რა ჩვენება მისცა მამუკა არეშიძემ დავითგარეჯას საქმეზე
"მელაშვილი ამ დოკუმენტს ხელს შეუთანხმებლად არ მოაწერდა. თუ შეუთანხმებლად გააკეთა, მაშინ მით უარესი - ეს უკვე სახელმწიფოს ღალატია და კანონში ამის შესაბამისი მუხლი არსებობს. ამ საქმეში ხელისუფლების პოლიტიკური ნება ჩანს, სულ მცირე - საგარეო საქმეთა მინისტრისა და პრეზიდენტის პასუხისმგებლობა იკვეთება..."
თბილისის საქალაქო სასამართლოში დავითგარეჯის საქმეზე პროცესები გრძელდება. შეგახსენებთ, განსასჯელის სკამზე საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა სხედან, რომელთაც ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. ისინი სამართალდამცავებმა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავეს, მიმდინარე წლის 28 იანვარს კი ორივე ბრალდებული სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ამ საქმის შესახებ გასულ კვირას სამი საათის განმავლობაში იკითხებოდა ექსპერტი მამუკა არეშიძე. მისი თქმით, 1999 წლიდან მუშაობდა უსაფრთხოების საკითხებზე, რაც რეგიონული პოლიტიკის ზოგიერთ ნიუანსს, მათ შორის - საზღვრებსაც ეხებოდა. "ტენდენცია, რომ გარეჯაში აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიმოსვლა გახშირდა, ჩემთვის 2007 წელს გახდა ნათელი. მიზეზის ძებნა დავიწყე მაშინდელ ხელისუფლებასთან ურთიერთობით", - აღნიშნა მამუკა არეშიძემ და დასძინა, რომ საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებასთან კითხვები ჰქონდა, თუმცა ვერცერთ კითხვაზე პასუხი ვერ მიიღო.
- ვცდილობდი ხაზი გამესვა გარეჯის მდგომარეობისთვის და არ მაინტერესებს, ვინ არის რეალური დამნაშავე და ვინ - არა. ჩემთვის მელაშვილი და ილიჩოვა კი არ არიან პირველი რიგის დამნაშავეები, არამედ ისინი, ვინც მათ ეს დაავალა და ვინც ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. ილიჩოვა და მელაშვილი პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდნენ, მაგრამ მე მელაშვილთან მაქვს კონკრეტული პრეტენზია: თუკი შენ, ადამიანი, რომელსაც ქვეყანამ ასეთი მნიშვნელოვანი საქმე ჩაგაბარა, ხედავ, რომ საქმე იღუპება და პოლიტიკური ნების მსხვერპლი ხდები, უნდა გამოხვიდე და ეს უნდა თქვა. თუ Uვერ ამბობ, მაშინ საქმეს უნდა ჩამოშორდე და თუ ვერ ჩამოშორდები, მაშინ შენ დამნაშავე ხარ როგორც მორალურად, ისე კანონით.
ილიჩოვაზე ვერაფერს გეტყვით, მისი როლი გამოკვეთილი არ მაქვს, მაგრამ ადამიანი, რომელმაც სახელმწიფო ენა არ იცის, ასეთ საქმეში არ უნდა მონაწილეობდეს. ეს არის მორალური მხარე. სამი საათი გრძელდებოდა ჩემი დაკითხვა. მე ვამბობ, რომ 2006 წლის შემდეგ მდგომარეობა გარეჯის საზღვრის იმ მონაკვეთზე უკიდურესად დამძიმდა. გარეჯის თემაზე გული შემტკიოდა და ბევრჯერ ვარ იქ ნამყოფი ჯერ კიდევ მაშინ, როცა პოლიგონის საკითხთან დაკავშირებით იყო რთული ვითარება. მაშინ იქ დავდიოდი როგორც ჟურნალისტი. ერთ-ერთი აქტიური წყვილი 1988-89 წლებში იყო ირაკლი მახარაძე და მისი მეუღლე, რომელიც ჩემი კურსელის, ზაზა კოლელიშვილის და გახლავთ. ირაკლი მახარაძე დღეს მეუფე დავით ალავერდელია. იმ პერიოდიდან მოყოლებული, ვიცი რა ხდებოდა. მაშინ მთავარი რუსი სამხედროების თემა იყო - როდის გავიდოდნენ იქიდან. პოლიგონის საკითხი ყველას აღელვებდა. 90-იანი წლების პირველ ნახევარში აზერბაიჯანელების მხრიდან არავითარი აქტიურობა არ ყოფილა. მაშინ ჩვენი გუნდის წევრები ბერთუბანში თავისუფლად ჩადიოდნენ. 1995 წელს სახელმწიფო კომისიას უნდა დაედგინა საზღვარი სახელმწიფოებს შორის და კომისიის მუშაობასთან დაკავშირებითაც იყო აქტიურობა... 2006 წელს სიტუაცია დამძიმდა. სასულიერო პირები გვატყობინებდნენ, რომ რთული მდგომარეობა იყო. ყველაფერი ერთ დღეში არ მომხდარა.
გავიხსენოთ ის პერიოდიც, როდესაც კომისიამ 2006-2007 წლებში შუალედური მუშაობა დაასრულა. მაშინ მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ამას ხელი არ მოაწერა საგარეო საქმეთა მაშინდელი მინისტრის, ბეჟუაშვილის მოადგილემ. რატომ არ მოაწერა ხელი? ან საიდან გაჩნდნენ ამ მოლაპარაკების შემდეგ ძალიან მოკლე ვადაში იქ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები? 2007 წელს ჩემი იქ ჩასვლა განაპირობა იმან, რომ საზღვარზე რაღაც შეიცვალა. მაშინ ჩემი თვალით ვნახე, რომ იქ იდგნენ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები, სამი-ოთხი ადამიანი. მაშინ ბერებმა გვითხრეს, ესენი კვირაში ორჯერ მოდიან და მერე მიდიანო. ბუნებრივია, გაჩნდა კითხვები. მესაზღვრეები ჩუმად გამოჩნდნენ და როცა სააკაშვილს საზოგადოების წარმომადგენლებმა ჰკითხეს, რატომ ხდებოდა ეს, მან თქვა ბუნდოვანი ფრაზა - ეს ტერიტორიები არის აზერბაიჯანის, მაგრამ დავითგარეჯა არის საქართველოსიო. მერე იყო საზოგადოების აღშფოთება, აქციები, საპატრიარქოს მკაცრი პოზიცია, მაგრამ ხელისუფლება პასიურობდა, მერე კი უცებ გამოხტნენ ნინო კალანდაძე და ნიკა რურუა და დაიწყეს მტკიცება, რომ ჩიჩხიტურის და უდაბნოს ტერიტორიები არის აზერბაიჯანის ტერიტორია. ბუნებრივია, მაშინაც გაჩნდა ეჭვი, რომ ეს ტერიტორია რაღაცაში იცვლებოდა.
ხელისუფლება სულ ამბობდა, მოლაპარაკებები მიმდინარეობსო... მაშინ უკვე აზერბაიჯანულ სამეცნიერო წრეებშიც გაჩნდა მოსაზრება, რომ ეს არის ალბანური მემკვიდრეობის ძეგლი. მე ვიცოდი რატომაც ხდებოდა ეს ყველაფერი - იმიტომ, რომ მაშინ ყარაბაღის ტერიტორიაზე მდებარე სომხური ეკლესიის საკითხი იყო აქტუალური. აზერბაიჯანული მხარე აპირებდა მსოფლიოსთვის აეხსნა, როგორ აღმოჩნდა ქრისტიანული ძეგლები დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ყარაბაღის სომხური ძეგლებიც, საინგილოში, გარეჯაში თუ სხვაგან მდებარე ქრისტიანული ძეგლებიც ერთი ხელის დაკვრით მიაკუთვნეს ალბანურ კულტურას. წარმატებით იბეჭდებოდა ერთი ცნობილი აზერბაიჯანელის, მუხამედოვის წერილი, რომ აღმოსავლეთ საქართველოს დიდი ნაწილი ალბანეთის შემადგენლობაში იყო. მაშინ ეს მეცნიერების კაპრიზს მივაწერე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს იყო სახელმწიფოს პოლიტიკა, რომელიც ნელ-ნელა მეცნიერების ხელით იმართებოდა. საქართველოს ხელისუფლების აქტიური პოზიცია რომ არ გამოჩნდა, ამიტომ გავაქტიურდით სამოქალაქო საზოგადოების წევრები, იქ კი ცალკე სამეცნიერო ხაზი იწერებოდა და ცალკე - სასაზღვრო დაცვის ხაზი.
მე დავიწყე ამ საკითხის შესწავლა და გაირკვა, რომ 2006 წელს ამ კომისიას შუალედური დასკვნა ჰქონდა მომზადებული. სწორედ ამის მერე შეიცვალა ვითარება, ამან გამოიწვია განსაკუთრებული აგრესია კომისიის მუშაობის მიმართ, რომლის დასკვნა წლების შემდეგ, 2015 წელს წავიკითხე პირველად. რას აწერ ხელს? ხომ ხედავ, წამგებიან პოზიციაშია ქვეყანა და რატომ აწერ ხელს? აი, ეს კითხვა მაქვს ივერი მელაშვილთან.
მელაშვილი ამ დოკუმენტს ხელს შეუთანხმებლად არ მოაწერდა. თუ შეუთანხმებლად გააკეთა, მაშინ მით უარესი - ეს უკვე სახელმწიფოს ღალატია და კანონში ამის შესაბამისი მუხლი არსებობს. ამ საქმეში ხელისუფლების პოლიტიკური ნება ჩანს, სულ მცირე - საგარეო საქმეთა მინისტრისა და პრეზიდენტის პასუხისმგებლობა იკვეთება.
- თავად მელაშვილს თუ ჰქონდა თქვენთან კითხვები?
- დიახ, აინტერესებდა, რატომ არ მომწონს 1942 წლის რუკები. იმიტომ არ მომწონს, რომ იმ რუკების მიხედვით დავითგარეჯის ეს ტერიტორიები არ არის საქართველოს შემადგენლობაში. ასევე მკითხა, როდის შევხვდი მე მას, ვის კაბინეტში, რომელ სართულზე იყო ეს კაბინეტი. მას ეს შეხვედრა არ უარუყვია, ახსენა პიროვნება - დავით ჯალაღონია, მაშინდელი მინისტრის მოადგილე და თქვა, რომ მან შეგვახვედრა ერთმანეთს, მაგრამ მერე, როცა ტელევიზიით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა, თქვა, ეს შეხვედრა არ მახსოვსო... მაშინ მე და ჩემი ჯგუფი რუსეთ-საქართველოს საზღვრებზე ვმუშაობდით, კერძოდ, მამისონის მონაკვეთზე.
მელაშვილს შევხვდით თავის კაბინეტში. ცოტა უხერხულია ჩემგან ამის თქმა, მაგრამ გვაგრძნობინა, რომ ჩვენ არ ვართ კომპეტენტურები და იქიდან წამოვედით ყოველგვარი ინფორმაციის გარეშე. მქონდა შეხება კომისიის ზოგიერთ ყოფილ წევრთანაც. გვარებს ვერ ვიტყვი, თავს შევიკავებ. მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ კომისია, რომელიც ამდენი წელი მუშაობდა, ბარიერის წინაშე აღმოჩნდა და ეს ბარიერი 2006 წლის შუალედური დასკვნა იყო.
იქმნებოდა არაჯანსაღი ვითარება, რომ რაღაც პოლიტიკური გადაწყვეტილება ან მიიღეს, ან უნდა მიეღოთ. 2016 წლიდან მეც მოვინდომე რუკების პოვნაში ჩართვა. გავარკვიე, რომელი რუკა უნდა ყოფილიყო. 1938 წელს გამოშვებული რუკა, რომელსაც აქვს 1:200 000 მასშტაბი. ეს იყო საბჭოთა პერიოდში გამოშვებული სპეციალიზებული რუკები. მქონდა საშუალება, ამ რუკების ძებნა დამეწყო უკრაინის და ყირგიზეთის არქივებში, მაგრამ ვერ მივაგენი. მქონდა ურთიერთობა ადამიანებთან რუსეთშიც, მათ შორის, რუსეთის ჯარის სტრუქტურაში. ლაპარაკი იმაზე კი არ იყო, რუკა მოეცათ, მთავარი იყო, მიეგნოთ, მაგრამ ვერ მიაგნეს. სხვა დოკუმენტები ნაპოვნი იყო, მაგრამ რუკა - არა. ის რუკები, რაც გამოჩნდა ბოლო დროს, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მხარისთვის, მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი - ასეთი ტიპის საქმეს კამპანიურობა არ უყვარს. აბსოლუტურად წამგებიანია, ერთი მხრივ, საზოგადოების ზოგიერთი წევრის განსაკუთრებული აქტიურობა პოლიტიკური მიზნის მისაღწევად და ამ თემის პოლიტიკური სპეკულაციისთვის გამოყენება და მეორე მხრივ, ამ მიმართულებით ხელისუფლების არათანამიმდევრული მუშაობა...
ამ რუკების გამოჩენის შემდეგ აზერბაიჯანულმა მხარემ დრო მოითხოვა მათ შესასწავლად. ეს არის რუკა, რომელსაც ჰქონდა წითელი ბეჭედი და შტამპი. ენ-კა-ვე-დეს დამტკიცებული რუკაა. ასლი ადრეც იყო, მაგრამ დოკუმენტად არ გამოდგებოდა, დედანი იყო საჭირო. ამ რუკებით უნდა ესარგებლა მელაშვილს.
- მივა საქმე ბოლომდე?
- ახლა ძალიან მნიშვნელოვანია აზერბაიჯანის ხელისუფლების პოზიცია. აზერბაიჯანული ხელისუფლება ყარაბაღის ომში თავს გამარჯვებულად გრძნობს, თუმცა ხვალ-ზეგ რა მოხდება, კაცმა არ იცის.