ვინ არიან ამიშები და როგორ გააჩერეს მათ დრო XIX საუკუნეში
წინა საუკუნეებში მოგზაურობა თუ გნებავთ, ამისთვის არც ფილმია საჭირო და არც - ინტერნეტში ფოტოების მოძიება. მხოლოდ ამერიკის კონტინენტზე მოგზაურობა, კონკრეტულად კი - პენსილვანიის შტატში ჩასვლა დაგჭირდებათ, სადაც თქვენ თვალწინ ნამდვილი XIX საუკუნე გაცოცხლდება. დაუჯერებელია, თუმცა რეალობაა, რომ ამიშების დასახლება ცხოვრობს ისე, როგორც XIX საუკუნეში: მაშინდელი სამოსი, ინტერნეტტექნოლოგიების უგულებელყოფა, საკომუნიკაციო საშუალებების არარსებობა და ტრანსპორტის აკრძალვაც კი."საერთაშორისო მედიამ არაერთი სტატია მიუძღვნა ამიშებს. ჩვენც ვეცდებით, უფრო ახლოს გაგაცნოთ ეს უცნაური და საინტერესო ხალხი.
საიდან გაჩნდნენ ამიშები?
300 წლის წინ პენსილვანიის შტატში, ფილადელფიიდან რამდენიმე საათის სავალზე, ამიშების პირველი დასახლებები გაჩნდა, თუმცა ისტორია 1525 წელს შვეიცარიაში დაიწყო. ახალგაზრდა რეფორმატორებმა ციურიხში (შვეიცარია) ერთმანეთის მონათვლით რელიგიური ხელისუფლება განარისხეს. იმ დროისათვის ზრდასრული ადამიანის ხელახლა მონათვლა დანაშაული იყო, რომელიც სიკვდილით ისჯებოდა. ახალგაზრდა რეფორმატორებს ოპონენტებმა "ანაბაპტისტები" ან ხელმეორედ მონათლულები უწოდეს. რელიგიური განხეთქილების შემდეგ შვეიცარიელების ნაწილმა და ალზასელმა ანაბაპტისტებმა, იაკობ ამანის ხელმძღვანელობით, ახალი სექტა ჩამოაყალიბეს. სწორედ ამანის პატივსაცემად ეწოდა სექტას ამიშური ეკლესია. პენსილვანიელი ამიშებისთვის ოჯახი წმინდათაწმინდად ითვლება, 7-10 შვილი ოჯახისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. ეს განაპირობებს ამიშების რაოდენობის ზრდას. ხშირად ოჯახის 4-5 ბავშვი ეკლესიაში მსახურობს. ამიშები უარს ამბობენ სოციალურ დახმარებასა და მოხუცთა თავშესაფრებზე.

განსხვავებული ჩაცმულობა
ამიშების ჩაცმის დამახასიათებელი სტილი მათი რწმენისა და სამყაროსთან სოციალური განშორების ყველაზე აშკარა გამოვლინებაა. ეს მაჩვენებელია ამიშების ერთგულებისა და იდენტურობისა. ჩაცმულობა სტანდარტებისადმი მორჩილების სურვილსაც გამოხატავს. ამიშ ქალებს სამკაულის მოხმარება და დაპრინტული სამოსის ჩაცმა ეკრძალებათ. სახლში და თავიანთ გარემოცვაში გერმანულ დიალექტზე ლაპარაკობენ, რომელიც წლების წინ გერმანიიდან ჩასული ამიშებისგან დამკვიდრდა. ამ დიალექტის გამოყენება ხელს უწყობს ამიშების მჭიდრო კავშირს და, რა თქმა უნდა, განაცალკევებს მათ გარე სამყაროსგან, თუმცა ამიში ბავშვები სკოლაში ინგლისურ ენას სწავლობენ, ღვთისმსახურებისთვის კი - გერმანულს.
პროტესტი ელექტროენერგიას!
აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგიისადმი ამიშების პროტესტი მსოფლიოსგან მათი გამოყოფის ერთ-ერთი საჯარო სიმბოლო გახდა. ამიშები მიიჩნევენ, რომ ელექტროსადგურები და კომუნალური ხაზები გარე სამყაროსთან პირდაპირ და იდუმალ კავშირს ამყარებენ, ამიტომ მათგან გამომუშავებული ენერგიის გამოყენება აკრძალულია. ეს არის ერთგვარი პროტესტი ახალი ელექტრომოწყობილობების (რადიოები, ტელევიზორები, კომპიუტერი, ტექნიკა და სხვა) მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი კომუნალური ხაზებით გამომუშავებული 110-ვოლტიანი ენერგია აკრძალულია, 12-ვოლტიანი ბატარეების გამოყენება ნებადართულია, რადგან არ არის დაკავშირებული გარე სამყაროსთან. ინდუსტრიის, ფერმერული აღჭურვილობისა და ზოგიერთი საყოფაცხოვრებო ტექნიკის განსავითარებლად პენსილვანიის ამიშები ჰაერის ან ჰიდრავლიკურ ძრავებს იყენებენ. ამ წნევის გამოყენება შეიძლება ისეთი საყოფაცხოვრებო ტექნიკის ასამუშავებლად, როგორიც არის სარეცხი და საკერავი მანქანები, მაგრამ არა - უფრო მცირე ზომის ტექნიკის, მაგალითად, ტანსაცმლის საშრობის, ტოსტერის, მიკროტალღური ღუმელის, ტელევიზორისათვის. სახლებისა და მაღაზიების გასანათებლად ამიშები იყენებენ გაზის ფარნებს, რომელთაც კედლებზე ან ჭერზე ამაგრებენ. ამიშები, ისევე როგორც ამერიკის სხვა მოქალაქეები, იხდიან ყველა გადასახადს, გარდა სოციალური უზრუნველყოფისა. გაზაფხულიდან შემოდგომამდე ამიშების დასახლებები ტურისტებით ივსება. მიუხედავად იმისა, რომ ამიშებს არ მოსწონთ გარე სამყაროსთან კონტაქტი, ტურისტების ინტერესი ისეთი იყო, რომ მათ ააშენეს სპეციალური ფერმა, სადაც ჩამოსულებს უყვებიან თავიანთ ცხოვრებაზე, ფასეულობებზე და ეტლით ასეირნებენ. ამიშები დილიდან საღამომდე ფერმებში მუშაობენ. მათ პატარა მაღაზიებში ბევრნაირი ხელნაკეთი ნივთია, რომლებსაც თავად ქმნიან. ამიშებს შორის ბევრი დურგალი და ხელოსანია, შესაბამისად, ისინი ავეჯსაც თავად ამზადებენ.
ნინო წიფურია