"ეს არის წარმოუდგენლად დიდი სირცხვილი ქვეყნისთვის და პირდაპირი მტკიცებულება სტრასბურგისთვის, რომ..."
"ხვალ არის უმნიშვნელოვანესი დღე ჩვენი ქვეყნისთვის, დღე, როდესაც ოპოზიცია დიდ ქალაქებში ემზადება გამარჯვებისთვის. დარწმუნებულები ვართ, რომ ქუთაისშიც აუცილებლად გავიმარჯვებთ", - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და ოპოზიციის ნაწილის ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, დღეს ქუთაისში მოქალაქეებისთვის თანხის დარიგებისა და პირადობების ჩამორთმევის ფაქტი აღკვეთეს.
"მინდა მოვუწოდო ყველა ადამიანს, რომელიც ფიქრობს, რომ ქვეყანაში აუცილებელია ცვლილებები და ხვალიდან უნდა გავიღვიძოთ ახალ ქვეყანაში, სადაც დემოკრატია იქნება უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელიც დაიწყება ჩვენი მოქალაქეების ნების დაფიქსირებისთვის. მინდა მოვუწოდო ჩვენს თანამოქალაქეებს ყველა, ვინც ადგილზე ხართ ჩაწერილი, აუცილებლად მობრძანდით იმისთვის, რომ ყველგან ადგილზე დააფიქსიროთ თქვენი ნება. დღეს ქუთაისში აღვკვეთეთ ფაქტი, რომელიც გულისხმობდა პირადობის მოწმობების ჩაბარებას და ფულის დარიგებას. მათი აქტივის მობილიზება ქუთაისში არის ის მასშტაბი, რაც ჰგონიათ რომ ეყოფათ, მე პირობას ვიძლევი, რომ თითოეულ ხმას გავუფრთხილდებით და ყველა ხმა იქნება დაცული. წარმოუდგენელს ვიზამთ უბნებზე, რომ გარდაუვალი გამარჯვება გავიფორმოთ", - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.
"ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის სამართლებრივად აბსურდული და წარმოუდგენლად მძიმე სახელმწიფოებრიობისთვის", - ასე აფასებს ხატია დეკანოიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადებას, რომლის თანახმადაც, "კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება და თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ თავი უნდა მოიკლას, ამაზე სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას".
მისივე თქმით, ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პირი პირდაპირ აკეთებს მინიშნებას, რომ მზად არიან პოლიტიკური მართლმსაჯულების გამოყენებით შეეზღუდოს სააკაშვილს სიცოცხლის უფლება.
"ეს არის წარმოუდგენლად დიდი სირცხვილი ქვეყნისთვის და პირდაპირი მტკიცებულება სტრასბურგისთვის, რომ ხელისუფლება ცდილობს სააკაშვილს შეუზღუდოს არამხოლოდ სამართლიანი სასამართლოს უფლება, არამედ სიცოცხლის უფლებაც, რასაც მოწმობს მისი აბსურდული, სამარცხვინო და საზარელი განცხადება", - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.
ის ასევე გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ სააკაშვილის უკრაინელ ადვოკატსა და ჟურნალისტ დიმიტრი გორდონს საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა. ხატია დეკანოიძის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება ხელისუფლების შიშს გამოხატავს.
"ეს გამოხატავს ხელისუფლების შიშს, არ მესმის რა სამართლებრივი საფუძველით არ შემოუშვეს ეს ადამიანები, საქართველოს მეგობრები. სახელმწიფოებრიობის კუთხით ეს არის პირდაპირი გამოხატულება, რომ ქვეყანა გარდაიქმნება ლუკაშენკოს რეჟიმის მსგავს რეჟიმად. წარმოუდგენელია უკრაინის მოქალაქეები არ შემოუშვან საზღვარზე, მძიმეა იმის ყურება, რომ საზღვარზე დაბრკოლება ექმნებათ ჩვენს მეგობრებს", - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.
"ინტერპრესნიუსი"