"წაგებაც უნდა მიიღოთ მეგობრებო, უნდა აღიაროთ, მოგიწევთ აღიარება, ეს თბილისის არჩევანია" - კვირის პალიტრა

"წაგებაც უნდა მიიღოთ მეგობრებო, უნდა აღიაროთ, მოგიწევთ აღიარება, ეს თბილისის არჩევანია"

ხვალიდან უნდა შევუდგეთ საქმის კეთებას - არ დაუჯეროთ სიცრუეს, რასაც კონკრეტული მედიასაშუალებები ავრცელებენ. ჯერ შეხედეთ, რა სახეებით დგანან, წაგებაც უნდა მიიღოთ მეგობრებო. გამარჯვებაც და წაგების ფასიც უნდა იცოდეთ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ "ფეისბუქ" ჩართვისას განაცხადა.

დედაქალაქის მერმა მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"ძალიან მიხარია, ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რომ მეორედ მომანიჭეთ უფლებამოსილება ეს ქალაქი ვმართო. ყველაფერს გავაკეთებ ჩემ გუნდთან და თანამშრომლებთან ერთად, რომ ის პროექტები, რაზეც ვსაუბრობდით კამპანიის დროს რეალურად ვაქციოთ. განსაკუთრებული მადლობა თითოეულ ჩემს მხარდამჭერს. ძალიან ვაფასებ ამ ყველაფერს. ხვალიდან უნდა შევუდგეთ საქმის კეთებას, იმ პროექტების განხორციელებას, რომელზეც ვსაუბრობდი და დედაქალაქს სჭირდება. გამარჯვება ჩვენს მხარეს არის, ეს არის ღირსეული გამარჯვება, დამაჯერებელი. თბილისმა და თბილისელებმა თავისი სიტყვა თქვეს", -აღნიშნავს კახა კალაძე.

კახა კალაძის თქმით, თბილისის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს კახა კალაძეს და ქალაქის აღმშენებლობას.

" მე, როგორც დედაქალაქის მერი, კამპანიის განმავლობაშიც ვსაუბრობდი და გავიმეორებ, რომ 2017 წლიდან მოყოლებული ვცდილობდი და ყველაფერს ვაკეთებდი, რომ საზოგადოება არ დამეყო პოლიტიკური ნიშნით, ყველას ვეხმარებოდი და გვერდში ვედექი, ასე ვაპირებ ჩემი საქმიანობის გაგრძელებას მომდევნო წლების განმავლობაშიც.

არ დაუჯეროთ სიცრუეს, რასაც კონკრეტული მედიასაშუალებები ავრცელებენ. ჯერ შეხედეთ, რა სახეებით დგანან, წაგებაც უნდა მიიღოთ მეგობრებო. გამარჯვებაც და წაგების ფასიც უნდა იცოდეთ. უნდა აღიაროთ, მოგიწევთ აღიარება. ეს თბილისის არჩევანია, თბილისის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს კახა კალაძეს და ამ ქალაქის აღმშენებლობას, სიმშვიდეს და სტაბილურობას",-აღნიშნავს კალაძე.

"ინტერპრესნიუსი"