მსოფლიოს ცნობილი დიქტატორები - კვირის პალიტრა

მსოფლიოს ცნობილი დიქტატორები

"აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყვნის, დიდი ადამიანები თითქმის ყოველთვის ცუდები არიან", - ამტკიცებდა ცნობილი ინგლისელი ისტორიკოსი ლორდ აქტონი. კაცობრიობის ისტორია არაერთ ლიდერს იცნობს, რომელიც დიდმა ძალაუფლებამ კატასტროფამდე მიიყვანა...

ბოკასა - ექსცენტრიკული კანიბალი

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი, "მეოცე საუკუნის ყველაზე ექსცენტრიკული დიქტატორი" ჟან ბედელ ბოკასა ქვეყანას 1966-1979 წლებში მართავდა. სახელმწიფო გადატრიალებით მოსულმა ბოკასამ თავი იმპერატორად გამოაცხადა და იმპერატორივით ცხოვრობდა: მის გვირგვინს ორი ათასი ბრილიანტი ამშვენებდა და ეს "სიამოვნება" ქვეყნის ბიუჯეტს 5 მილიონი ამერიკული დოლარი დაუჯდა. საიმპერატორო ტახტი, რომელსაც არწივის ფორმა ჰქონდა, სუფთა ოქროსგან იყო დამზადებული. ფეხსაცმელი, რომელიც ბოკასას იმპერატორად კურთხევის ცერემონიალზე ეცვა, გინესის წიგნში შეიტანეს როგორც ყველაზე ძვირად ღირებული მთელ მსოფლიოში. თვითმხილველების თქმით, ეს ცერემონიალი ძალიან ჰგავდა ნაპოლეონის იმპერატორად კურთხევას, რადგან ახალგამომცხვარი იმპერატორის კერპი სწორედ ნაპოლეონი იყო. "იმპერატორს" 17 ოფიციალური ცოლი და 77 შვილი ჰყავდა, თუმცა ყველაზე ცუდი, რაც მას სჭირდა, კანიბალიზმი იყო. 1979 წელს ამბობდნენ, რომ ერთ-ერთ შეკრებაზე ბოკასა მინისტრებს ყოფილი კოლეგის ხორცით გაუმასპინძლდა, რომ მას ყველაზე მეტად თავისი მტრებისა და ლამაზი ქალების ხორცი მოსწონდა. ის ამ "დელიკატესით" უცხოელ დიპლომატებსაც უმასპინძლდებოდა. საბოლოოდ ბოკასა დააკავეს და ბრალად დასდეს სახელმწიფო ღალატი, მკვლელობა, კანიბალიზმი და სახელმწიფო ქონების გაფლანგვა. თავდაპირველად სიკვდილი მიუსაჯეს, შემდეგ კი განაჩენი 20-წლიანი პატიმრობით შეუცვალეს, რამდენიმე წლის შემდეგ კი ამნისტიით გაათავისუფლეს. ბოკასა 1996 წლის ნოემბერში, ინფარქტით გარდაიცვალა.

რუმინელი დიქტატორის ვნებები

1989 წლის დეკემბერში რუმინელებმა ჩამოაგდეს დიქტატორი, რომელიც ქვეყანას მეოთხედი საუკუნის განმავლობაში მართავდა: მისი მოწინააღმდეგეები ამტკიცებდნენ, რომ ნიკოლაე ჩაუშესკუმ ხალხს ნამდვილი გენოციდი მოუწყო.

1974 წელს ჩაუშესკუმ საკუთარი თავი სამუდამო პრეზიდენტად გამოაცხადა. ნეპოტიზმი მისი რეჟიმის მთავარი ატრიბუტი გახლდათ: მეუღლე, ელენა ჩაუშესკუ, პრემიერ-მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშნა მაშინ, როცა პრეზიდენტიც თავად იყო და პრემიერ-მინისტრიც. მისი წყალობით, ევროპის ერთ-ერთი უმდიდრესი სახელმწიფო ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყნად იქცა. ჩაუშესკუ ქვეყნის ბიუჯეტს დაუფარავად ფლანგავდა: ოჯახისთვის რუმინეთის სხვადასხვა ადგილას ძვირფასი სასახლეები ააგეს, ყველას მარმარილოს უნიტაზები, უნიკალური ავეჯი და ჭურჭელი ამშვენებდა. ჩაუშესკუ უამრავ საჩუქარს იღებდა სოციალისტური ქვეყნების ლიდერებისგან: ძვირფას გრავიურებს, სპილოს ძვლის ქანდაკებებს და იშვიათ წიგნებს. პრეზიდენტს ემსახურებოდა მდიდრული ავტობუსი, სადაც იყო საძინებელი და მისაღები ოთახები, ორი სამზარეულო, ბუფეტი, კაბინეტი, სააბაზანო და საპირფარეშო... ცოლ-ქმარს სიკვდილის პანიკური შიში ჰქონდა. მოწამვლის შიშით ჩაუშესკუ ყოველდღე ახალ თეთრეულს, კოსტიუმებს და ფეხსაცმელს იცვამდა. მის ულუფას საგანგებოდ ამოწმებდნენ. ჩაუშესკუს საშინლად არ უყვარდა ხელის ჩამორთმევა და თუ მაინც მოუწევდა, მის თანაშემწეს მუდამ თან ჰქონდა სპირტიანი ბოთლი, რომ დიქტატორს ხელი დაებანა. ნიკოლაე ჩაუშესკუ გატაცებული იყო რომაელი იმპერატორების ცხოვრებით და განსაკუთრებით კალიგულა უყვარდა, რომელმაც თავის ცხენს სენატორის წოდება მიანიჭა. ისიც არ ჩამორჩა და თავის საყვარელ ძაღლს კორბუს რუმინეთის არმიის პოლკოვნიკის წოდება უბოძა. კორბუს საკუთარი ლიმუზინი ჰყავდა და ესკორტით გადაადგილდებოდა. მას ჰქონდა ძვირფასი აპარტამენტი საძინებლით, აბაზანით, ტელევიზორითა და ტელეფონით.

თანდათან რუმინელი ხალხის მოთმინების ფიალა აივსო, ჩაუშესკუს მოწინააღმდეგეები ქუჩაში გამოვიდნენ და მღელვარე ხალხის შეჩერება არმიამ და პოლიციამაც ვეღარ შეძლეს. ჩაუშესკუ და მისი ცოლი იძულებული გახდნენ ვერტმფრენით გაქცეულიყვნენ, თუმცა ქალაქ ტირგოვიტში დააკავეს. ცოლ-ქმარი მეორე დღესვე - 1989 წლის 25 დეკემბერს დახვრიტეს.

შეუპოვარი ბედუინი

მუამარ კადაფის ახლო აღმოსავლეთის ყველაზე დღეგრძელ დიქტატორს უწოდებდნენ. მისი 42-წლიანი მმართველობა სკანდალებით იყო სავსე. კადაფი მსოფლიოს შეუპოვარი ხასიათით, ექსცენტრიკულობით და ეგზოტიკური ჩაცმულობით დაამახსოვრდა. ბიჭი, რომელიც წერა-კითხვის უცოდინარი ბედუინის ოჯახში გაიზარდა, ლიბიის სათავეში უსისხლო გადატრიალებით მოვიდა, ცოტა ხანში კი ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი გახდა. ლიბიას სასტიკი რეპრესიული აპარატის მეშვეობით მართავდა და აშკარად უპირისპირდებოდა ამერიკელებს. ამის გამო აშშ-ის პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა კადაფის "ცოფიანი ძაღლი" უწოდა. ამერიკული ავიაცია მის ქალაქებს ბომბავდა, მაგრამ კადაფიმ ძალაუფლება მაინც შეინარჩუნა.

ლიბიელ დიქტატორს ათეულობით ძვირფასი სასახლე და რეზიდენცია ჰქონდა, მაგრამ ბედუინების კარვით მიდიოდა ყველგან: რომში, პარიზში დოჰაში... ასეთ კარვებში მართავდა უმაღლესი დონის შეხვედრებსა და ვიზიტებს. ერთ-ერთი ვიზიტისას კადაფიმ ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკთანაც მოითხოვა კარვის გაშლა, თუმცა თხოვნაზე უარი მიიღო. რეპრესიებისა და ოპოზიციის დევნის გარდა, კადაფი მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებასაც ცდილობდა, მაგრამ ლიბიის მოსახლეობის დიდი ნაწილი მაინც სიღარიბეში ცხოვრობდა. ამ მიზეზების გამო კადაფის ლიბიაში ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა, 2011 წლის მარტში ისინი აჯანყდნენ, იმავდროულად, ნატომ ლიბიის დაბომბვა დაიწყო. კადაფის დასუსტებული რეჟიმისთვის ეს სასიკვდილო განაჩენი იყო. აჯანყებულებმა მშობლიურ ქალაქ სირტში, მშენებლობაზე დამალული ყოფილი დიქტატორი შეიპყრეს და დასაჯეს. მუამარ კადაფის შეპყრობის ვიდეოფირმა მთელი მსოფლიო მოიარა და ყველა დაარწმუნა, რომ უსასრულო ძალაუფლება არ არსებობს.

ხათუნა ჩიგოგიძე