რუსეთს "კოვიდის" ახალი შტამი უტევს - კვირის პალიტრა

რუსეთს "კოვიდის" ახალი შტამი უტევს

"ყოველდღიურად ასობით პაციენტი შემოჰყავთ, უმეტესობა ბავშვია"

რუსეთში "კოვიდ"-19-ით ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი რეკორდულად მაღალია. 26 ოქტომბრის მონაცემებით, ინფიცირების 39 930, ხოლო გარდაცვალების 1200-ზე მეტი ახალი შემთხვევაა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთისთვის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. რუსული მედიის ცნობით, ვითარება ბევრად მძიმეა, ვიდრე ოფიციალური წყაროები იტყობინებიან.

ხელისუფლების განცხადებით, ეს მძიმე ვითარება იმის შედეგია, რომ მოსახლეობა რუსული ვაქცინით აცრაზე უარს ამბობს. შესაბამისად, კრემლი ახალი კოვიდშეზღუდვების გამოცხადებას გეგმავს, მით უმეტეს, რომ გავრცელდა წინა შტამებთან შედარებით უფრო გადამდები "კოვიდ-19"-ის ახალი ვარიანტი, დელტა-პლუსი. მას უკვე მიანიჭეს სახელი: AY.4.2

კრემლის განცხადებით, ვირუსის პრევენციისთვის კოვიდშეზღუდვების გამკაცრების გარდა, სხვა მექანიზმი აღარ დარჩა.

როგორც მოსკოვის სამედიცინო კლინიკა "Здоровье"-ს რეანიმატოლოგმა ნატა მიმინოშვილმა "კვირის პალიტრას" აცნობა, კრემლი მალავს რეალურ მონაცემებს. ამასთან, ბევრი არ ან ვერ იკეთებს ტესტს და ვერ სარგებლობს დროული სამედიცინო მომსახურებით, უამრავი პაციენტი ჰოსპიტალში უკვე მძიმე მდგომარეობით ხვდება.

- ახლა ყველა სამედიცინო დაწესებულება კოვიდჰოსპიტლად არის გადაკეთებული. მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში კონტროლი და აღრიცხვა შედარებით მკაცრია, სტატისტიკაც სანდო, მაგრამ უმძიმესი სურათია რეგიონებში. განსაკუთრებით კრასნოდარის მხარეში, სადაც საავადმყოფოები გადავსებულია. იმავეს ველოდებით უახლოეს ხანებში მოსკოვის სამედიცინო დაწესებულებებშიც, რადგან ყოველდღიურად ასობით პაციენტი შემოჰყავთ, უმეტესობა ბავშვია. ვინაიდან ჩვენი საავადმყოფო საბიუჯეტოა, პატარა პაციენტები ძირითადად, საშუალო ფენას წარმოადგენენ, ან ინტერნატებსა და უპატრონო ბავშვთა სახლებში ცხოვრობენ. იქ, ფაქტობრივად, არ არსებობს სრულფასოვანი ჰიგიენის, კვების, საერთოდ, ცხოვრების პირობები. ამიტომ ყველანაირი ვირუსი, განსაკუთრებით კი დელტა-პლუსი ძალიან სწრაფად ვრცელდება. კიდევ ერთი ფაქტორი - სხვადასხვა მიზეზის გამო ბავშვებს დაბალი იმუნიტეტი აქვთ. მათ არა აქვთ სრულფასოვანი კვება, ამიტომ ორგანიზმი ნაკლებად მებრძოლია, მალე ცივდებიან ან სხვებისგან გადაედებათ სეზონური ვირუსი.

ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა პირბადეს არ ატარებს. ამიტომაც მათი დაინფიცირების შემთხვევა მეტია. სკოლა-ინტერნატებსა და ბავშვთა სახლებში გრიპიანი და სხვა ვირუსის მქონე ბავშვები საერთო სივრცეში ჰყავთ. ამიტომ გავრცელების ალბათობაც მეტია. ერთ ღამეში 12 ბავშვი მოგვიყვანეს.

- რა სიმპტომები აქვთ?

- ზოგს მაღალი სიცხე, თავის მწვავე ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, გაბმული ხველება და ბრონქების ანთება აქვს - ეს საწყისი ეტაპია... საბედნიეროდ, ბავშვებს უფრო მსუბუქად გადააქვთ. ჯერ დაზუსტებით არ ვიცით, ეს ახალი ვარიანტია თუ ბოლოს შემოყვანილი პაციენტები სეზონურ გრიპსა და დელტა-ვარიანტს ერთდროულად ებრძვიან.

რაღაც უფრო მწვავეს ვებრძვით, ვიდრე "კოვიდ-19", ბრიტანული შტამი ან დელტა იყო. სრულწლოვან პაციენტებს პირველ-მეორე დღეს გაცივების კლასიკური სიმპტომები, მაღალი სიცხე, მტვრევა, საერთო სისუსტე, ზოგჯერ გულისრევის შეგრძნება ან კუნთების ტკივილი აწუხებთ. შემდგომ დღეებში ემატება სუნთქვის გაძნელება, გონების დაბინდვა, ხერხემლის ხაზში ან მუცლის ღრუში გაუსაძლისი ტკივილი. ზოგჯერ სუნთქვის აპარატს უნებლიეთ იხსნიან, ამიტომ სანიტრები თავზე ადგანან. ცხადია, ყველას ვერ გააკონტროლებენ, სამედიცინო რესურსი ამოუწურავი არ არის, მით უფრო საბიუჯეტო ორგანიზაციებში, მწირი ანაზღაურება აქვთ და მოტივაციაც დაბალია. მოკლედ, რუსეთის ჯანდაცვის სისტემას ისედაც ჰქონდა პრობლემები, პანდემიამ კი უფრო გაამწვავა. ასე რომ, თავგანწირვას ვერც რამდენიმე ღამენათევ ექთანს მოსთხოვ და ვერც სანიტარს, რომელიც ხშირად პაციენტებისგან ნაჩუქარი ფულით არსებობს. სახელმწიფო დაწესებულებებში კორუფცია ყვავის და გამონაკლისი არც ჯანდაცვის სფეროა.

ზოგჯერ უცებ დამძიმებული, არაადეკვატური პაციენტი იგლეჯს ჟანგბადის აპარატს და იგუდება. რამდენიმემ გვითხრა, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ენას ვყლაპავო. ისინი, ვინც მძიმე დღეები უკვე გამოიარეს, ამბობენ, რომ ბევრი რამ ნაწყვეტ-ნაწყვეტ, არეულად ახსოვთ. ამიტომაც ვფიქრობთ ექიმები, რომ "კოვიდის" თითქმის ყველა შტამი აისახება მეხსიერებაზე, განსაკუთრებით დელტა-ვარიანტი.

- სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია როგორ მიმდინარეობს?

- ძალიან ცოტა ენდობა "სპუტნიკს", ამიტომ გავრცელდა სხვა ქვეყნებში ყალბი კოვიდ-პასპორტით გადასვლა, სადაც იცრებიან კიდეც. ამას ვაქცინის ტურიზმი შეარქვეს. იქ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დამტკიცებული ვაქცინით ურჩევნიათ აცრა. სახელმწიფო სექტორში დასაქმებული ზოგი მედმუშაკი "სპუტნიკით" აიცრა, მაგრამ სხვა ქვეყანაში სხვა აცრებიც გაიკეთა. მე ბელგიაში მიწევდა წასვლა და "ფაიზერით" აცრის შესაძლებლობა გამოვიყენე. ვიცი, რომ ჩემი რამდენიმე კოლეგა საქართველოშიც ჩამოვიდა ტურისტად და აიცრა. რუსეთში ძალიან ძლიერია ანტივაქსერული კამპანია, მათ შორის ექიმებშიც. მე ვიცნობ სამედიცინო პერსონალს, რომელსაც სჯერა, რომ აცრილები ათ წელიწადში დავიხოცებით და იმავეს ეუბნებიან პაციენტებსაც. შესაბამისად, ისინიც არ იცრებიან. ერთი ანტივაქსერი დაგვეღუპა კიდეც. ქართველი ანტივაქსერი პაციენტიც გვყავდა, სამი შვილის დედა, რომელიც გადარჩა, თუმცა რამდენიმედღიანი მაღალი სიცხისგან პროგრესირებადი სიყრუე დარჩა.

"სპუტნიკით" აცრილები ამბობენ, რომ დაცული არიან, მოუწიათ ინფიცირებულთა წრეში ყოფნამ, მაგრამ არ დავირუსდნენ. "სპუტნიკით" აიცრნენ შეიარაღებული ძალებისა და ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები. როგორც ვიცი, ვირუსი იმ სტრუქტურებშიც მძვინვარებს.

როგორც ამბობენ, მორგიდან მალულად გატანილი ცხედრების დიდი წილი მიუსაფარ ადამიანებსა და მოხუცთა თავშესაფრებზე მოდის. ამ მძიმე სურათის მიუხედავად, მოსახლეობის ერთ ნაწილს დღემდე არ სჯერა "კოვიდის" და ისევ "შეთქმულების თეორიებზე" მსჯელობენ - თითქოს მასონებს კაცობრიობის გამოხშირვა სურთ.

ზოგი ვირუსის ახალი შტამის შემოტანას უცხოეთიდან შემოსულებს აბრალებს. ეს კატეგორია სკინჰედებს ჰგავს - თუ ეს უკანასკნელები სხვა ქვეყნიდან ჩამოსულებს ებრძვიან, ეს ჯგუფი მათ უსწორდება ფიზიკურად, ვინც უპირატესობას უცხოურ სამედიცინო მომსახურებას ან ვაქცინაციას ანიჭებს. კრემლის კონტროლირებადი მედია ირწმუნება, რომ დელტა-პლუსი ჯერ ბრიტანეთში გავრცელდა, იქიდან კი ავსტრალიაში, კანადაში, ისრაელსა და რუსეთში. ამიტომ მოსახლეობაც კოვიდ-ტურისტებთან აგრესიულია. როგორც სოციალურ ქსელში დაწერეს, რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც ტაქსის დახვდნენ და უცხოელ მგზავრებს სცემეს.

- კოვიდრეგულაციები როგორ აისახა ხალხის ჯიბეზე?

- მოსახლეობა ყველაზე მეტად სწორედ რეგულაციებს, შეზღუდვებსა და აკრძალვებს ვერ იტანს. ჰგონიათ, ეს მათ სამართავად მოიფიქრეს, რათა ქუჩაში გამოსვლა და გაპროტესტება ვერ შეძლონ. მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის განკარგულებით, 60 წელზე ზემოთ, ასევე ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებს საცხოვრებელი ადგილის დატოვება ოთხი თვის განმავლობაში, 2022 წლის 22 თებერვლამდე ეზღუდებათ, რუსებს კი სეირნობა ძალიან უყვართ და ამის გამო მერი მწვავედ გააკრიტიკეს. სხვა პრობლემაც არის - ეს ვითარება ალკოდამოკიდებულებას გაზრდის. სობიანინმა დამსაქმებლებს მოუწოდა თანამშრომლების 30% მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანონ, რაც თითქმის ყველა სფეროში ხელფასის შემცირებას გამოიწვევს. ყოველდღიურად ძვირდება ცხოვრება, კვება, მედიკამენტები, საცხოვრებელი, ახლა კი, ლოკდაუნის გამოცხადების კვალდაკვალ, სურსათზე ტალონების შემოღებაზეც ლაპარაკობენ.

- ტალონებით ვინ ისარგებლებს, პენსიონერები? - ეს ჯერ ვარაუდია, არაფერი გადაწყვეტილა. თუ ლოკდაუნი გამოცხადდა, ოთხი თვის განმავლობაში მოსახლეობის გაჭირვებულ ფენას ტალონები უნდა დაურიგდეს და არა ფინანსური დახმარება, რადგან შესაძლოა ფული სასმელზე ან სხვა რამეზე დახარჯონ, ტალონზე კი კონკრეტული კვების რაციონის პროგრამა ჩაიტვირთება, რომელსაც სურსათის მაღაზიებში გაანაღდებენ. ცხადია, არავის სჯერა, რომ ტალონების სისტემა გაამართლებს, რადგან, როგორც მოგახსენეთ, რუსეთში კორუფცია ყვავის.

ლალი პაპასკირი