"მერაბიშვილი პირდაპირ ამბობდა, ქართველები ჩმორები არიან, თავზე დაახურეთო. ბოკერია ამბობდა, ჩვენ 60 წელი უნდა ვიყოთო. რაც ძალაუფლება გაუტკბათ, ხალხს გადაუარეს..." - კვირის პალიტრა

"მერაბიშვილი პირდაპირ ამბობდა, ქართველები ჩმორები არიან, თავზე დაახურეთო. ბოკერია ამბობდა, ჩვენ 60 წელი უნდა ვიყოთო. რაც ძალაუფლება გაუტკბათ, ხალხს გადაუარეს..."

"სააკაშვილს ოთხივე კედელზე უნდა დაუკიდონ ტელევიზორები, რომ უცქიროს, რას სჩადიოდნენ ის და მისი დამქაშები"

"ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარტო სანდრო გადაწონის ყველაფერს. ბევრმა არც იცის, რომ მკვლელების შეწყალება არაფერ შუაშია. არ არიან ჩახედული სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში. ევროსასამართლო პირდაპირ ამბობს, რომ სააკაშვილი მფარველობდა დამნაშავეებს, უშუალოდ იყო ჩარეული ამ საქმეში. ეს კაცი იყო თავშიც და ბოლოშიც, მან შეუწყო ხელი ამ საქმის დაფარვას", - ამბობს თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ყველაზე გახმაურებული კრიმინალური საქმის მსხვერპლის, სანდრო გირგვლიანის მამა გურამ გირგვლიანი "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სანდრო გირგვლიანის საქმეზე 4 წლის ვადით პატიმრობა მიუსაჯა. სააკაშვილს სასჯელი "ამნისტიის შესახებ" კანონის საფუძველზე შეუმცირდა და საპატიმრო ვადა 3 წლის ვადით განესაზღვრა. მას ბრალად ედებოდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ თავისთვის და სხვისთვის გამორჩენის და უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური პირების უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

- ვფიქრობ, სააკაშვილის თემა სპეციალურად შემოაგდეს, მიშაც შემოგდებულია, ამის მიზანი კი არეულობა იყო. ვინ რას დაჰპირდა სააკაშვილს, როგორ და რატომ, ეს არ ვიცი.

ცხოვრებაში არ მინახავს მშიშარა ადამიანი ასე უცებ გმირი გამხდარიყოს, თან ასეთ ვითარებაში და ამ ფორმით შემოპარვა ძალიან სასაცილოა... წლებია, გაიძახოდა, მოვდივარ, მოვდივარო. მშიშარა რომ არ იყოს, პირდაპირ ჩამოვიდოდა. თუ კაცი ხარ და მაგარი, ასეთი სულელური გზით რატომ შემოდიხარ?

ან უკრაინამ როგორ ვერ გაიგო, ამხელა სახელმწიფო მოხელე ქვეყნიდან რომ გავიდა, ვიღაცა ხომ არ იყო, ეძებნათ მაინც, იქნებ რამე დაემართა? დაუკვირდით, აქ რაები გააკეთა: ხან ბათუმიდან ჩაერთო, ხან პარლამენტის შენობასთან იყო, ხან კანცელარიასთან. ამით გვითხრა, მიყურეთ, თავისუფლად ვგულაობო. ალბათ, აქ უთხრეს, ყველაფერი კარგად იქნება, ოღონდ შენ ჩამოდიო.

მაინც მგონია, ყველას, მთელ მსოფლიოს, ამ კაცის მოშორება უნდა. როგორც ჩანს, მიშა უკრაინასაც ყელში ამოუვიდა. მგონი, ეს მისი ბოლო გაფართხალებაა. ახლა თავს იკლავს იმაზე, სადღაც სამოქალაქო კლინიკაში მოხვდეს. ალბათ, მერე რამდენიმე ათას კაცს გამოიყვანენ და მიცვივდებიან იმ კლინიკაში.

