"მე და ჩემმა ძმამ ცოტნემ, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიების გამო ვიშიმშილეთ. ორწელიწად-ნახევარია გასული და პროცესი არ იძვრის"
გამუდმებული რყევებით სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენება ჩვენს პოლიტიკოსებს ისე აქვთ შესისხლხორცებული, ეს მდგომარეობა ქართული პოლიტიკის ბუნებრივ ორიენტაციადაც შეიძლება მივიჩნიოთ, ანუ ვიფიქროთ, რომ ქართული პოლიტიკა ეს არის და სამუდამოდ ასეთად დარჩება. სახელმწიფოს მუდმივი რყევა და მასთან გადაჯაჭვული ეკონომიკური მოვლენები საზოგადოებას უმძიმეს მდგომარეობაში აყენებს, აიძულებს ცხოვრება სტრესში, უპერსპექტივობისა და ქვეყნის დამხობის მოლოდინში გაატაროს, ეს კი ქვეყანას მომავლის იმედს უკარგავს. ამ და სხვა საკითხებზე ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ვაჟს, პოლიტიკოსს და არაერთი სამეცნიერო შრომის ავტორს, კონსტანტინე გამსახურდიას ვესაუბრეთ. ის ამჟამად საქართველოს საელჩოს დესპანია გერმანიაში:
- მტერი მუშაობს და კოლოსალური თანხაც იხარჯება. დასავლეთის უნივერსიტეტები, პოლიტიკური მეცნიერების წარმომადგენლები მუდმივად იკვლევენ კრემლის ანტიდასავლურ მედიაკამპანიას, რომელიც დასავლეთის მედიასაშუალებებში კრემლის ინტერესებს უწევს პროპაგანდას. სწორედ ახლახან გამოქვეყნდა ინგლისის კარდიფის უნივერსიტეტის კვლევა, რომელმაც 16 ქვეყნის 32 მედიასაშუალებაში რუსული პროპაგანდის 242 სტატია აღმოაჩინა. შთაბეჭდილებისთვის დავასახელებ იმ ვებგვერდებს, სადაც ეს სტატიები გამოქვეყნდა. მათ შორის არის: ბრიტანული The Times, The Daily Mail და Daily Express, ამერიკული Fox News და Washington Post, ფრანგული Le Figaro, გერმანული Der Spiegel და Die Welt, ასევე - იტალიური La Stampa და ა.შ.
ახლა ისიც წარმოვიდგინოთ, როგორ ზეგავლენას ახდენს ეს პროპაგანდა ჩვენი საზოგადოების ნაწილზე. ისედაც ხომ ბევრი ჩვენგანი ჩაბმულია უამრავ მიკროომში, რომლებიც სხვადასხვა ანტითემაზე მიმდინარეობს, მათ შორის ანტიამერიკულ, ანტიევროპულ, ანტითურქულ-აზერბაიჯანულ და ა.შ. კამპანიებში. ამასთან ერთად, აქტიურია ანტიჰესების, ანტივაქსერების, საქართველოს ისტორიის გმობის კამპანიები. მათთან ერთად ცოცხლობს სტალინიზმის, ეროვნული მოძრაობის ლანძღვის, "666"-ის და ა.შ. კამპანიები. თუ ეს კამპანიები, ერთი შეხედვით და ნაწილობრივ, გამოხატავს საზოგადოების სიფხიზლეს და მზადყოფნას, ჩაერთოს პროცესებში, მეორე მხრივ, დაპირისპირების იმ ზღვრამდე მიდის, რომლის მიღმა უკვე სიძულვილი და ზიზღია. ამასთან, ღრმაა ის პოლიტიკური დაპირისპირება, რომელიც სახელმწიფოს არყევს. ამას დავუმატოთ ისიც, რომ რყევა ახლა არ დაწყებულა, ის ათეული წლების განმავლობაში ანგრევს ქართულ სახელმწიფოსა და მის ცნობიერებას. 1990-იან წლებში პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლა ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლებასთან დაპირისპირება მოჰყვა. დღეს გვაქვს ამჟამინდელი ხელისუფლებისა და ოპოზიციის პოლიტიკური დაპირისპირება, რომელიც სახელმწიფოს გამუდმებით არყევს, ხოლო კრიზისის მაპროვოცირებელი ნებისმიერი არჩევნები ხდება. სახელმწიფოს და მის ადმინისტრაციულ ორგანოებს საქმის კეთების საშუალება აღარ აქვთ, ვეღარ იცლიან და სახელმწიფო ვეღარ ვითარდება. შესაბამისად, ეს ყველაფერი თითოეულ მოქალაქეზე უარყოფითად აისახება. მათ შორის პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეს დავასახელებდი.
მე და ჩემმა ძმამ, ცოტნემ, სწორედ ამ საქმის გადაკვალიფიცირებისა და გამოძიების გამო ვიშიმშილეთ. გამოძიება ხუთი წლის განმავლობაში უნდა წარმართულიყო, თუმცა ორწელიწად-ნახევარია გასული და პროცესი არ იძვრის. როდესაც მეკითხებიან, ასე რატომ ხდებაო, ვპასუხობ, რომ პოლიტიკური ვითარება სახელმწიფოს ამ საქმის წარმართვის საშუალებას არ აძლევს. მსგავსი ვითარებაა სხვა სფეროებშიც. ეს ვის შეიძლება მოეწონოს? მხოლოდ ჩვენს მტერს!
- ყველაფერი, რაც ჩვენს გარშემო ხდება, მტრის გეგმის განხორციელებაა? ნუთუ ასეთი პრიმიტიულია ჩვენი ცნობიერება, რომ ამ დაპირისპირების შეჩერება არ შეგვიძლია? - საზოგადოება ფხიზლად არის, ამჟღავნებს მზადყოფნას და ყველაფერზე რეაგირებს, თუმცა, მეორე მხრივ, აშკარაა განათლების დეფიციტი და დაუფიქრებლობა, რის გამოც დაპირისპირება პრიმიტიულ დონეზე ისე სწრაფად და გაუაზრებლად იწყება, რომ პროცესი ხშირად სიძულვილში გადაიზრდება და უმართავი ხდება, რაც მრავალმხრივ ფრაგენტაციას უფრო აღრმავებს.
- გეთანხმებით. სხვადასხვა ანტითემაზე კამათი ხშირად ჩხუბში გადადის. - ჰოდა, სწორედ ეს არის მტრის გეგმა - გვანაწევრებს, რათა გვმართოს. თანაც იცის ჩვენი ხასიათი - რომ უმეტესობას მყისიერად შეგვიძლია იმ დაპირისპირების კლიშეების მიღება, რომლებიც ჩვენზე იმოქმედებს. ეს, გარკვეულად, ჩვენს ისტორიასთან არის დაკავშირებული.
კრემლსა და რუსეთის იმპერიაში მსგავსი გეგმები დღეს ხომ არ იწერება? მათ ამის ხანგრძლივი გამოცდილება აქვთ! ამ ყველაფრის "შესრუტვის" ხელშემწყობად და გამაძლიერებლად ჩვენი ქვეყნის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაც გვევლინება. ეკონომიკურ გასაჭირში მყოფი ადამიანი ვეღარ ფიქრობს, რას უმზადებენ, რადგან ფიქრისთვის არც სურვილი აქვს, არც დრო.
- თქვენ ხშირად აღნიშნავთ, რომ დადგება დრო, როდესაც აფხაზეთიც და სამაჩაბლოც ისევე გაერთიანდება თავის ქვეყანასთან, როგორც გერმანია გაერთიანდა, მაგრამ ამისთვის ოპოზიციამ აგრესიულობაზე უარი უნდა თქვას. - სწორედ ასეა. ცხადია, პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს ფერებას ვერ დაუწყებენ, მაგრამ ოპონენტში მტრის ხატის დანახვა გერმანული (და ევროპული) მენტალიტეტისთვის ისეთი უცხოა, რომ პარტიებმა დოქტრინებიც კი შეცვალეს. მაგალითად, დღეს გერმანიაში ისევ არსებობს კომუნისტური, ანუ სოციალ-დემოკრატიული პარტია, რომელმაც შური და სიძულვილი, მეტოქეში ბოროტი საწყისის დანახვა დღის წესრიგიდან ამოიღო. ჩვენში პოლიტიკური ბრძოლისას ერთი ძალა მზად არის, მეორე ძალა ნებისმიერი უზნეო მეთოდით დაუყოვნებლივ გაანადგუროს. ეს არც დემოკრატიაა და არც - თავისუფლება. თავისუფლება პირადი ეგოს დემონსტრირება არ გახლავთ. ასე ჩვენ ვერაფერს დავიბრუნებთ.
- ვფიქრობ, პოლიტიკოსებს საზოგადოების ნაწილიც უკვეთავს აგრესიას. ფიქრობენ, რომ სტალინის მსგავსი მმართველი საჭიროა და დავით აღმაშენებელმაც იმიტომ შექმნა ძლიერი სახელმწიფო, რომ ხალხს ქუსლები დააჭრა და ძელზე გასვა. დასჯის მძიმე მეთოდების გამო სურთ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის დაბრუნებაც. - ეს საზოგადოების აგრესიული ნაწილის მოთხოვნაა და არა - მთელი საზოგადოების, რაც მიუთითებს, რომ ჩვენს საზოგადოებაში დაგროვილია აგრესია. სახელმწიფოს ჩამოყალიბების ასეთი ყალბი კლიშეები სათავეს იღებს სტალინური, ტირანული მმართველობიდან, თუმცა მსგავსი დიქტატურის სახელმწიფოს ხანგრძლივობა არ უწერია. სწორედ ამიტომაც აღწერა კონსტანტინე გამსახურდიამ თავის ტრილოგიაში ისეთი დავით აღმაშენებელი, რომელიც სტალინური ტირანიის საპირისპირო ძალაა.
ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ტრილოგიის პირველი ორი წიგნი სტალინს არ მოსწონდა. დავითი ქრისტიანული ღირებულებებით იბრძოდა. მტრის წინააღმდეგ მედგრად შემტევი, მაგრამ არა - ტირანი საკუთარი ხალხისა. აბა, მაჩვენეთ, სად წერია, რომელ ისტორიულ წყაროში, რომ დავითმა ხალხს ქუსლები დააჭრა ან ძელზე გასვა? ამ მეთოდს, გადმოცემით, იყენებდა ჯადოქრობის მისტიკაში გახვეული დრაკულა - ძელზე გასმა ადამიანის წამახვილებულ სარზე დასმას ნიშნავს, როცა ორგანიზმში სარი ბოლომდე გაივლიდა, ვიდრე ნიკაპთან ამოვიდოდა. ნუთუ ამ მეთოდებით შეიძლება საკუთარი ხალხის მართვა? სინამდვილეში დავითმა ყველაზე დიდი მტერი ლიპარიტ ბაღვაშიც კი არ დასაჯა სიკვდილით, ბიზანტიაში გააძევა. ჩვენს ისტორიაში მართლაც იყო სახელმწიფოს მოწინააღმდეგეთა მიმართ ნულოვანი ტოლერანტობა, მათ შორის, გიორგი მესამის მხრიდან, თუმცა ეს ფაქტები ღრმად გასააზრებელია და არა დაუფიქრებლად წამოსასროლი.
- ჩვენი საზოგადოების მრავალმხრივი დაპირისპირების ხილვა ფსიქიკისთვის ძნელი აღსაქმელია, სოციალურ მედიასა და რეალობაში აგრესიულობა დომინანტია. ამას გავუძლებთ? - სახელმწიფო ორგანოებს შეუძლიათ, საჭიროების შემთხვევაში ყველა დაპირისპირება კანონით აღკვეთონ. დაპირისპირება სახიფათოდ იქცევა მაშინ, როცა ის საფრთხეს უქმნის სახელმწიფო ორგანოებს და მიზანმიმართულად იწვევს სახელმწიფოს ჩამოშლას. ამ დროს დაპირისპირებული ჯგუფები გამოდიან ქუჩაში და ეპატრონებიან სახელმწიფო ინსტიტუციებს. არსებობს საზოგადოების ნაწილი, რომელიც მუდამ მზად არის ამ პროცესებში მონაწილეობისთვის. მაგალითად, არსებობენ ძალები, რომლებიც რუსეთთან შეიარაღებული კონფლიქტის მომხრე არიან. ეჭვიც არ უნდა შეგვეპაროს, რომ ისინი მრავალ თანამოაზრეს იპოვიან, რასაც საზოგადოებაში დაბუდებული სტრესი შეუწყობს ხელს. პირდაპირ ვიტყვი, რომ ბოლო საუკუნეში ჩვენში სოციოკულტურული დაავადების გავრცელებამ იჩინა თავი.
- ანუ ყოფიერებამ შექმნა ცნობიერება? - რა თქმა უნდა, და პირიქითაც...
საზოგადოების ნაწილი, რომელიც გავლენას ახდენს ქვეყანაზე, არის მართვადი. ამ ნაწილს, პირდაპირ ვიტყვი, შეუძლია ბრიყვულად სწრაფად აიტაცოს დაპირისპირების მაპროვოცირებელი ლოზუნგები და სერიოზულად ჩაერთოს მასობრივ დაპირისპირებაში, რყევების უკან კი დგანან ჭკვიანი ნაძირალები, რომელთაც ზნეობის დეფიციტი აქვთ, მაგრამ არ აკლიათ ჭკუა და გონება. ეს ნაძირალები ნგრევის გასაჩაღებლად, მერწმუნეთ, ყველაფერს აკეთებენ. ნიშანდობლივია, რომ ისინი ხშირად არც კი ჩანან საზოგადოების ასპარეზზე, თავიანთ მიზნებს სასარგებლო იდიოტების შეგროვებით ახორციელებენ. ჩვენისთანა სუსტ სახელმწიფოში ისინი პოულობენ ნაწილობრივ სიმართლეს იდეების განსახორციელებლად, რითაც დამაჯერებლობას იძენენ...