"უკვე ბნელდებოდა, როდესაც სახლის პატრონმა ქალის ხმა გაიგონა - დამეხმარეთო. გარეთ გავედით, ხმას მივყევით და..." - კვირის პალიტრა

"უკვე ბნელდებოდა, როდესაც სახლის პატრონმა ქალის ხმა გაიგონა - დამეხმარეთო. გარეთ გავედით, ხმას მივყევით და..."

ინტერვიუ ჩაწერილია 2021 წლის ნოემბერში

ნათია ჩაჩავა ბოლო ორი წელია, რაც ნიუ-ჯერსიში ცხოვრობს. მისმა გულისხმიერებამ და გამბედაობამ 69 წლის ამერიკელი ქალი სიკვდილს გადაარჩინა. თვითონ თვლის, რომ განსაკუთრებული არაფერი ჩაუდენია და მის ადგილას ყველა ასე მოიქცეოდა.

- ნოემბერში 2 წელი გახდება, რაც ამერიკაში ვცხოვრობ. სასწავლებლად ჩამოვედი, დღე-დღეზე ველოდები არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის პასუხს, სხვა უნივერსიტეტებშიც მაქვს გაგზავნილი აპლიკაციები. გარდა ამისა, ვმუშაობ პოსტსაბჭოთა სივრცეში ეთნიკური კონფლიქტების თემაზე, მაინტერესებს, როგორია ამ მხრივ რუსული პროპაგანდა. ჩემი კვლევის თემაც ეს იქნება, როდესაც უნივერსიტეტში ჩავაბარებ. მამა ისტორიკოსია და ბავშვობიდან ბევრი რამ მესმოდა მისგან. ჩემი პროგრამა-მაქსიმუმია სწავლა და ჩემი პროფესიით დასაქმება. ძალიან არ გამჭირვებია ადაპტაცია, რადგან ჩემი მიზნები ჩემს მომავალს უკავშირდებოდა, ვიცოდი, რისთვისაც მოვდიოდი. 8 წლის შვილი მყავს, ანასტასია აბესაძე. ჩოგბურთს თამაშობს და მინდა ძალიან მალე ისიც ჩამოვიყვანო. აქ უფრო მეტი პერსპექტივა ექნება წარმატების მისაღწევად. წარმოუდგენელია, ამერიკაში ისწავლო, იშრომო და შედეგი ვერ მიიღო. აქ ყველამ იცის, რომ სწავლა კარგი შესაძლებლობაა ოცნებების ასახდენად. გული მწყდება, რომ უფრო ადრე არ ჩამოვედი და ამდენი დრო დავკარგე, თუმცა ჩემი სტუდენტობისას არც ამდენი გაცვლითი პროგრამა იყო და არც ამხელა შესაძლებლობა, რომ უცხოეთში მიგეღო განათლება. ამ ქვეყანაში ნებისმიერ ასაკში შეგიძლია რაღაც ახალი დაიწყო და განვითარდე. მომწონს ისიც, რომ რომელ სოციალურ ფენასაც უნდა მიეკუთვნებოდეს ბავშვი, თავიდანვე აჩვევენ შრომას, უზრუნველყოფილი ოჯახის შვილებიც კი არ თაკილობენ და მუშაობენ მიმტანებად. თუ არ მუშაობ, არც დაზღვევა გაქვს, ვერც მანქანას იყიდი, ვერც გაერთობი, თუმცა აქაც ბევრი ამერიკის მოქალაქე ითხოვს მოწყალებას. ბევრია უსახლკარო, განსაკუთრებით, ნიუ-იორკში. ლოს-ანჯელესში, სანამ მთავარ ბულვარზე გახვალ, ერთი გორაკია, სადაც უსახლკაროები ცხოვრობენ კარვებში. განსხვავება ის არის, რომ სახელმწიფო, თუ უმუშევრად დარჩი, გეხმარება. ამისთვის უამრავი პროგრამაა. სადაც ვცხოვრობ, იმ ოჯახის ერთ წევრს 40 წლის ასაკში გაფანტული სკლეროზი დაემართა და სახელმწიფო ყოველთვიურად უფინანსებს წამალს, რომელიც 10.000 დოლარი ღირს. თითოეულ მოქალაქეს სახელმწიფო მაქსიმალურად უდგას მხარში, თუმცა ისიც შრომითა და გადასახადების გადახდით იხდის მოქალაქეობრივ ვალს. ძალიან კანონმორჩილები არიან. რა თქმა უნდა, არის გამონაკლისებიც, მაგრამ ძირითადად მაინც ასეა.

- რას ვერ შეეგუეთ?