- როცა მხარდამჭერები მის პოლიტპატიმრობაზე საუბრობენ, ამაზე რა აზრის ხართ? - სააკაშვილია პოლიტპატიმარი? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარტო სანდრო გადაწონის ყველაფერს. ბევრმა არც იცის, რომ მკვლელების შეწყალება არაფერ შუაშია. არ არიან ჩახედული სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში. ევროსასამართლო პირდაპირ ამბობს, რომ სააკაშვილი ეხმარებოდა და მფარველობდა დამნაშავეებს, უშუალოდ იყო ჩარეული ამ საქმეში. ეს კაცი იყო თავშიც და ბოლოშიც. მან შეუწყო ხელი ამ საქმის დაფარვას. ასჯერ მითქვამს, პირველ რიგში თაკო სალაყაიამ, მერაბიშვილის ცოლმა, თუ არ აგო პასუხი დანაშაულზე, დანარჩენზე ლაპარაკი სისულელეა. ვინც იყო დაჭერილი და დაჰკითხეს, ყველამ ხელი სალაყაიას დაადო. თქვეს, რომ დათა ახალაიამ მისი მითითებით და ბრძანებით დაავალა სხვებს სანდროს დასჯა. ირინა ამისთვის იბრძოდა, დამნაშავეების დასჯისთვის, ამაზეა ლაპარაკი, სხვა კი არაფერზე. რა შუაშია შეწყალება?

- ევროსასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის მსჯავრდადებულთა მიმართ "არაკეთილგონივრული შემწყნარებლობაც" გააკრიტიკა, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, დაკავებულებს 2008 წელს სასჯელი გაუნახევრდათ, 2009 წელს კი ოთხივე ვადაზე ადრე გაათავისუფლეს... - ნებისმიერ პრეზიდენტს შეუძლია შეიწყალოს ის, ვინც სურს, სულაც 100 კაცი რომ ჰყავდეს მოკლული, კანონი აძლევს ამის უფლებას. უბრალოდ, ის ვერ გაიგეს, რატომაა სააკაშვილი სანდროს საქმესთან კავშირში. კი ბატონო, მათაც წაიღონ ეს საქმე სტრასბურგში და მოიგონ ისე, როგორც ჩვენ მოვიგეთ. სამჯერ გადადეს "ნაციონალებმა" ეს პროცესი, რადგან იცოდნენ წააგებდნენ. სტრასბურგმა თქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტი და ყველა ერთად ხმაშეწყობილად მოქმედებდნენ იმ მიზნისთვის, რომ შემზარავი მკვლელობის საქმისთვის არავინ დასჯილიყო.

რეჟიმის შექმნაში ვადანაშაულებ სააკაშვილს, რომლისთვისაც ადამიანების დაშინება, ცემა-ტყეპა და სიკვდილი არაფერი იყო. თაკო სალაყაიასთვის პირველი შემთხვევა არ იყო ვიღაცების გალახვის ბრძანება მერაბიშვილის მოადგილეებისთვის. მისი ერთადერთი მიზანი იყო სანდროს დასჯა. სანდროს არც ვამართლებ, რა რეპლიკაც თქვა იმ გოგოზე, ვინც სუფრასთან ჰყავდა. ის სიტყვა არც არავის გაუგონია. სანდრო იქ არავის იცნობდა, გურამ დონაძის გარდა, ისიც ტელევიზორში ჰყავდა ნანახი. სანდრომ მას ესროლა რეპლიკა და ეს ვერ აიტანეს. დამნაშავე თუ იყო, სხვა მეთოდით დაესაჯათ? ასეთი დონის მაღალჩინოსნები ისხდნენ იქ, გამოეყვანათ გარეთ, ან ეცემათ, ან რა ვიცი... ის კი პირდაპირ სასაფლაოზე გააქანეს.

მერე რა შეთხზეს - გირგვლიანი გადავარდა, გისოსებს წამოეგოო. თურმე 12 წვრილი ნასერი რომ ჰქონდა ყელზე, ის გისოსებისგან ჰქონდა... დღესაც არ გამომიძიებია, ამდენი ხნის მერეც არ ვიცი, უშუალოდ ვინ იყო სანდროს მკვლელი. ამაზე გამოძიება მიდის თუ არა, ესეც არ ვიცი. საკითხი ბოლომდე არ მიჰყავთ და არა მარტო სანდროსი. ეს იცით, რისი ბრალია? სასამართლო სისტემაში "ნაციონალების" ჩანერგილი ხალხია.

