვე დავათვალიერეთ და ძალიან მოგვეწონა.

მისალმება მესამე სართულიდან

სხვათა შორის, იმპერატორს მშენებლობის პერიოდში მოუნახულებია ტაძარი და ისიც საკმაოდ კმაყოფილი დარჩენილა. ეკლესია მოხატულია და მაცხოვრის, ღვთისმშობლისა და მოციქულების ფრესკებთან ერთად აქ ფოკასის ოჯახის წევრების ფრესკებსაც კი ნახავთ.

(გაგრძელება იქნება)

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს