"ნეგატიური ემოცია მოქმედებს როგორც ვირუსი!" - კვირის პალიტრა

"ნეგატიური ემოცია მოქმედებს როგორც ვირუსი!"

ადამიანზე ნეგატიური ინფორმაციის მოქმედების სპეციფიკა იქნება დღეს ჩვენი საუბრის თემა ფსიქოლოგ ზურაბ მხეიძესთან.

- ემოცია მართავს ადამიანს. ნეგატიური ემოცია ქმნის უარყოფით მუხტს, უარყოფით განცდებს და ახასიათებს ზრდის ტენდენცია, ანუ როდესაც ადამიანი იღებს ერთ ნეგატიურ ინფორმაციას, ის იზიდავს სხვა მსგავს ნეგატიურ მოვლენებს, მაგალითად, თუ თქვენ რაღაც საქმეზე გასულმა აღმოაჩინეთ, რომ ლიფტი არ მუშაობდა, მერე გაგახსენდათ, რომ შინ რაღაც დაგრჩათ და დაბრუნდით, მერე ტაქსი გვიან გააჩერეთ და საცობში მოხვდით, მიხვედით დანიშნულების ადგილამდე და საბოლოოდ ის საქმე პოზიტიურად გადაწყდა, თქვენ კარგ ხასიათზე ხართ, მაგრამ თუ საქმე ვერ მოაგვარეთ, მაშინ გახსენდებათ, რომ ლიფტი არ მუშაობდა, რაღაც დაგრჩათ, ტაქსი ძლივს გააჩერეთ, საცობში მოყევით... შეიძლება ისიც კი გაგახსენდეთ, რომ მეორე კლასში კლასელმა რვეული დაგიხიათ, მამამ მიგატოვათ, თითი კარში მოგყვათ... ანუ ნეგატიური ემოცია ცნობიერებაში მსგავსი ემოციების თავმოყრას იწვევს. პოზიტიურ განცდას მსგავსი რამ არ ახასიათებს, ანუ თქვენი კარგი განწყობა სხვა პოზიტივს არ იმატებს. მას თითქოს არ სჭირდება გახსენება, კიდევ რა იყო კარგი თქვენს ცხოვრებაში, თქვენთვის ის ერთიც საკმარისია. ნეგატიური ემოცია მოქმედებს როგორც ვირუსი. ის იწყებს გამრავლებას, იზიდავს ყველა ნეგატიურ ინფორმაციას და ადამიანი თავს გრძნობს უფრო უბედურად. მაგალითად, თუ ტელევიზიით მოსმენილი უარყოფითი ინფორმაცია აღიქვით ნეგატიურად, მიუხედავად იმისა, რომ ის თქვენ სულ არ გეხებათ, შეიძლება ნეგატიური ემოციების თავმოყრის პროვოცირება გამოიწვიოს. ეს ის შემთხვევაა, როცა ცუდ ხასიათზე ხართ და არ იცით, რატომ. მასობრივი ინფორმაციების საშუალებებს შეუძლიათ ბევრი კარგი საქმე აკეთონ. შექმნან დადებითი ტენდენციები და მიეხმარონ ხალხს ორიენტირებაში.

მაგალითად, როდესაც ტელევიზიებმა აჩვენეს გადაცემები გია დვალის შესახებ, იმ წელს ფიზიკის ფაკულტეტზე ჩამბარებელთა რიცხვი გაიზარდა. მასმედიას ბევრი კეთილი საქმის გაკეთება შეუძლია, მაგრამ არ უნდათ და არ აკეთებენ.