წინააღმდეგი ვიყავი მურუსიძის დანიშვნის და ეს ვუთხარი პრეზიდენტ მარგველაშვილს, როცა გარდაცვალების შემდეგ ირინა თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა.

- მურუსიძემ განაცხადა, წლების განმავლობაში აბსოლუტურად დაუმსახურებლად მაკრიტიკებენ და ახლაც რომ მომიწიოს სანდრო გირგვლიანის მსგავსი საქმის განხილვამ, ისევ იმავე გადაწყვეტილებას მოვაწერდი ხელსო... - მურუსიძე, კოჭლამაზაშვილი და დანარჩენები არიან კრიმინალები. მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლედ რომ გაამწესეს, პასუხს უნდა აგებდეს სანდროს საქმეზე. გაიხედეთ, რამდენი არიან, დღესაც თბილად სხედან თანამდებობებზე. ყოველთვის მათი წინააღმდეგი ვიქნები.

- რომ არ იყოთ, ის იქნებოდა საკვირველი, ოჯახის წევრი აღარ დაგრჩათ ცოცხალი... - მე ისიც არ ვიცი, რას მოითხოვს სააკაშვილი, რატომ შიმშილობს. მინდა ქართველი ხალხი გავათავისუფლოო... რომელი ქართველი ხალხის გათავისუფლება უნდა? ჩემი გათავისუფლება? იმათი, ციხეებში რომ ამოალპო? ქუჩაში და გინდაც ისე რომ დახოცა, იმათი? ვინც გაყვლიფა და შიშველი დატოვა, იმათი? მოკლული ბიჭების ძაძებიანი მშობლების და ოჯახების გათავისუფლება უნდა?

- მაინც მგონია, სიკვდილისთვის ვერ გაიმეტებდით... - ცხოვრებაში მსგავსი რამ არასოდეს მითქვამს და არც მიფიქრია სააკაშვილზე და არც ერთზე, ვინც ჩემი შვილი გაიმეტა. ახლა მიშას დედა ტირის, ანგელოზივით შვილი მყავს, აქ სახლები გავყიდე, წავედი და უკრაინაში, კიევში ავუშენე სახლიო, ამბობს. მე რა ვთქვა, ერთადერთი შვილი რომ აღარ მყავს?

თუ გადახედავთ, მე სანდრო არ გამიმართლებია იმ საქმეში, ვერსად ნახავთ, ვამართლებდე, მაინც მოხდა პატარა ინციდენტი, მაგრამ როგორც მას მოექცნენ, არ იმსახურებდა...

მერაბიშვილი პირდაპირ ამბობდა, ქართველები ჩმორები არიან, თავზე დაახურეთო. ესენი კომუნისტური პარტიის გადმონაშთები არიან. ძალიან კარგად ჰქონდათ გადმოღებული კომპარტიის მეთოდები და მაღალ დონეზე იყენებდნენ. თავის დროზე როგორც გვაჩმორებდა კომუნისტური პარტია, ისე გვაჩმორებდნენ ეგენიც. ბოკერიას სიტყვები ავიღოთ, ჩვენ 60 წელი უნდა ვიყოთო, რომ თქვა. 60 წელი იყო კომპარტიაც. როცა მოვიდნენ, მაშინ არა, მას შემდეგ, რაც ძალაუფლება გაუტკბათ, ხალხს გადაუარეს.

- მათ ხელისუფლებაში მობრუნებას უშვებთ?

- ეს არასოდეს მოხდება. ჩვენ ბევრი ვართ. მშვიდობა და სიწყნარე გვინდა. ყველაზე მეტად გული მწყდება ბავშვებზე, თუ ამ პოლიტიკურ ფონზე გაიზრდებიან, თუ ქაოსი არ დამთავრდა, სულ ასე იქნებიან. 27 ოქტომბრის აქცია გამოხატულება იყო იმისა, რამდენად ვერ იტანს საზოგადოების უმრავლესობა "ნაციონალებს".

- წარმოიდგენდით სააკაშვილს ციხეში? რას შეუთვლიდით ექსპრეზიდენტს?

- კი, როგორ არ წარმოვიდგენდი... სააკაშვილს ოთხივე კედელზე უნდა დაუკიდონ ტელევიზორები და ყველა მათგანში აჩვენონ მისი პერიოდი, უცქიროს, რას სჩადიოდნენ ის და მისი დამქაშები. მარტო იმას კი არ უნდა უყუროს, ზუგდიდში რა კარგად ვართ და ქუთაისშიო, მიდით, რა მაგრები ხართო. გაახელს თუ არა თვალს, სულ თავის ვიდეოკადრებს უნდა უყურებდეს, დაუკიდონ და ძალით აყურებინონ ყოველდღე. ეს იმიტომ კი არა, რომ მიხვდება რაღაცას... თავიდან რა პლუსებიც ჰქონდა, კი ბატონო, ეგეც გვახსოვს. ჰიტლერი თავიდან ცუდი კი არ იყო, მანაც კარგად დაიწყო, გზებიც დააგო და ააყვავა გერმანია, მაგრამ როგორც კი ამბიციები გაუჩნდა, სხვა რელსზე გადავიდა და ყველაფერს გადაუარა, უბრალოდ, მას მიშასგან განსხვავებით, უფრო დიდი მასშტაბები ჰქონდა.

- სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილმა რომ შეიწყალოს, რას იტყვით, როგორი იქნება თქვენი რეაქცია? - გარედან თუ რაიმე ზეწოლა არ იქნა, პრეზიდენტი სააკაშვილს არ შეიწყალებს, გამორიცხულია. მან თქვა, ჩემგან არ არსებობს შეწყალებაო. იმავეს ამბობს პრემიერიც... თუ რამე ზეწოლა იქნა, არაფერია გამორიცხული. ეს კი საცოდაობაა, აი, ესაა პატარა ქვეყანა და მისი ბედი.

- როგორ მიდის თქვენი ცხოვრება სანდროს და ირინას გარეშე? - ჩემმა სანდრომ და ირინამ გააკეთეს ის, რაც არავის გაუკეთებია. მათ რეჟიმი შეარყიეს. რამდენ რამეს იტყვიან, გაგეცინება კაცს. ვინ არის გირგვლიანი, ერთი ბანდიტი, ხულიგანიო, ესეც ხომ თქვა ზოგიერთმა. მე რომ ამას ავყვე, ყოველდღე გაზეთებსა და ტელევიზიებში უნდა ვიყო და პასუხები გავცე ვიღაცებს. მათ დონემდე ვერ დავალ, სად შემიძლია მათი აყოლა, ისინი ამაზე სპეციალურად მუშაობენ. ილაპარაკონ, რაც უნდათ. დამღალა იმან, რომ მაინცდამაინც მაშინ დაიწყებენ მათ ხსენებას, როცა სჭირდებათ. არც ეს მომწონს - სანდრო-ირინა, ირინა-სანდრო... ზოგს ისიც ჰგონია, მილიონერი ვარ, ცოლიც მოვიყვანე და 5 შვილიც მყავს, ის კი არ იციან, როგორ დავრჩი მარტო, აგერ, უკვე 15 წელიწადია. იმასაც ამბობენ, გურამ გირგვლიანი ოქროში ზისო და ამას ავყვე? წადი და ვიღაცა პავლეს უხსენი და უმტკიცე, რას ამბობ, ასე არააო.

დღეს სანდროს ბიჭებთან, მეგობრებთან ვურთიერთობ და ისინი მატანინებენ. ავდივართ სვანეთში, სანდროს და ირინას სახელზე სახლი მაქვს გაკეთებული, სადაც ხანდახან შეხვედრები და ღონისძიებები ტარდება. ფონდიც გავაკეთე, უკვე 5 წელია საქართველოს ჩემპიონ მოთხილამურეებს (პატარებში) ფულადი პრემიებით ვახალისებთ, მაგრამ პანდემიამ შეაჩერა ყველაფერი. ფონდი სტრასბურგში მოგებული საქმის თანხით დავაარსე, თორემ მე საიდან მაქვს ამდენი. 2011 წელს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ სახელმწიფოს დაზარალებულთა სასარგებლოდ 50 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. ალბათ, ამიტომ ჰგონიათ, მილიონერი ვარ და ფული სად წავიღო, არ ვიცი. ვინც იცის, იცის, დანარჩენებს რა ველაპარაკო და ავუხსნა?