"როცა კაცი დამნაშავე და ბოროტმოქმედია, პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე" - კვირის პალიტრა

"როცა კაცი დამნაშავე და ბოროტმოქმედია, პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე"

ცნობილი კინომსახიობი იმედა კახიანი "კვირის პალიტრის" სტუმარია და თავის შეხედულებებს გვიზიარებს.

- ძალიან რთული პერიოდია. ახლა საჭიროა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, მივუტევოთ, მაგრამ არის რაღაცები, რაზეც ლაპარაკი არ შეიძლება. როცა ჩანს, რომ კაცი დამნაშავე და ბოროტმოქმედია, ის პოლიტიკაში კი არ უნდა იყოს, არამედ პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე.

- ვის გულისხმობთ? - სააკაშვილსაც, რა თქმა უნდა. ადამიანი ძნელად წარმოიდგენს იმას, რაც წინა ხელისუფლების დროს ციხეებში თუ ციხის გარეთ ხდებოდა. ჰიტლერი რომ ჰიტლერია, მამაკაცის გაუპატიურება მის დროსაც არ ხდებოდა. მაშინ მოკალი და დაასრულე! რა ფასი აქვს იმის ცხოვრებას?! ახლა ვიღაცები გამოდიან და კიდევ მხარს უჭერენ...

ასეთ ხალხთან კოაბიტაცია არ შეიძლება! მთელ მსოფლიოში დადიან და აგინებენ საქართველოს, რომ აქ არ შეიძლება ინვესტიციების შემოტანა, რომ ხალხი ყაჩაღი და ბოროტია... ხომ არ შეიძლება, ყველაფერი იკადრო?! ასე არ უცხოვრია ქართველ კაცს... თავის დროზეც ვამბობდი, რა კოაბიტაცია, მოდი, ნორმალური სასამართლო შევქმნათ, თუ ჩვენს მოსამართლეებს არ ვენდობით, უცხოეთიდან მოვიწვიოთ და გავარკვიოთ, ვინ რა დააშავა-მეთქი, მაგრამ მგონია, ეს კოაბიტაციაც შემოგდებული იყო... არ შეიძლება ოპოზიციის გარეშე, მაგრამ ოპოზიციაც ქვეყანაზე უნდა ზრუნავდეს და არა იმაზე, როგორ შევიდეს პარლამენტში, რომ მოპარული ფული დამალოს.

პოლიტიკოსობას სწავლა, განათლება, გამოცდილება უნდა, აქ კი, ვინც ქუჩაში დარბოდა და საქართველო, საქართველოო, იძახდა, ყველა პოლიტიკოსია. ასე მეც შეიძლება ვიძახო, პოლიტიკოსი ვარ-მეთქი, მაგრამ ვარ?! 19 წლიდან ვმუშაობ, მაგრამ როგორ გავბედავ და ვიტყვი, რომ მე უნდა ვიყო მთავრობაში. გეფიცებით, იყო დრო, როცა მეხვეწებოდნენ, პარტიაში გაწევრდი და პარლამენტში შემოდიო, მაგრამ მე რა მინდა პარლამენტში?! როცა მეტყვიან, ხელი ავწიო და როცა მეტყვიან, დავწიო? და რომ კარგი პენსია დამენიშნოს? 85 წლის ვხდები და კარგად ვიცი, რა არის ფასეული, რა არის დანაშაული. ამაზე თვალს ვერ დავხუჭავ. დიდი მებრძოლი და მეომარიც არ ვარ, თუმცა "ოცნების" აქციაზე მაინც წავედი. იქაც ვიყავი, ფუნიკულიორზე კალაძე მერობის კანდიდატად რომ წარადგინეს. იქ ვიღაც ჟურნალისტები მომცვივდნენ, არ გერიდებათ, მის მხარდამჭერად რომ მოხვედითო? რატომ უნდა მერიდებოდეს, გამაგებინეთ! ამ ბიჭს ბავშვობიდან ვიცნობ. რასაც მიაღწია, თავისი შრომით მიაღწია. ვიცი, როგორ სწავლობდა, როგორი ბეჯითი იყო, როგორ ვარჯიშობდა. მახსოვს, უკრაინაში რომ თამაშობდა კახა, მამამისი ჩამოვიდა და მიყვებოდა, ლაბანოვსკიმ (კიევის "დინამოს" მწვრთნელი) მითხრა, მთელი დატვირთვით რომ ვივარჯიშებთ და სპორტსმენები ძლივს მიდიან დასასვენებლად, კახა რჩება და კიდევ ვარჯიშობსო. ასეთი თავგადაკლული იყო ყველაფერში. შეიძლება ქალაქის მართვაში კიდევ მეტი გვინდოდეს, მაგრამ რასაც აკეთებს, ქვეყნისა და ქალაქის სიყვარულით აკეთებს.

- სააკაშვილის დანაშაულზე რომ ლაპარაკობენ, ხშირად იხსენებენ 26 მაისს. მაშინ აღლუმზე ნინი ბადურაშვილმა საქართველოს ჰიმნი იმღერა. როგორ გაიხსენებთ იმ პერიოდს?

- ნინი მოვიდა და მკითხა, ბაბუ, მითხრეს, ჰიმნი იმღერე და რა ვქნაო. იცოდა, მე არ ვუჭერდი მხარს არც სააკაშვილს და არც მის აღლუმს. ვუთხარი, წადი, ბაბუ და იმღერე, ჰიმნი სააკაშვილის კი არა, საქართველოსია-მეთქი. მერე მოსკოვში დაუძახეს ვიღაცებს, ნინიც იყო, იქ იმღერეს ემიგრანტებისთვის და ატყდა ერთი ამბავი, მოსკოვში როგორ უნდა იმღეროო. აბა, რა ვქნათ, ვეომოთ რუსეთს? და მოვუგებთ? მე ვიცი, რომ ქართველი კაცი მათთვის ყოველთვის მისაბაძი იყო. ქართული კინო იყო რენესანსი საბჭოთა წყობილების დროს. ქართული კინოს ფენომენი ცალკე ჩამოყალიბდა, როგორც ფრანგული, ამერიკული კინოსი. ასე იყო სპორტში, მეცნიერებაში... სხვა რა გვაქვს, რითი გააკვირვებ მსოფლიოს? სააკაშვილი კი მოვიდა და თითქმის ყველა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი გააუქმა, არადა ჩვენი მეცნიერება, კულტურა, ხელოვნება, ისტორია სამაგალითო იყო ყველასთვის. ვიღაც იყო ჩამოსული, ამერიკაში ფილმები უნდა წაგვეღო და "სამანიშვილის დედინაცვალი" შეარჩიეს. პირველი ჩვენება ერთ-ერთ დიდ უნივერსიტეტში გაიმართა. ძალიან ვღელავდი, ვფიქრობდი, პლატონ სამანიშვილის პრობლემა ამერიკელმა როგორ უნდა გაიგოს-მეთქი? დაიწყო ფილმი და ვხედავ, რომ რეაქციები ძალიან ზუსტია - სადაც აქაურები იცინოდნენ, ისინიც იცინიან, სადღაც ტაშიც დაუკრეს, სადღაც ყურადღებით ისმენდნენ. კიდევ ბევრ უნივერსიტეტში ვაჩვენეთ ეს ფილმი და ყველგან გვეკითხებოდნენ, ვინ ხართ, რუსები არა ხართო? ვუხსნიდით, რომ ეს არის შავიზღვისპირა ჯორჯია, რომ ჩვენ ქართველები ვართ, რომ ჩვენი ენა და დამწერლობა გვაქვს. ხელოვნება გაძლევს საშუალებას, შენი ქვეყანა მსოფლიოს გააცნო. "ერისიონის" კონცერტზე ამერიკაში ხალხი ფეხზე იდგა და ისე უკრავდა ტაშს! ქართული ჭიდაობაც ხომ ასეთი გამორჩეულია!.. შენი თავის იმედი უნდა გქონდეს და იცხოვრო გონივრულად. ერთმანეთს ყური უნდა დავუგდოთ, მოვეფეროთ, სიყვარულით მოვექცეთ და არა - მტრულად.