- იქნებ რეიტინგშია საქმე? - გემოვნების ჩამოყალიბებაა საჭირო. ადამიანის აღზრდისას ფორმირდება ღირებულებათა ნაწილი. ამ ღირებულებებს ქმნის ეკლესია, სახელმწიფო, ოჯახი. თუ ეს ღირებულებები არ ჩამოყალიბდა, ვიღებთ ქაოსს, ანუ მოუწესრიგებელ საზოგადოებას, რომელსაც შიდა მამოძრავებელი ძალა არ აქვს და ფიქრობს მხოლოდ იმაზე, რა არის მოდური. ადამიანი იღებს ყველაფერს, რასაც თავს ახვევენ. ლოურენს კოლბერგი მორალზე მსჯელობისას სამ სტადიას განასხვავებს: პრეკონვენციურს, კონვენციურსა და პოსტკონვენციურს. პრეკონვენციურ სტადიაზე ბავშვს ეუბნები, რა არის კარგი, რა - ცუდი და ის გიჯერებს. კონვენციურ სტადიაზე ადამიანი ხვდება, რომ თუ შენ კარგად მოექცევი, ისიც კარგად უნდა მოგექცეს. პოსტკონვენციური მორალი განვითარების მესამე სტადიაა, როცა მიუხედავად იმისა, სხვები როგორ მოგექცევიან, შენ მაინც კარგად იქცევი, ანუ ამ დროს ადამიანს შინაგანი ღირებულებები მართავს. კოლბერგი აღნიშნავს, რომ ამ სტადიების მიხედვით განსხვავდებიან არა მარტო ადამიანები, არამედ ერებიც კი. რა გამოდის? ბავშვი სწავლობს და გიჯერებს იმიტომ, რომ შენ მისთვის ავტორიტეტი ხარ. მერე ეს ბავშვი იზრდება და ხვდება, რა არის კარგი და რა - ცუდი და რეაგირებს კარგზე კარგად და ცუდზე ცუდად, მესამე სტადიაზე კი უკვე მყარი ღირებულებები აქვს, ზნეობრივად და მორალურად ჩამოყალიბებულია და ცუდზე ცუდად არ რეაგირებს, ანუ მისი პასუხი, ყველაფრის მიუხედავად, მორალური და ღირსეულია. ეს საიდან უნდა მოვიდეს? აღზრდიდან, ჩვენ კი ვამკვიდრებთ მიდგომას, რომ ბავშვს არაფერი არ უნდა ასწავლო, თვითონ უნდა გაიზარდოს, ის თავისუფალი ადამიანია, ეს არ უნდა უთხრა, ის სტერეოტიპია... ასეთი მიდგომით, რა თქმა უნდა, ვიღებთ ქაოსს. კაცობრიობამ ამხელა გზა გაიარა, რომ ადამიანის ფორმირება მომხდარიყო, ჩვენ კი ამ ყველაფერზე უარს ვამბობთ და თავიდან გვინდა ყველაფრის დაწყება. რა გაეწყობა, ვისაც სჯერა, მოიქცეს ასე...

- მედიას დავუბრუნდეთ. ვთქვათ, მკვლელობა მოხდა, არ გავაშუქოთ? - მკვლელობა შეგიძლიათ გააშუქოთ, მაგრამ გააჩნია, ამას როგორ იტყვით. მკვლელობა თავისთავად ნეგატიური მოვლენაა, მაგრამ თუ ვიტყვით, რომ საქართველოში მორიგი მკვლელობა მოხდა, სიტყვა "მორიგი" მიანიშნებს, რომ მოხდა ის, რაც ადრეც ხდებოდა და მომავალშიც მოხდება, ეს კი ნეგატიურ ემოციას აძლიერებს. ეს არის ცდა, მეტი მაყურებელი მყავდეს, მაღალი რეიტინგი მქონდეს, რაც წესიერი საქციელი არ არის.

- ბათუმის ტრაგედიის შემდეგ ყველამ დაიწყო მიშენებებზე საუბარი. დღეს ჩემს საცხოვრებელ კორპუსში მოიწვიეს ექსპერტი და კორპუსის მდგრადობა შეამოწმეს. ეს ნიშნავს, რომ პრობლემა სწორად გაშუქდა? - სამწუხაროდ, რაღაც უნდა მოხდეს, რომ მერე ამა თუ იმ პრობლემაზე ყურადღება გამახვილდეს, თუმცა შემთხვევის მძაფრად გაშუქება იმისთვის, რომ მთავრობამ ან ვინმემ პრობლემას ყურადღება მიაქციოს, ცუდი არ არის. ანუ ადამიანი არ უნდა მოდუნდეს, უნდა იფიქროს, რომ უკონტროლო არაფერია. ეს ფუნქცია კი აქვს მასმედიას, მაგრამ ამავე დროს კონსტრუქციულობა უნდა დამანახო, ანუ უნდა დამარწმუნო, რომ რასაც აკეთებ, აკეთებ იმისთვის, რომ რაღაც გამოსწორდეს. ჩვენთან ასეთ შემთხვევებს აშუქებენ იმისთვის, რომ ხალხი გამოვიდეს და მთავრობა გადააგდოს, ეს კი სამაგიეროს გადახდაა. გვერდიდან რომ შევხედოთ ამ მოვლენებს, დავინახავთ, რომ ერთი დიდი ჯგუფი ეჩხუბება მეორე დიდ ჯგუფს, ის ადამიანები კი, ვისაც ნორმალური, მშვიდი, პოზიტიური ცხოვრება უნდა, ამათ შეჰყურებენ. გინდა არ გინდა, მათ უნდა უყურო. მასმედიაც თითქმის ასეა განაწილებული და ეს დამთრგუნველია.

- არსებობს რეცეპტი, ან ფორმულა ერის, რომელიც ყოველდღიურად იღებს ნეგატივის აბებს? - რეცეპტი არ არის. ყველა ხალხი იმსახურებს იმას, როგორც ცხოვრობს. ჩვენი საზოგადოება ვერ მივიდა იქამდე, რომ უკეთესი გახდეს. დაპირისპირებულ მხარეებს მხარდამჭერები რომ არ ჰყავდეთ, ისინი თავისთავად ვერაფერს შეძლებდნენ და სანამ მათ საზოგადოების მხარდაჭერა ექნებათ, მანამდე სიტუაცია არ შეიცვლება. ასე რომ, რეცეპტი, ალბათ, საზოგადოების გაზრდაა. ცხადია, ფიზიკურ გაზრდას არ ვგულისხმობ...

