"ჩაბეტონებულმა ერთფეროვნებამ ჩაჟანგება იცის, ასე იყო 2012-შიც - ჟანგი მოსაშორებელი და გადასაგდებია" - კვირის პალიტრა

"ჩაბეტონებულმა ერთფეროვნებამ ჩაჟანგება იცის, ასე იყო 2012-შიც - ჟანგი მოსაშორებელი და გადასაგდებია"

"სისულელეა - ეს არის ჩემი პოლიტიკური შეფასება პრემიერის სისულელეების მთელი კასკადის", - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ კანონით, ადამიანს თვითმკვლელობის უფლება აქვს.

როგორც ბერძენიშვილმა აღნიშნა, ასეთი პრემიერის პირობებში ხვალინდელი არჩევნები "ძალიან მნიშვნელოვანია".

"ასეთი პრემიერის პირობებში და იმ დროს, როდესაც პარტიის თავმჯდომარედ ჰყავს ის, მეორე, რომელიც ამაზე ჭკვიანი მაინც არის, ბუნებრივია, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხვალინდელი არჩევნები. აპოკალიფსურ სურათებს ვეწინააღმდეგები. ხვალ საქართველო ან აშენდება ან დაინგრევა, გაბრწყინდება ან მოისპობა - ეს ასე არ არის, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, ხვალ ვირჩევთ მრავალფეროვნებას, თუ ერთფეროვნების ჩაბეტონებას. ჩაბეტონებულმა ერთფეროვნებამ ჩაჟანგება იცის. ასე იყო 2012-შიც. ჟანგი ბოლოს მოსაშორებელი და გადასაგდებია. როდესაც ხელისუფლება დაიჟანგება, მის გადაგდებას კიდევ ერთი პოლუსი სჭირდება. ამ ვითარებაში, ბუნებრივია, ცვლილებას ვგულშემატკივრობ",- განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება, თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ თავი უნდა მოიკლას, შეუძლია მოიკლას, მაგრამ ამაზე სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას.