ისტორიული ტაო წყლით იფარება და მასთან ერთად ქართული ძეგლები
პარადოქსია, მაგრამ ჩვენთვის ურთულეს 90-იან წლებში ჩვენი ქვეყნის მონაწილეობით არაერთი საერთაშორისო პროექტი განხორციელდა, რომელთა დადებით თუ უარყოფით შედეგს ახლა ვიმკით და მომავალშიც მოვიმკით. მათ შორის იყო საქართველო-თურქეთის ხელშეკრულება მდინარე ჭოროხზე, ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე, გიგანტური ჰესების მშენებლობის თაობაზე. კერძოდ, იუსუფელის ჰესის, რომელიც ისტორიული ართვინის პროვინციაშია და შესაბამისად, ისტორიული ტაოს ტერიტორიებს წყლით დაფარავს, მასთან ერთად კი მდინარე ჭოროხის აუზში მდებარე ქართული ხუროთმოძღვრების ზოგიერთ ნაგებობას.
თავის დროზე ეკონომიკურად დაქცეულმა საქართველომ სწორედ საკუთარი ეკონომიკური აღმავლობის იმედით გადაწყვიტა ძლიერ მეზობელთან თანამშრომლობა. თუმცა ფაქტია, სწორად ვერ შეაფასა ხელშეკრულების უარყოფითი ფაქტორები, რომელთა შორის ისტორიული საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე ქართული კულტურის ძეგლების გადარჩენაც უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული. 2013 წელს თურქეთში, ისტორიული ართვინის დაბა იუსუფელიში დაიწყო მსოფლიოში სიდიდით მეხუთე ჰესის მშენებლობა, რომლის სიმაღლე დაახლოებით 270 მეტრია და 558 მეგავატ ენერგიას გამოიმუშავებს. მშენებლობის დამთავრება 2020 წლისთვის იყო დაგეგმილი, რასაც პანდემიამ ხელი მცირედით შეუშალა. ქართველ მეცნიერს, გეოგრაფიის დოქტორ გიორგი დვალაშვილს, რომელსაც პანდემიის გამო თურქეთში გამგზავრება ორი წლით შეუყოვნდა, იუსუფელის ჰესი, ფაქტობრივად, აშენებული, ისტორიული ტაოს ტერიტორია კი რადიკალურად შეცვლილი დახვდა.
- ისტორიულ ტაოში გადასვლა მართლაც შემიფერხდა პანდემიის გამო და ამ დროის განმავლობაში ისტორიული ტაოს რადიკალურმა ცვლილებამ გამაკვირვა. ცვლილება ისეთია, თუ კარგად არ იცნობ ისტორიულ ტაოს, შესაძლოა ზოგიერთი დასახლებული პუნქტი ვეღარც ამოიცნო. იუსუფელისა და მისი მიმდებარე სოფლები უკვე დაცლილია, მოსახლეობა სხვა ადგილას გადაიყვანეს. ათეულ კილომეტრებზე სრულიად შეცვლილია ინფრასტრუქტურა, ყველგან შემოვლითი გზებია დაგებული. მკვეთრად დაგრძელებულია ისტორიული საქართველოს კულტურის ძეგლებთან მისასვლელი გზები. მაგალითად, თუ აქამდე X საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების შედევრამდე, ოთხთა ეკლესიამდე ქალაქ ართვინიდან დაახლოებით 80-90 კილომეტრი გვქონდა გასავლელი, ახლა 150-160-კილომეტრიანი შემოვლითი გზა უნდა გავიაროთ. ჩვენს ისტორიულ ძეგლებთან მისასვლელად უკვე ახალი გზამკვლევი რუკებია შესადგენი, რაც სწორედ ამ ექსპედიციის დროს დავიწყეთ.
- ანუ ის გზა გაგივლიათ, რომელზეც არაერთი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი უკვე ჩაძირული დაგხვდებოდათ ან მომავალში უეჭველად ჩაიძირება. წარმომიდგენია, რამდენად მძიმეა ეს. - რასაკვირველია. თუმცა ახლა კამათი, უკვე ძალიან გვიანია. უფრო გულისხმიერი რომ ვიყოთ ჩვენი წარსულის მიმართ, რომელიც ჩვენი საყრდენია, წესით, ამ თემაზე განსჯა და პოლემიკა ხელშეკრულების დადების პერიოდში უნდა ყოფილიყო, როდესაც, რა თქმა უნდა, ყველასი თუ არა, ზოგიერთი ძეგლის გადარჩენა მაინც შეიძლებოდა. ვგულისხმობ ისტორიული ძეგლების დაშლა-გადატანის პრაქტიკას. ასე რომ მოვქცეულიყავით, იქნებ შეგვენარჩუნებინა თამარის თაღოვანი ხიდები, რომელიც პირადად მაქვს ნანახი მდინარე ჭოროხზე, ბერთაზე თუ კლარჯეთის მდინარეებზე. ისინი უკვე წყალშია. გადარჩებოდა ზოგიერთი ტაძარიც, რომელიც მომავალში უნდა ჩაიძიროს. თურქეთთან ბევრად კეთილმეზობლური ურთიერთობა გვაქვს, ვიდრე სხვა მეზობლებთან. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სხვა მეზობლებისაგან განსხვავებით, თურქეთი არასოდეს მორიდებია იმის აღიარებას, რომ ქართული ძეგლები ქართულია და არა მათი უძველესი ტომების შექმნილი.
