"ღარიბაშვილის განცხადება საშიში სირეგვენეა, პრემიერმა, რომელიც სულ რელიგიის დამცველის როლის მორგებას ცდილობს, პირდაპირ წაახალისა და მოწოდება გააკეთა თვითმკვლელობისკენ" - კვირის პალიტრა

"ღარიბაშვილის განცხადება საშიში სირეგვენეა, პრემიერმა, რომელიც სულ რელიგიის დამცველის როლის მორგებას ცდილობს, პირდაპირ წაახალისა და მოწოდება გააკეთა თვითმკვლელობისკენ"

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტის წევრის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის პოზიცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და სიცოცხლის მიმართ არის "სამართლებრივად სიცრუე, პოლიტიკურად თვითლუსტრაცია, სახელმწიფოებრივად კი საშიში სირეგვენე".

ანა ნაცვლიშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

"სამართლებრივი თვალსაზრისით ეს განცხადება არის სრული სიცრუე! კანონში პირიქითაა - სახელმწიფო პასუხისმგებელია ადამიანის სიცოცხლის დაცვაზე, მით უფრო როცა ადამიანი პატიმარია და სახელმწიფოს სრულ კონტროლქვეშაა. პოლიტიკური თვალსაზრისით - ესაა სრული თვითლუსტრაცია, რომ მიმდინარე საქმეებს და პროცესს საფუძვლად არა მართლმსაჯულების ინტერესი და სამართლიანობის აღდგენა, არამედ პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ ველური რევანში უდევს. სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, ეს განცხადება საშიში სირეგვენეა. ამასთან, რა მოვისმინეთ - პრემიერმა, რომელიც სულ რელიგიის დამცველის როლის მორგებას ცდილობს, პირდაპირ წაახალისა და მოწოდება გააკეთა თვითმკვლელობისკენ - რაც, ყველა რელიგიური დოქტრინით, მიუღებელი ქცევაა" - ანა ნაცვლიშვილი.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება, თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ თავი უნდა მოიკლას, შეუძლია მოიკლას, მაგრამ ამაზე სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას.