"სასამართლოს კლანს სახე და თავისი პოლიტიკა არ გააჩნია - რასაც ეტყვიან, იმას გააკეთებს" - კვირის პალიტრა

"სასამართლოს კლანს სახე და თავისი პოლიტიკა არ გააჩნია - რასაც ეტყვიან, იმას გააკეთებს"

"იმდენად მახინჯი სისტემაა აწყობილი, რომ გვარების ცვლილებას აზრი არა აქვს. თავისუფლად შეიძლება ჩანაცვლდეს ერთი გვარი მეორით, როგორც მურუსიძის შემთხვევაში მოხდა. მურუსიძე ახლა არავინ არის, მას თავის როლი უკვე შეასრულებინეს"

"კლანისთვის პრემიერი არ არის ავტორიტეტი. ჩანაცვლებადი დეტალია ნებისმიერი მათგანი, ამიტომ ძალაუფლება ერთ პირზე არ არის აგებული. სადაც რომელი რგოლი იქნება საჭირო, ის ჩაერევა", - ამბობს საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი. ძლიერდება თუ არა კლანი და რა პროცესი დაიწყება არჩევნების შემდგომ სასამართლოში, ამ საკითხზე მამუკა ახვლედიანი გვესაუბრება:

- არჩევნების ციებ-ცხელებით სასამართლოს კლანმა სრულად ისარგებლა და უფრო წინ წავიდა - ევროკავშირის არც ერთი მითითება არ შეასრულა. ახლა უკვე იმდენად მახინჯ სტრუქტურადაა ჩამოყალიბებული, სისტემური ცვლილებების გარდა, ვერაფერი გამოასწორებს. ყველა პოზიცია უკავიათ, რაც სჭირდებოდათ. ახლა მხოლოდ მოლოდინში არიან, რომ გააგრძელონ საქმიანობა.

- დღეს ვინ ხელმძღვანელობს კლანს? - ვითომ ჩინჩალაძე, მაგრამ გვარ-სახელებს მნიშვნელობა არა აქვს. იმდენად მახინჯი სისტემაა აწყობილი, რომ გვარების ცვლილებას აზრი არა აქვს. თავისუფლად შეიძლება ჩანაცვლდეს ერთი გვარი მეორით, როგორც მურუსიძის შემთხვევაში მოხდა. მურუსიძე ახლა არავინ არის, მას თავის როლი უკვე შეასრულებინეს.

- მურუსიძე ვინ ჩაანაცვლა?

- საბჭოს სხვა წევრებმა და ზოგჯერ სასამართლოს თავმჯდომარემ, ყველა ერგება ვითარებას. მოქმედებენ მხოლოდ ერთი მიზნით, შეინარჩუნონ ძალაუფლება. ამიტომ იმ სახეს იღებენ, რაც მომენტისთვის არის საჭირო. არ არის განსაზღვრული, რომ აუცილებლად ერთი ლიდერი უნდა ჩანდეს. თუ საჭირო იქნება, ხუთს გამოაჩენენ.

ხელისუფლებისგანაც არა აქვთ წინააღმდეგობა."ოცნება" ყველაფერზე თანახმაა, ხან სიბრიყვით, ხან პოლიტიკური ნებით. ამით სარგებლობს ეს გამოცდილი ჯგუფი და, ფაქტობრივად, ხელში აქვს ჩაგდებული სრული ძალაუფლება.

- ღარიბაშვილს თუ აქვს კლანთან კავშირი? ოპოზოციის მტკიცებით, კლანს კობახიძე და მდინარაძე მფარველობენ. - კობახიძე, მდინარაძე, ჩინჩალაძე და მურუსიძე ერთი ჯგუფია. ღარიბაშვილს ექნება, ალბათ, წვდომა, თუმცა ამის საჭიროება შეიძლება არც ჰქონდეს. მაინც ყველა ერთ მიზანს ემსახურება - ძალაუფლების შენარჩუნებას.

- გასაგებია, მაგრამ გავლენა რამდენად შეიძლება ჰქონდეს კლანის წევრებზე? - ხელისუფლებას კლანზე აქვს გავლენა და ღარიბაშვილი იქნება თუ ვინმე სხვა, მნიშვნელობა არა აქვს. პრემიერი არ არის მათთვის ავტორიტეტი. ჩანაცვლებადი დეტალია ნებისმიერი მათგანი, ამიტომ ძალაუფლება ერთ პირზე არ არის აგებული. სადაც რომელი რგოლი იქნება საჭირო, ის ჩაერევა.

- "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგის მატებამ ხომ არ გაათამამა კლანი? - "ნაციონალური მოძრაობის" დროს სასამართლოს კლანი სულ სხვა მიზანს ემსახურებოდა. ამ ხელისუფლების დროს უსახური ადამიანების სახით ჩამოყალიბდა."ნაციონალების" დროს სულ სხვა მცდელობები იყო, ბევრი რამეც გაკეთდა და ბევრი შეცდომაც დაუშვეს. ახლა კი კლანის გაძლიერება მიმდინარეობს.

თუ კლანი გათამამდა, მაშინ ამ ქვეყნის საშველი აღარ ყოფილა. ნებისმიერი ცვლილების, მით უმეტეს კოალიციური მთავრობის შემთხვევაში, ასეთი ტიპის უსამართლობა და მმართველობა ვეღარ იქნება. სწორედ ამ საშიშროებას გრძნობს ეს ხალხი და თვითგადარჩენაზე ფიქრობს.

ვითარება თუ არ შეიცვალა და სამართალი არ დადგა, ქვეყნის წინსვლა გამორიცხულია.

- მურუსიძემ და ჩინჩალაძემ თავის დროზე უღალატეს "ნაციონალებს" და "ოცნებაში" გადაბარგდნენ. - თუ კიდევ ასე უნდა გადავიდ-გადმოვიდნენ და ასე უნდა ვიცხოვროთ, მაშინ არ ღირს ამ ქვეყანაში არაფერი. დარწმუნებული ვარ, ასე არ იქნება.

ისინი, ვინც დღეს სასამართლოში მუშაობენ, არ უნდა მუშაობდნენ. მათთვის ხელისუფლების შეცვლა ყველაფერს შეცვლის...

- პოლიტიკა გასაგებია, მაგრამ სამართლებრივად, თქვენი აზრით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო სააკაშვილის შესახებ? - კლანს სახე და თავისი პოლიტიკა არ გააჩნია. რასაც ეტყვიან, იმას გააკეთებს. იმასაც ვერ ბედავენ, რომ პროცესი ჩაატარონ. თვეზე მეტია დაკავებული ჰყავთ კაცი. როდესაც ძებნილ პირს აპატიმრებენ, 3-4 დღეში ყოველთვის იმართება პროცესი, სააკაშვილის კი თვეზე მეტია არ ჩატარებულა.

კლანი მარტო სასამართლოში ჩაკეტილი არ არის. უფრო დიდი ჯგუფია და "ოცნებას" აწყობს მისი გაძლიერება. კლანი "ოცნების" წინააღმდეგ მიდის მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსამართლების დანიშვნა-არდანიშვნის საკითხი დგება. მხოლოდ წვრილმან საკითხებზე შეიძლება შეედავონ, პრინციპულ საკითხებზე - არა. როცა ერთი თვის განმავლობაში მოსამართლეებმა, რომლებსაც სააკაშვილის საქმე აწერიათ, პროცესი არ ჩაატარეს, ვის ელოდებიან, როგორ ფიქრობთ? ვფიქრობ, ეს მათი გადაწყვეტილება არ არის - ეს დავალებაა. სამართლიან სასამართლოს ყველა იმსახურებს, მათ შორის სააკაშვილიც.

- თვითმმართველობის არჩევნების შედეგები სასამართლოს ბედის განმსაზღვრელი არ არის, მაგრამ, თქვენი აზრით, 2024 წლამდე ამ კლანით მივალთ?

- ამ ტიპის სისტემით ქვეყანა ვერ გადარჩება, გადარჩება მხოლოდ ძალაუფლებაზე ორიენტირებული სასამართლოს კლანი. ეს უსამართლო სისტემა ერთხელ ძალიან ცუდად ამოხეთქავს. სხვადასხვა სიმართლე ქვეყანაში ვერ იარსებებს. ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს მხოლოდ გამოძიება, არასოდეს არ მიდის საქმე ბოლომდე. ასე გაგრძელება შეუძლებელია, ხალხი დიდხანს ვერ მოითმენს.

თიკო ოსმანოვა