- სხვათა შორის, თავის დროზე თურქული პრესა წერდა, რომ იუსუფელიში წყლით უნიკალური ქართული ძეგლები იფარება, რის საპასუხოდ ექსპრეზიდენტ შევარდნაძის გარემოცვამ განაცხადა, ხელშეკრულების დადებისას ჩვენ მხოლოდ გარემოს დაცვა გვევალებოდა, ძეგლების ბედი კი იუნესკოს გადასაწყვეტი იყოო. - ვერ დავეთანხმები. ვფიქრობ, ხელშეკრულების პირობების დეტალურად შესწავლით ჩვენთვის ბევრად მეტი სასარგებლო საქმის გაკეთება იყო შესაძლებელი, რაც დღეს დაგვიანებულია.
- ამჯერად თუ ნახეთ ის ტაძრები, რომლებიც სულ მალე წყალმა უნდა დაფაროს. - ნაწილი ვერა, რადგანაც ბევრგან სამშენებლო პოლიგონია. მართალია, ისტორიულ ტაო-კლარჯეთში ჩვენი საამაყო ოშკი, ხახული, ოთხთა, იშხანი, პარხალი, ხანძთა, დოლისყანა და სხვა არქიტექტურული ძეგლები კვლავ უსაფრთხოდ იქნება, მაგრამ ზოგიერთი პატარა ძეგლი წყლის ფსკერზე მოხვდება. მათ შორის იუსუფელიში მდებარე ახალთას ტაძარი, რომელიც ისტორიული ტაოს უდიდეს სოფელ ახალთას ეკუთვნოდა და რომლის ტერიტორიაზე შემდგომში გაშენდა დაბა იუსუფელი, რომელიც ახლა იყრება და სხვაგან გადადის.
ახალთას ტაძართან ერთად წყლით იფარება ისტორიული ტაოს ტერიტორიაზე მდებარე სოფელ კოწახურას ჭალის ღვთისმშობლის ტაძარი. ამ ულამაზეს ადგილას, კოწახურის ტყეებში, ტაძარს დღემდე ფრესკები აქვს შემორჩენილი. ჭალის ღვთისმშობლის ტაძართან ერთად წყლით იფარება კავკასიძეების ციხესიმაგრე და ბაზილიკური ეკლესია, რომელიც დაახლოებით 30 მეტრ სიმაღლის კლდეზეა აგებული. იყო მოსაზრება, რომ სიმაღლის გამო ციხესიმაგრე წყალს გადაურჩებოდა. სამწუხაროდ, ასე ვერ მოხდება, რადგან ციხის ყველაზე მაღალი წერტილი ბევრად უფრო დაბლაა, ვიდრე ჰესის მიდამოებში აგებული ხიდის ბურჯების ნიშნული, რომელიც კავკასიძეების ციხის თავზე მოექცევა. ამიერიდან ეს ციხე მხოლოდ წყალმცირობისას, ანუ შემოდგომაზე თუ გამოჩნდება და მერე ისევ წყალი დაფარავს.
თუმცა, არის საკითხები, რომელთა დადებითად გადაწყვეტა ჯერ კიდევ შეგვიძლია ისევ და ისევ თურქეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობით.
ერთ-ერთი ასეთი საკითხია შესანიშნავი ხუროთმოძღვრული ქმნილების, ოთხთას ეკლესიის გადარჩენა. ძეგლი უმძიმეს მდგომარეობაშია. ზოგიერთი ტაძარი მეჩეთად გადაკეთებამ როგორღაც შეინახა, ოთხთა კი მეჩეთად არ და ვერ გადაკეთდა. უფრო სწორად, გადმოცემით აქაც მოუსურვებიათ მეჩეთის გახსნა, მაგრამ ვისაც ეს მოუნდომებია, ოთხთას გუმბათიდან გადმოვარდნილა, მომკვდარა და ამის შემდეგ ტაძარს ვერავინ მიჰკარებია. გარდა ამისა, ოთხთა დასახლებული პუნქტებიდან შორს არის, რის გამოც ყურადღების მიღმაა, განძისმაძიებლებს თუ არ ვიგულისხმებ, რომლებიც ტაძრის ტერიტორიას დღესაც უმოწყალოდ თხრიან. ასე რომ, ამჯერადაც დაგვხვდა ახალი დაზიანებები, გადათხრილი არემარე.
- რასაც, ალბათ, ემატება გზების გაყვანისას აფეთქებებით გამოწვეული ვიბრაცია. ნუთუ არ შეიძლება ტურისტულად მომგებიანი ოთხთა თურქეთის სახელმწიფომ აღადგინოს? - ტაო-კლარჯეთში ათასამდე ქართული ძეგლია. შეუძლებელია ყველას აღდგენა თურქეთს მოვთხოვოთ. სხვათა შორის, თურქეთის მიერ ქართული არქიტექტურის ძეგლების აღდგენაზეც არა გვაქვს ჯეროვანი რეაქცია. ვგულისხმობ, თურქეთის მწვავე კრიტიკას იმის გამო, რომ პარხლის აღდგენაში ქართული მხარე არ მონაწილეობდა. არც ის მგონია, რომ პარხლის აღდგენით უფრო ცუდი საქმე გამოვიდა, ვიდრე იმ ტაძრების ნგრევა, რომელთაც თურქეთი აღსადგენად არ შეხებია. ჩვენ მისი კანონმდებლობის გამოყენებით უნდა შევეცადოთ თურქეთი ჩავაბათ იმ ტაძრების პატრონობაში, რომლებიც მის ტერიტორიაზეა. ეს ახლა ძალიან გვჭირდება ოთხთას ეკლესიის გადასარჩენად. საზოგადოდ კი უნდა გვახსოვდეს, რომ ისტორიული ტაო-კლარჯეთის გადარჩენილი ძეგლების პატრონობა ყოველი ჩვენგანის ვალია და ვისაც რა შეგვიძლია, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ.