"2 ოქტომბერს გეგმავდნენ რუსთაველის გამზირზე 2-3 ოპოზიციონერი ლიდერის მკვლელობას, იყო გეგმა, რომ აიღებდნენ ცესკოს შენობას, პარლამენტს, კანცელარიას" - კვირის პალიტრა

"2 ოქტომბერს გეგმავდნენ რუსთაველის გამზირზე 2-3 ოპოზიციონერი ლიდერის მკვლელობას, იყო გეგმა, რომ აიღებდნენ ცესკოს შენობას, პარლამენტს, კანცელარიას"

"ისმის კითხვა, რატომ ჩამოვიდა სააკაშვილი? ერთის მხრივ, ვუსმენთ მათ აბსურდულ ვერსიებს და ბოდვას, თითქოს ჩამოვიდა, რომ ვაჟკაცობა და თავდადების მაგალითი აჩვენა თავის ამომრჩეველს, რაც სრული აბსურდია", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სააკაშვილი ჩამოვიდა ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და ქაოსის მოწყობის მიზნით, სცენარი ხელისუფლებისთვის ცნობილი იყო მის ჩამოსვლამდე და სწორედ ამიტომაც, მოხდა პრევენცია საჭირო დროს, საჭირო მომენტში და ძალიან სიმბოლურად დაემთხვა 1-ელ ოქტომბერს სააკაშვილის დაკავება.

"თუ კაცს გინდა, რომ აჩვენო ვაჟკაცობის და თავდადების მაგალით, აიღებ ბილეთს და ჩამოხვალ ჩვეულებრივად, ნორმალურად, ისე, როგორც ეკადრება მითუმეტეს ვის, პრეზიდენტს, მაგრამ ახლა ვთქვათ, ვინ არის პრეზიდენტი. კაცმა, რომელიც 9 წელი იყო პრეზიდენტი, საკუთარი სურვილით დატოვა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა, პასპორტი ჩააბარა და გახდა უკრაინის მოქალაქე. დამერწმუნეთ, დღესაც ისტერიულად იმეორებს, რომ ის არის უკრაინის მოქალაქე. ამაზე მეტი სირცხვილი რა შეიძლება, იყოს. დღეს ციხეში, ყველას, ვისაც ხვდება, გვაქვს ინფორმაცია ამის თაობაზე, გამოდიან ეს ადამიანები, მათ შორის უკრაინის მოქალაქეები, ჩვენთან მოდიან და ამბობენ, რომ ეს კაცი ეუბნება, რომ არის უკრაინის მოქალაქე. ერთადერთი მიზანია თავდაცვა. ვუბრუნდებით სააკაშვილის ჩამოსვლის რეალურ მიზეზს. რა თქმა უნდა, არ არსებობს არავითარი რეალური არგუმენტი, რატომ ჩამოვიდა მაშინ ეს კაცი მალულად, ფარულად, ქურდულად, რატომ შემოიპარა უღირსად. ერთადერთი განზრახვა ჰქონდა - 2 ოქტომბერს ისინი აპირებდნენ, შეეკრიბათ ამომრჩეველი რუსთაველის გამზირზე, ვიდრე გამოცხადდებოდა არჩევნების შედეგები, ის გამოჩნდებოდა უცებ, მოულოდნელად და იტყოდა, აი, ჩამოვედი ისე, რომ ვერ გაიგო მთავრობამ. ამ დროს, რა თქმა უნდა, მთავრობამ ყველაფერი იცოდა, ჩვენ ინფორმაცია გვქონდა თავიდან ბოლომდე, ვიცოდით, სად იმალებოდა. აქვე მინდა, მოსახლეობას ვუთხრა, რომ გასაღებით გავაღეთ ბინის კარი, რომელშიც იგი იმალებოდა. ამით ჩანს ყველაფერი, რომ სრული კონტროლის ქვეშ იყო სიტუაცია და ბუნებრივია, სიმბოლურად დაემთხვა ეს ყველაფერი 1-ელ ოქტომბერს. ახლა, რა უნდა მომხდარიყო ამ აქციაზე. მოგეხსენებათ, ვინაიდან იგი არის ბრალდებული და სასამართლო გადაწყვეტილება ძალაშია შესული, სამივე ინსტანციის, ბუნებრივია, პოლიციას მოუწევდა მისი დაუყოვნებლივ დაკავება. ეს რა თქმა უნდა, გამოიწვევდა პირდაპირ დაპირისპირებას, პოლიციას მოუწევდა სპეცრაზმის, მათ შორის სპეციალური საშუალებების გამოყენება, ალბათ წყლის ჭავლის, გაზის და შიგნიდან რა ინფორმაციაც გვაქვს, აქ გათვლა იყო, რომ რამდენიმე ადამიანის, მათ შორის ოპოზიციური ლიდერის, არ მინდა გვარები ვთქვა, ზედმეტი სპეკულაცია რომ არ გამოგვივიდეს, მკვლელობა პირდაპირ, მისი პარტიის წევრების, 2-3 ადამიანის. წარმოიდგინეთ, არჩევნების შედეგები გამოცხადებული არ არის, მსოფლიო შოკში ჩავარდებოდა, რომ ეს მოხდა, დარბევა და ეს ყველაფერი, სრული დელეგიტიმაცია მოხდებოდა ჩვენი მთავრობის და დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა არჩევნების ლეგიტიმურობაც, ჩატარებაც და ბუნებრივია, შედეგებიც. შემდეგ იყო გეგმა, რომ აიღებდნენ ცესკოს შენობას, პარლამენტის შენობას, კანცელარიის შენობას და სრულ ქაოსში გაეხვეოდა ჩვენი ქვეყანა. გათვლა იყო, რომ ეს გამოიწვევდა ინსტიტუტების დემორალიზებას და ასეთი სცენარით ჩამოვიდა, რა შეიძლება ამ ადამიანს უწოდო, თუ არა მტერი. ეს ავარიდეთ ჩვენს ქვეყანას. არ მინდა, გამოძიების დეტალებში შევიდე, ჩემი პრეროგატივა არ არის, მაგრამ ყველა სცენარი და ყველა ვერსია ლეგიტიმურია", - აღნიშნა პრემიერმა "იმედის" ეთერში.

"სააკაშვილს კერძო კლინიკაში თუ გადავიყვანდით, 4-5 ათასი ადამიანის მობილიზებას შეძლებდნენ და მოგვიწევდა მუდმივი ქაოსი, პოლიციას მოუწევდა ძალის გამოყენება, ჩვენ ამ პროვოკაციას რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ", - მთავრობის მეთაურის თქმით, გასათვალისწინებელი ფაქტორია ისიც, რომ ნიკა მელია და სხვა ლიდერები, მიუხედავად მათი საჯარო განცხადებებისა, ღიად არიან სააკაშვილთან დაპირისპირებაში, მის მიმართ აგრესია და სიძულვილი აქვთ და არავინ არ იცის, ვინ რა პროვოკაციაზე წავა.

"სააკაშვილს თეორიულად ერთადერთი სცენარი რჩება თავში. რა თქმა უნდა, აცნობიერებს, რომ ციხეში ძალიან დიდხანს მოუწევს ყოფნა. ინფორმაცია მაქვს, რომ როცა წავიდა საქართველოდან, მას ეგონა, რომ დაახლოებით 2 წელში -2016 წელს დაბრუნდებოდა ხელისუფლებაში. წარმოიდგინეთ, რა სიბრიყვეში ცხოვრობს ადამიანი, ახლაც იმედი აქვს, რომ ციხეში დიდხანს არ დარჩება. სრული პასუხისმგებლობით მინდა ვუთხრა ჩვენს მოსახლეობას, რომ ერთადერთი გეგმა, რაც შემუშავებული აქვთ, არის შემდეგი, რომ რაიმენაირად ჩვენ მას გადავიყვანდით კერძო კლინიკაში. მოგეხსენებათ, რომ კერძო კლინიკაში არანაირი პირობა არ არის, პაციენტია, კოვიდია, უამრავი მიმსვლელია, სამოქალაქო კლინიკაა, ბუნებრივია და არავითარი უსაფრთხოების ზომები არ არის დაცული. იქ სახელმწიფო და სპეციალური სამსახურები ვერ დაიცავენ სათანადო დონეზე მის და სხვების- კლინიკაში მყოფი სამოქალაქო პირების უსაფრთხოებას. თეორიულად მათ გეგმას რომ გავყვეთ, იმ შემთხვევაში, სააკაშვილს კერძო კლინიკაში თუ გადავიყვანდით, 4-5 ათასი ადამიანის მობილიზებას შეძლებდნენ და რა თქმა უნდა, მოგვიწევდა მუდმივი ქაოსი, ჯაჯგური, პოლიციას მოუწევდა ძალის გამოყენება, აქაც ვუბრუნდები იმ პირველს სცენარს, იგივე სცენარია დაწერილი, აბსოლუტურად ერთი-ერთში. მანდაც ანალოგიურად იგივე პროვოკაციებს მოახდენდნენ, შეიძლება რამდენიმე კაციც მოკლან, ეს არის მისი ერთადერთი, თეორიული, გიჟური სცენარი. შიმშილობაც მაგიტომ არის ორგანიზებული, მას ყველაფერი თავისი მოკლე ჭკუით დალაგებული აქვს. რა თქმა უნდა, ეს კაცი ილუზიაშია და ჯერ კიდევ ვერ ხვდება საერთოდ სად არის. რა მოხდება? მუდმივ ქაოსში ამყოფებენ ქვეყანას - ქაოსის და დესტაბილიზაციის შემოტანა უნდა ამით, მითუმეტეს, ვინაიდან ჩვენ ვიცით მათი შიდა დაპირისპირება, აგრესია და სიძულვილი, მათ შორის სააკაშვილის მიმართაც აქვს რამდენიმე ლიდერს, არ ვიცით ვინ რა პროვოკაციაზე წავა, თუნდაც მელია ან უამრავი სხვა ადამიანი, რომლებიც მიუხედავად მათი საჯარო განცხადებებისა ღიად არიან სააკაშვილთან დაპირისპირებაში. ჩვენ იმაზე მეტი ვიცით, ვიდრე მას წარმოუდგენია. ასე რომ, ძვირფასო საზოგადოებავ, სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ ამ პროვოკაციას რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა "იმედის" ეთერში.

"არავითარი აზრი არ აქვს თუნდაც ანზორ მელიას გამარჯვებას ზუგდიდში და რატომ - რა უნდა გააკეთოს ანზორ მელიამ, რასაც მე ვერ გავუკეთებ მათ. მე რასაც ვეტყვი, ჩემს სიტყვას საქმეს მოვაყოლებ და ყველაფერს გავუკეთებ იმისთვის, რომ რეალური საქმე გაკეთდეს", - როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ის პირადად იქნება ჩართული თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარების საქმეში.

"ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტში ვიგებთ არჩევნებს. ყველაზე მეტი აქცენტი ჰქონდათ ზუგდიდზე. ახლა ზუგდიდშიც ნახეს, გაზომეს, რომ იქაც აგებენ და ამიტომ გააყალბეს და გაყალბებული მონაცემები გამოაქვეყნეს. აბსოლუტურად ყველგან ვიგებთ არჩევნებს.

მინდა მოსახლეობას და მათ შორის, სააკაშვილის ამომრჩევლებს მივმართო. რა თქმა უნდა, მისგან განსხვავებით, ჩვენ გვაქვს სხვა დამოკიდებულება მისი ამომრჩევლის მიმართ, იმიტომ, რომ ისინი ჩვეულებრივი მოქალაქეები, ჩვენი თანამოქალაქეები არიან და აბსოლუტური პატივისცემა მინდა დავადასტურო იმის მიუხედავად, რომ მათ ჩვენს მიმართ განსხვავებული შეხედულება აქვთ. მაგრამ, მე, როგორც პრემიერ-მინისტრი ამ ქვეყნის და ჩვენი მოსახლეობის, მინდა მათ ვუთხრა, რომ არავითარი აზრი არ აქვს თუნდაც ანზორ მელიას გამარჯვებას ზუგდიდში და რატომ - რა უნდა გააკეთოს ანზორ მელიამ, რასაც მე ვერ გავუკეთებ მათ. მე რასაც ვეტყვი, ჩემს სიტყვას საქმეს მოვაყოლებ და ყველაფერს გავუკეთებ იმისთვის, რომ რეალური საქმე გაკეთდეს და არ იყოს დაპირისპირება, ბოიკოტი, ქაოსი და ალიაქოთი", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"