- ანუ საზოგადოება გულგრილი უნდა იყოს ასეთი ინფორმაციების მიმართ? - საქმე უფრო სხვანაირადაა... როცა საქართველოში ეროვნული მოძრაობა დაიწყო, მსგავსი პროცესები მიმდინარეობდა, მაგალითად, ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვაში. ის ხალხი რომ ჩამოდიოდა ჩვენთან, ძალიან უკვირდათ მიტინგების შინაარსი. უკვირდათ მოთხოვნები: "არ გვინდა", ეს დაინგრეს", "ესენი მოცილდნენ"... გვირჩევდნენ, ეს ყველაფერი შეგიძლიათ, პოზიტიური კონტექსტით ილაპარაკოთო, მაგალითად, "ჩვენ გვინდა მეტი თავისუფლება", ჩვენ გვინდა განვითარება"... თქვენი გამოსვლებით ამბობთ, რომ ყველაფერი უნდა დაანგრიოთ, მაგრამ რა გინდათ, არ ამბობთო, გაოცებული იყვნენ.

ჩვენ მაშინ გამოვაცხადეთ, რომ საბჭოთა ჯარში არ წავიდოდით. ესტონელები გვეუბნებოდნენ, რა სისულელეს აკეთებთ, საბჭოთა ჯარი სანამ არსებობს, უნდა წახვიდეთ, რომ სამხედრო საქმე უფასოდ ისწავლოთ, თან ეგ ჯარი მერე შეიძლება თქვენი იყოს და გეცოდინებათ, რა აკეთოთო. თუ დააკვირდებით, ისინი უფრო პრაგმატულები არიან, ჩვენ კი ემოცია გვმართავს.

რაღაცები ხდება რეზისტენტულად. როცა ერთი იმპულსი დიდხანს მოქმედებს, ის საინტერესო აღარ არის. მაგალითად, 90-იან წლებში თბილისის ქუჩებში ისე ხშირად ისმოდა სროლა, ხალხი ავტომატის ხმაზე აღარ რეაგირებდა.

- იგივე ხდება პანდემიის დროსაც - ყური შეეჩვია, რომ ათობით ადამიანი იღუპება... - დიახ. ზოგიერთმა ტელევიზორის ყურებას თავი დაანება და ასეთები ქუჩაში შედარებით ნორმალური გამომეტყველებით დადიან. საქმე ის არის, რომ დაცვის მექანიზმი ამუშავდა. ადამიანს აღარ უნდა ამდენი ნეგატივის მოსმენა. მე ამ საკითხის სტატისტიკურ ანალიზს ვატარებდი, მართალია, ეს ზუსტი არ იყო, მაგრამ მხოლოდ ონლაინპასუხებით მაინც გავიგე, რომ 64%-მა ტელევიზორის ყურებას თავი დაანება.

- როგორ შეიძლება ბოლო წლების პოლიტიკური სიტუაცია პოზიტიურად გადმოვცეთ, როცა ორი პოლიტიკური პარტია პირველობისთვის იბრძვის? - პარტიები რომ იბრძვიან, ბუნებრივია, მთავარი ის არის, როგორი მეთოდებით იბრძვიან... რა ქნან, რისი საშუალებაც აქვთ, იმას იყენებენ გამარჯვებისთვის. ეს რაღაცები როდემდე იქნება ეფექტური, დამოკიდებულია იმაზე, როდემდე მიიღებს ამას საზოგადოება. სულ მაქვს ასეთი განცდა, რომ თუ სადმე რამე ცუდი არ მოხდა, ჩვენთან ტელევიზიები დაიხურება. ისე შეეჩვივნენ ნეგატივს, სხვაგვარ სიუჟეტს ვერც მოგიმზადებენ. შეეცადეთ, წარმოიდგინოთ, რომ არავინ მოუკლავთ, არ დაუჭრიათ, არც ხანძარი ყოფილა... ვერ წარმომიდგენია, ტელევიზორს რომ ჩავრთავ, რა უნდა ვნახო.

- დასკვნის სახით რა ვთქვათ ისეთი, რომ მკითხველი ნეგატიურად არ განვაწყოთ? - როგორც გითხარით, თუ საზოგადოება გაიზრდება, უკეთესი მოთხოვნები გაუჩნდება და ბევრი რამ შეიცვლება: ტელეეთერებიც, ხელისუფლებაც, პარტიული დაპირისპირების კონიუნქტურაც... თუ დაპირისპირებულ მხარეებს ეცოდინებათ, რომ მათი ქცევა, მათი ბრძოლის მეთოდები საზოგადოებისთვის მიუღებელია და ამით ამომრჩეველს ვერ მოიზიდავენ, იძულებული იქნებიან, შეიცვალონ, ან აღარ იარსებებენ, როგორც პარტიები, მაგრამ თუ ახლანდელი დამოკიდებულებით იღებ იმას, რაც გინდა, რამეს რატომ შეცვლი?