"ის ხავსი, რომელსაც ეჭიდება ჩვენი ოპონენტების ჯგუფი, ღარიბაშვილის განცხადების ინტერპრეტირებისთვის არ გამოდგება"
"ის ხავსი, რომელსაც ეჭიდება ჩვენი ოპონენტების ჯგუფი, ღარიბაშვილის განცხადების ინტერპრეტირებისთვის არ გამოდგება", - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ ადამიანს თვითმკვლელობის უფლება აქვს და ეს კანონში პირდაპირ წერია.
ვოლსკის განცხადებით, ეს პირდაპირ არ უნდა გავიგოთ.
"კანონში წერია" პირდაპირი გაგებით არ უნდა გავიგოთ, ადამიანს აქვს უფლება განკარგოს თავის თავი, თავის სხეული, თავის მომავალი, თავის ბედი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახელმწიფომ შესაბამისად არ უნდა იმოქმედოს და პრევენცია არ უნდა მოახდინოს ცუდი, ლეტალური შედეგის. ესეც თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა, მაგრამ თქვენ მხოლოდ ის გესმით, რაც გჭირდებათ. ღარიბაშვილმა თქვა, არ დავუშვებთ იმას, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა, მით უმეტეს, მისი სიცოცხლე ამ ვითარებაში საფრთხის ქვეშ დადგეს. სახელმწიფო, მისი შესაბამისი სტრუქტურები მოწოდებულნი არიან, შესაბამისადაც არიან აღჭურვილნი, რომ ცუდი განვითარება არ დაუშვან და ის ხავსი, რომელსაც ეჭიდება ჩვენი ოპონენტების ჯგუფი თავის მედიასაშულებების საშუალებით, არ გამოდგება ამ განცხადების ინტერპრეტირებისთვის", - განაცხადა ვოლსკიმ.
ის ასევე გამოეხმაურა პრემიერის განცხადებას ოპოზიციური ლიდერების მკვლელობის თაობაზე და სააკაშვილის რევოლუციურ გეგმებზე და აღნიშნა, რომ მათ აქვთ ვალდებულება ჰქონდეთ დამატებით ინფორმაცია.
"შეხლა-შემოხლა, არეულობა, დესტაბილიზაცია, რევოლუცია, რაზეც პირდაპირ საუბრობენ ჩვენი ოპონენტები სააკაშვილი იქნება თუ თაკო ჩარკვიანი, თუ ორივე ერთად, სწორედაც ითვალისწინებს დაპირისპირებას, სისხლისღვრას და ადამიანის დაზიანებას, თუ არა მოკვდინებას. ეს არის რევოლუციის, შეტაკების არსი ზოგადად, არამარტო საქართველოში, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში,"- განაცხადა ვოლსკიმ.