- ზედაპირულ ადამიანურ ურთიერთობებს, მეგობრებიც კი მხოლოდ დღესასწაულებზე თუ ხვდებიან ერთმანეთს. დაგეხმარებიან, მაგრამ მანამდე კარგად უნდა გაგიცნონ. გამიკვირდა, რომ ბიუროკრატიასთან დაკავშირებული რაღაც საკითხები ძალიან ჭიანურდება. მაგალითად, ექიმთან ვიზიტი 2-3 თვით ადრე უნდა დაგეგმო, იმიტომ, რომ ძალიან დიდი რიგია... და კიდევ, ძალიან მენატრება ჩვენი სამზარეულო და პროდუქტები. აქ ყველაფერია, მაგრამ გემო არაფერს აქვს.

- რა მოხდა იმ დღეს, როდესაც 69 წლის ქალი გადაარჩინეთ? იცნობდით მას?

- ჩვენგან რამდენიმე სახლის იქით ცხოვრობდა, მაგრამ არ ვიცნობდი.

უკვე ბნელდებოდა, როდესაც სახლის პატრონმა გაიგონა ქალის ხმა, დამეხმარეთო, იძახდა. გარეთ გავედით, ხმას მივყევით და დავინახე ქალი, რომელიც სწრაფი დინების გამო წყლიდან ამოსვლას ვერ ახერხებდა. იმ დღეს ცუდი ამინდი იყო, ქარიშხალი ახლოვდებოდა. თურმე ნავში რაღაცას აკეთებდა და რომ გადმოდიოდა, მაშინ ჩავარდნილა წყალში. ნავსადგურის სვეტების გარშემო ცურავდა, მაგრამ ამოსვლას ვეღარ ახერხებდა. ძალიან შეშინებული იყო. მეც შემეშინდა, პოლიციის მოსვლამდე ჯოხი კი მივაწოდე, რომელსაც ჩაეჭიდა, მაგრამ ძლიერ დინებას ნებისმიერ დროს შეიძლებოდა წაეღო. ვცდილობდი ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანინებინა და გამემხნევებინა. მეუბნებოდა, მიშველეთ, აქამდე სად არის პოლიცია, ძალა აღარ მაქვს და დავნებდებიო, წყალიც ძალიან ცივი იყო. მერე ნავში განგაშის ნიშანი დავინახე, გადავძვერი, სამაშველო ჟილეტებიც ვნახე და ისინიც ჩავუყარე. უფრო მოძლიერდა, ამასობაში 30 წუთი გავიდა, პოლიციელიც მოვიდა და ერთად ამოვიყვანეთ.

ერთიანად კანკალებდა. მეუბნებოდა, შენ გადამარჩინე, სიკვდილისგან მიხსენიო. შემდეგ მადლობის ნიშნად ყვავილები და წერილი გამომიგზავნა, სადაც ეწერა: "ჩემს საყვარელ მეზობელს... არ ვიცი, როგორ გადაგიხადო მადლობა იმისთვის, რომ გადამარჩინე. მთელი ცხოვრება შენი მადლობელი ვიქნები, რომ მაშინ გამოჩნდი, როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა. ამ სიკეთეს არასდროს დაგივიწყებ, ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები, როდესაც დაგჭირდები". არადა, ისეთი არაფერი გამიკეთებია, ჩემს ადგილას ყველა ასე მოიქცეოდა. უხერხულია ამაზე ამდენი საუბარი, გმირობა არ ჩამიდენია, უბრალოდ, დავეხმარე. ეს იყო და ეს.

- ნათია, ეპიდმდგომარეობაზეც მინდა გკითხოთ. რამდენად მაღალია დაინფიცირების ან ვაქცინაციის მაჩვენებელი? - დაინფიცირებულთა რაოდენობამ იკლო, გახსნილია ყველაფერი, თუმცა შიდა სივრცეში ნიღბების ტარება სავალდებულოა. 65 წელს გადაცილებული ან დაბალი იმუნიტეტის მქონენი, ვინც "ფაიზერით" აცრილი არიან, უკვე ბუსტერს იკეთებენ. ვინც საჯარო სამსახურსა და მედკლინიკებში მუშაობს, მათთვის აცრა სავალდებულოა. 2 კვირის წინ რესტორანში შესვლა გვინდოდა და თუ არ ვაჩვენებდით ვაქცინაციის ბარათს, არ შეგვიშვებდნენ. რომელ შტატებშიც ნაკლები იყო აცრილთა რაოდენობა, იქ დელტა-შტამის გავრცელების უფრო მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ნიუ-ჯერზიში უმეტესობა აიცრა და ნელ-ნელა ცხოვრების ძველებურ რიტმს ვუბრუნდებით. ახლა უკვე 5 წლიდან ზევით ბავშვების ვაქცინაციასაც დაიწყებენ. სავარაუდოდ, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ნოემბრის ბოლოს გასცემს ნებართვას, რადგან ახლა უკვე ბავშვებშია გადაცემის მაღალი მაჩვენებელი. პანდემიის მეხუთე ტალღას აქაც ელიან.

ნინო ჯავახიშვილი