"ღარიბაშვილის განცხადება პირდაპირი მინიშნებაა, რომ ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს მიხეილ სააკაშვილის მკვლელობა"
"ახერხებს "ქართული ოცნება", მათ შორის, პრემიერ-მინისტრი, რომ კიდევ უფრო გააკვირვოს ქართული საზოგადოება - ღარიბაშვილის განცხადება პირდაპირი მინიშნებაა, რომ ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს მიხეილ სააკაშვილის მკვლელობა", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ ადამიანს თვითმკვლელობის უფლება აქვს და ეს კანონში წერია.
მისი თქმით, სააკაშვილი რაიმე პროვილეგიას არ ითხოვს და მას არ აქვს იმ სამედიცინო სერვისებზე წვდომა, რომელიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი პატიმრისთვის.
"ზოგადად ძალიან რთულია ირაკლი ღარიბაშვილის განცხდებებზე რაიმე პოლიტიკური განცხადებების გაკეთება, ალბათ, ეს უფრო სხვა მეცნიერების სფეროდან არის, მაგრამ ის, რასაც ჩვემ ვისმენთ, განსაკუთრებით ამ ბოლო დღეებში აგონიაში ჩავარდნილი ხელისუფლებისგან, რაც მოვისმინეთ, რომ თურმე, საქართველოს მესამე პრეზიდენტს თვითმკვლელობის უფლება ჰქონია და ეს კანონში წერია, არ ვიცი, უკვე სულ მგონია, რომ ამის იქით აღარ შეიძლება რაიმე ითქვას, მაგრამ ახერხებს "ქართული ოცნება" და მათ შორის, პრემიერ-მინისტრი, რომ კიდევ უფრო გააკვირვოს ქართული საზოგადოება. ბუნებრივია, ეს არის პირდაპირ მინიშნება, რომ ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს მიხეილ სააკაშვილის მკვლელობა, მეტს არაფერს ადასტურებს ეს სიტყვები. ამიტომ, ყველას ამოცანაა, როგორც ოპოზიციის, ასევე საზოგადოების, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის როგორც ჯანმრთელობის, ასევე ფიზიკური უსაფრთხოება იქნას დაცული. პირდაპირი პასუხისმგებლობა რაც სააკაშვილთან მიმართებაში ხდება, ეკისრება ხელისუფლებას,"- განაცხადა უდუმაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება, თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ თავი უნდა მოიკლას, შეუძლია მოიკლას, მაგრამ ამაზე სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას.