"ეს იყო ხელისუფლების მხრიდან წაქეზებული, დეკლარირებული, ორგანიზებული ძალადობა"
"ეს იყო ხელისუფლების მხრიდან წაქეზებული, დეკლარირებული, ორგანიზებული ძალადობა", - ამის შესახებ მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის საქმეზე ერთ-ერთი დაზარალებული ჟურნალისტის, მაკო ჯაბუას ადვოკატმა ოთარ კაციძემ განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, ბრალდებულების საქმე სასამართლოს არსებითი განხილვისთვის უნდა გადაეცეს.
"ბრალდების მხარეს მტკიცებულებები საკმარისზე მეტი აქვს მოპოვებული. ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა 5 ივლისს კარგად აღბეჭდეს დღის მიმდინარეობა, ეს იყო ხელისუფლების მხრიდან წაქეზებული, დეკლარირებული, ორგანიზებული ძალადობა. სამწუხაროდ, ორგანიზატორებისთვის ჯერ ბრალი არ არის წარდგენილი. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები არსებობს, სახალხო დამცველის შესაბამისი რეკომენდაციაც გაცემულია, ხელისუფლება შესაბამის ნაბიჯებს არ დგამს და პროკურატურის მხრიდან ვერ ვხედავთ გადამჭრელ ზომებს, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს ამ საქმეზე დანაშაულის ორგანიზატორებისთვის. რაც შეეხებათ ცალკეულ შემსრულებლებს, მათ ბრალი აქვთ წარდგენილი, დღეს წინასასამართლო სხდომაა და მოსამართლე მიიღებს გადაწყვეტილებას გადააგზავნოს არსებით განხილვაზე თუ არა",- განაცხადა კახიძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში თბილისის პრაიდის" საწინააღმდეგო აქციაზე მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებული 7 პირის სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება.