"ხელისუფლება არის აგონიაში" - როგორ ეხმაურება სუსის განცხადებებს სააკაშვილის ადვოკატი? - კვირის პალიტრა

"ხელისუფლება არის აგონიაში" - როგორ ეხმაურება სუსის განცხადებებს სააკაშვილის ადვოკატი?

უნდათ, რომ ხალხი დაზაფრონ, რათა ხალხი ხვალ არჩევნებზე არ მივიდეს - სუს-ი ჩამდგარია როგორც ყოველთვის "ქართული ოცნების" პოლიტიკურ სამსახურში, - ასე ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ბექა ბასილაია სუს-ის ბრიფინგს.

მისი თქმით, სუს-ის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერები ფაბრიკაციაა.

"ხელისუფლება არის აგონიაში, მსგავსი ფაბრიკაციული საქმეები ჩვენ უკვე ვნახეთ, ეს იყო საბურავების საქმე და შემდეგ თაროზე შემოდეს, შემდეგ ელექტროშოკების საქმე და თაროზე შემოდეს. ამათ უნდათ, რომ ხალხი დაზაფრონ, რათა ხალხი ხვალ არჩევნებზე არ მივიდეს. სუს-ი ჩამდგარია როგორც ყოველთვის "ქართული ოცნების" პოლიტიკურ სამსახურში.

სიმართლე არის ერთი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში შემოვიდა ისე, რომ ერთი ინციდენტიც არ მომხდარა. მიხეილ სააკაშვილის დაკავებისას ვნახეთ, როგორ ღირსეულად შეხვდა ის რიგით პოლიციელებს და არავინ არ დაზარალებულა. მიხეილ სააკაშვილი ერთი თვეა სამარტოო საკანში შიმშილობს და ერთადერთი ადამიანი, ვის ჯანმრთელობასაც ზიანი ადგება და სიცოცხლე რისკის ქვეშ დგას, არის მიხეილ სააკაშვილი. ადამიანი, ვის წინააღმდეგაც ნამდვილად სპეცოპერაციაა დაგეგმილი და ამას ღიად ახმოვანებს პრემიერად წოდებული ღარიბაშვილი, ეს არის მიხეილ სააკაშვილი, რომელ სახელმწიფო გადატრიალებაზეა საუბარი.

რასაც ვუსმინეთ ამის შეფასება რაიმე ტიპის კრიმინალად შეუძლებელია და უფრო მეტიც, ბრიფინგი მოაწყვეს, მოწმედ დავიბარეთ ეს ხალხიო, მოწმედ არ გამოცხადნენ და სასამართლოში უნდა გამოვკითხოთო. ეს არის წმინდა წყლის პროპაგანდისტული ბრიფინგი და ამ ბრიფინგს სამართლებრივი კომპონენტი არ გააჩნდა.

სასამართლომ მსგავს ფაბრიკაციებში მონაწილეობის მიღებას სჯობს მიხეილ სააკაშვილის პროცესები ჩანიშნოს.

ხვალ ქართველი ხალხი არჩევნების გზით დაუსვამს წერტილს საქართველოში ოლიგარქიულ მმართველობას და სუს-ის ვიდეოები და ხალხის დაზაფვრის მცდელობები ვერავითარ შედეგს ვერ მოიტანს", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ინფორმაციისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი სახელმწიფოს დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს. უწყების ცნობით, გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, დგინდება, რომ საქმის ფიგურანტები გეგმავენ გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, მისი გლდანის ნომერ მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ეტაპირებისათვის ხელის შეშლის მიზნით. უწყების მტკიცებით, მათ განზრახული აქვთ აღნიშნული დესტრუქციული მოქმედებების განხორციელებით გამოიწვიონ უკონტროლო სიტუაცია, ქაოსი და შექმნილი ვითარებით ხელი შეუშალონ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ეტაპირების პროცესს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ინტერპრესნიუსი"