"რაში გამოიხატება აშშ-ის გლობალური პოზიციების ნგრევა" - რას წერს ცნობილი ამერიკული გამოცემა? - კვირის პალიტრა

"რაში გამოიხატება აშშ-ის გლობალური პოზიციების ნგრევა" - რას წერს ცნობილი ამერიკული გამოცემა?

"ამერიკა ისეთი ძლიერი აღარ არის, როგორიც წლების წინ იყო. ამერიკის გავლენა მსოფლიოში სუსტდება და ეს თითქმის ყველა სფეროში შეიმჩნევა, განსაკუთრებით - საგარეო პოლიტიკაში. ამის მაგალითები ბევრია. აშშ-ის მთავარი გაზეთი "ნიუ-იორკ თაიმსი" (The New York Times) აქვეყნებს სტატიას სათაურით - "აშშ-ის გლობალური პოზიციების ნგრევა" (ავტორი - ბრეტ სტივენსი), რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო მდგომარეობის ნეგატიური ნიშნებია ნაჩვენები. პუბლიკაციაში ჩამოთვლილია რამდენიმე ფაქტი, რომელიც, ავტორის აზრით, აშშ-ის ძლიერების, ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტის შემლახველია:

პირველი - სირიაში ორშაბათს, 25 ოქტომბერს, ირანის მხარდამჭერმა დაჯგუფებამ ამერიკის სამხედრო პოსტს დრონით (უპილოტო საფრენი აპარატით) დაარტყა. "ეს იყო კომპლექსური, კოორდინირებული და მიზანმიმართული შეტევა", - ასე შეაფასა პენტაგონმა მომხდარი ფაქტი. აბა, ვნახოთ, რა რეაქცია იქნება აშშ-ის მხრიდან. პენტაგონის შეფასება არაფერს ნიშნავს, თუ პრეზიდენტმა არ გადადგა შესაბამისი ნაბიჯები. ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია კი ჯერ კიდევ ცდილობს, ირანი მოლაპარაკების მაგიდასთან დასვას, ბირთვულ გარიგებაზე ხელმოწერის მიზნით. არადა, თუ ეს გარიგება მართლაც მოხდება, უფრო უარესი იქნება აშშ-ისთვის: თეირანს თანხები გამოუთავისუფლდება და მეტი შესაძლებლობა ექნება ზემოხსენებული დარტყმების გასახორციელებლად.

მეორე - ჯო ბაიდენმა ჟენევაში თავის რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მან, პირადად, გააფრთხილა რუსეთის ლიდერი კიბერთავდასხმების შეწყვეტის საკითხში, მაგრამ რად გინდა? - როგორც "ნიუ-იორკ თაიმსმა" შეიტყო, იმავე 25 ოქტომბერს რუსეთის საგარეო დაზვერვის თანამშრომლები კვლავ შეეცადნენ აშშ-ის მთავრობის ანალიტიკური ცენტრების კომპიუტერულ სისტემებში შეღწევას. ჟენევაში ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ "დეესკალაციის დრო დაიწყოო", მაგრამ, როგორც ჩანს, ვლადიმერ პუტინი მას არ ეთანხმება.

მესამე - ტაივანის საჰაერო სივრცის ახლოს მკვეთრად იმატა ჩინეთის სამხედრო ავიაციის მანევრებმა. ის, რაც რამდენიმე წლისა და თვის წინ ნაკლებად პერსპექტიული ჩანდა - ჩინეთის მიერ ამ დემოკრატიული კუნძულის ხელში ჩაგდება, უკვე რეალური გახდა. ჯო ბაიდენს არაერთხელ უთქვამს, რომ კონტინენტური ჩინეთის კომუნისტური მთავრობის თავდასხმის შემთხვევაში, ამერიკა ტაივანს დაიცავსო. სულ ბოლოს პრეზიდენტმა ასეთი განცხადება გასულ კვირას, "სი-ენ-ენთან" ინტერვიუში გააკეთა, მაგრამ შემდეგ უკან დაიხია და განმარტა - როგორც აღმოჩნდა, კანონის თანახმად ("ტაივანთან ურთიერთობის შესახებ"), ამერიკა ვალდებულია, კუნძულს მხოლოდ თავდაცვაში დაეხმაროსო. კანონში არაფერია ნათქვამი აშშ-ის გარანტიებზე სამხედრო ჩარევის შესახებ.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პრეზიდენტს არ შეუძლია, მკაფიოდ გადმოსცეს ფაქტები და დროული რეაგირება მოახდინოს ცენტრალურ საგარეოპოლიტიკურ პრობლემებზე. რიგ შემთხვევებში, ჯო ბაიდენს არ შესწევს იმის უნარი, რომ თავისი აზრი ჰქონდეს. ასევე, გაურკვეველია, აქვს თუ არა მას თანმიმდევრული პოლიტიკის გატარების სურვილი. გამოდის, რომ ამერიკის, როგორც რთულ სიტუაციაში ჩავარდნილი მეგობრების საიმედო მოკავშირის პოზიციები, რომელსაც შეუძლია ისინი მტრების ავანტიურისაგან დაიცვას, მსოფლიოში შესამჩნევად შესუსტდა. ამის მიზეზები ახლო წარსულში უნდა ვეძებოთ. სამწუხაროდ, დამნაშავეთა სია თითქმის უსასრულოა, მაგრამ ჯო ბაიდენს მეტი მოეკითხება - იგი ხომ იმ იმედით აირჩიეს, რომ ბრძენი, გამოცდილი და კომპეტენტური ადამიანიაო. დღეს ვინმეს სერიოზულად შეუძლია ამტკიცოს, რომ ჩვენ ნამდვილად მივიღეთ [მისი სახით] ეს ყველაფერი?

და განა საქმე მხოლოდ ტაივანში, ირანში ან რუსეთშია?

აშშ-ის ადმინისტრაციამ მართვის სადავეები თავის ხელში რომ აიღო, ის, ალბათ, ფიქრობდა, რომ კარგად ესმის, საით მიდის მსოფლიო: დონალდ ტრამპის წასვლის შემდეგ უნდა გაუმჯობესებულიყო ურთიერთობა ჩვენს მოკავშირეებთან და რაღაც კონტაქტები უნდა დაწყებულიყო ჩვენს მოწინააღმდეგეებთან [ჩინეთის ჩათვლით], პანდემიის სიმძიმე 4 ივლისამდე უნდა შესუსტებულიყო, სამხრეთ საზღვარზე [მექსიკასთან] ჰუმანიტარული კრიზისი უნდა დამთავრებულიყო, 11 სექტემბრამდე უნდა დასრულებულიყო ჩვენი უსაფრთხო და მშვიდი გამოსვლა ავღანეთიდან, ეკონომიკაში კი აყვავების პერიოდი უნდა დაწყებულიყო.

დღეისათვის ყველა ეს მოლოდინი და იმედი ჩამოიშალა, გაქრა. არანაირი ნიშნები არ არის იმისა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აანალიზებს სიტუაციას, ყურადღებას აქცევს მსგავს სავარაუდო "ჩამოშლებს"... არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ თეთრი სახლი რაიმე მოქმედებას გეგმავდა ასეთ შემთხვევებში.

ავღანეთი?! "არავითარ შემთხვევაში არ მოხდება ისე, რომ ჩვენს ხალხს საელჩოს სახურავიდან ვერტმფრენებით გამოიყვანენ", - თქვა პრეზიდენტმა ივლისში. ერთი თვის შემდეგ კი მთელმა მსოფლიომ ნახა და მოისმინა ათასობით ავღანელის მუდარა, მათი ქვეყნიდან გაყვანის მიზნით - იმ ქვეყნიდან, რომელიც ფანატიკოსებს გადაეცათ.

მოკავშირეებთან დამოკიდებულება?! "პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, რომ მას არანაირი კრიტიკა არ გაუგია აშშ-ის მოკავშირეების მხრიდან ავღანეთიდან გამოსვლისა და პროდასავლური მთავრობის დაცემაზე", - წერდა აგვისტოში [ჟურნალისტი] სტივ ერლანგერი "ნიუ-იორკ თაიმსში", - მაგრამ კრიტიკა ევროპიდან ნამდვილად ისმის, თანაც - ხმამაღლა და დაბეჯითებით".

საზღვარი?! მარტში ჯო ბაიდენმა ქვეყნის წინაშე განაცხადა, რომ [მექსიკიდან] მიგრანტების შემოდინება სეზონური მოვლენაა და რომ "ასეთი რამ ყოველწლიურად ხდებაო", მაგრამ ბოლო დროს ამერიკელი მესაზღვრეების შეტაკებების რაოდენობამ მიგრანტებთან რეკორდულ რაოდენობას მიაღწია.

ეკონომიკა?! ივლისში პრეზიდენტმა აგდებულად მოიხსენია ფასების მატება და თქვა, რომ "ეს მოსალოდნელი იყო და დროებითიაო", დღეს კი ფასების ზრდა, რომელსაც ჯო ბაიდენი დროებითად თვლიდა, პრეზიდენტის დღის წესრიგს საფრთხეს უქმნის.

ბაიდენის ადმინისტრაციამ იმდენი გააკეთა, რომ თავისი ერთადერთი სტრატეგიული წარმატებაც კი შერყვნა - შეთანხმება ამერიკას, ბრიტანეთსა და ავსტრალიას შორის ატომური წყალქვეშა ნავების შესახებ, რომელიც სამომავლოდ ავსტრალიისათვის ატომური წყალქვეშა ფლოტის შექმნას ითვალისწინებს, აზია-წყნარი ოკეანის სივრცის გაკონტროლების მიზნით. თურმე, ეს შეთანხმება საფრანგეთის საწინააღმდეგოდ დადებულა. ახლა უნდა ველოდოთ, რომ პარიზი დიპლომატიურ შურისძიებას მიმართავს და რომელიც აუცილებლად იქნება, როცა ჩვენ საფრანგეთისაგან რაიმე დახმარება დაგვჭირდება.

არადა, შეიძლებოდა ამ, ყველა შეცდომისაგან თავი აგვერიდებინა. საბოლოო ჯამში ამ ყველაფერზე ბრალი პრეზიდენტს ედება. თვადაცვის ყოფილმა მინისტრმა რობერტ გეითსმა 2014 წელს ზუსტად "ათიანში მოარტყა", როცა ამბობდა, რომ ჯო ბაიდენს ბევრჯერ დაუშვია შეცდომა მნიშვნელოვანი საგარეოპოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დროსო. თუმცა ისიც მართალია, რომ პრეზიდენტს ცუდ და არასწორ რჩევებს აძლევენ.

ამერიკას ძალიან სჭირდება, რომ ბაიდენის პრეზიდენტობა წარმატებული იყოს. მსოფლიოს ძალიან სჭირდება წარმატებული ამერიკა. და თუ ჯო ბაიდენის პრეზიდენტობა ჩაიფუშება, მისი ალტერნატივა მხოლოდ ადმინისტრაციის შეცვლა კი არ იქნება, არამედ - მას მოჰყვება ცვლილებები მსოფლიოშიც, რომლის შედეგებით ჩვენ უფრო დავსუსტდებით, უფრო მოწყვლადი გავხდებით და ჩვენივე ანტილიბერალი პოპულისტების დასაცინი გავხდებით.

დასკვნა და რჩევა პრეზიდენტს: გვაჩვენეთ თქვენი ფართო აზროვნება, ჩამოაყალიბეთ ეროვნული უსაფრთხოების ახალი გუნდი, იმოქმედეთ დაუყოვნებლივ, მიიწვიეთ მასში ისეთი ადამიანები, როგორიც რობერტ გეითსია. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