ნატოს "ღია კარს" ახლა სააკაშვილის პატიმრობა "ხერგავს"? - კვირის პალიტრა

ნატოს "ღია კარს" ახლა სააკაშვილის პატიმრობა "ხერგავს"?

"მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი ალიანსში საქართველოს გაწევრების საწინააღმდეგოდ შეიძლება ნატოს იმ წევრებმა გამოიყენონ, რომლებიც ისედაც სკეპტიკურად არიან განწყობილი. მათ შეუძლიათ შიდაპოლიტიკური დაპირისპირებები დამატებით არგუმენტად გამოიყენონ იმისთვის, რატომ არ უნდა მიიწვიონ საქართველო ნატოში. ჩემი რჩევა, ცხადია, ის არის, რომ მთავრობამ ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციის დასტაბილურება შეძლოს"," - ეს სიტყვები ნატოს ყოფილ გენერალურ მდივანს, ანდერს ფოგ რასმუსენს ეკუთვნის.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თუნდაც ყოფილი გენმდივნის ასეთი განცხადება აუცილებლად ყურადსაღები უნდა იყოს საქართველოსთვის და, უპირველესად, მისი დღევანდელი ხელისუფლებისთვის, მაგრამ მოდი, დავსვათ კითხვა, რაც ჩვენ, ქართველი საზოგადოების დიდ ნაწილს გვაწუხებს: 2008 წლის ბუქარესტის სამიტიდან მოყოლებული, რა გააკეთა ნატოს ხელმძღვანელობამ იმისთვის, რომ საქართველოს ალიანსში გაწევრების დაპირება ოდნავ მაინც მიახლოებოდა რეალობას და ნატოს "ღია კარის" თემა მომაბეზრებელ ანეკდოტად არ ქცეულიყო?

აბსოლუტური და იდეალური დემოკრატია ნატოს წევრ ქვეყნებშიც არ არის და ვერც იქნება, ამიტომ საქართველოსგან დემოკრატიის მწვერვალზე ასვლის მოთხოვნა შეიძლება კიდევ ერთი საბაბი გახდეს, რომელსაც ალიანსის ხელმძღვანელობა და ზოგიერთი გავლენიანი წევრი ქვეყნის ლიდერი იმისთვის იყენებენ, რომ 13 წლის წინანდელი დანაპირების გაჭიანურება გაამართლონ.

სხვა თუ არაფერი, ბოლო წლებში ნატოს წევრად ისეთი ქვეყნები მიიღეს, სადაც დემოკრატიულ ღირებულებებს გაცილებით ნაკლებად იცავენ, ვიდრე საქართველოში.Mმაგალითად თუნდაც ალბანეთი გამოდგება, მაგრამ ალბანეთს არ ესაზღვრება რუსეთი, რომლის ფაქტორის გამო დღემდე ვერც საქართველომ და ვერც Uუკრაინამ ნატოს "ღია კარის" ზღურბლს ვერ გადააბიჯეს...

ნატოს ხელმძღვანელობას და მისი წევრი ქვეყნების ზოგიერთ ლიდერს არ სურთ სახალხოდ აღიარონ სიმართლე, კერძოდ, რომ ალიანსში გაწევრების შემთხვევაში ნატო იძულებული იქნება, იკისროს საქართველოსა და უკრაინის კოლექტიური უსაფრთხოების დაცვა, რაც ალიანსის წევრ ზოგიერთ სახელმწიფოს არ სურს და სიმართლე რომ ითქვას, არც ნატოს შეუძლია. ამიტომაც იწყება ათასი საბაბის ძებნა. ჯერ იყო და, აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია განახორციელა და ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მქონე ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მიღება არაპროდუქტიული იქნებაო - თითქოს პირველი ცივი ომის დროს ნატოში გაწევრებული გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ერთიანი გერმანია იყო.

ახლა კი მიზეზად საქართველოში დაძაბული პოლიტიკური სიტუაცია მოჰყავთ და ექსპრეზიდენტ სააკაშვილის პატიმრობაზე ლაპარაკობენ, თუმცა ეს უფრო ახალი საბაბია, თორემ ნატოს წევრი იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბერლუსკონის, წინააღმდეგ 61-ჯერ(!) აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და სამჯერ ის ბრალდებულად ცნეს (მათ შორის არასრულწლოვანებთან სექსუალური ურთიერთობების გამოც), მაგრამ ციხეში არ ჩასვეს... ღრმა მოხუცებულობის გამო.

საფრანგეთის ექსპრეზიდენტ სარკოზის ა.წ.-ის მარტში ორი წლით პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს პრეზიდენტობის პერიოდში კორუფციული გარიგებების გამო, სექტემბერში კი ერთი წელი დაუმატეს (ამჯერად შინაპატიმრობის სახით) საარჩევნო კამპანიაში თანხების არასწორი ხარჯვისთვის. ცალკე საკითხია ბრალდება ლიბიის ყოფილი დიქტატორის, კადაფის მიერ სარკოზისთვის 50 მლნ ევროს ქრთამად მიცემის გამო, რომ მას საფრანგეთის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ევროპაში კადაფის ინტერესები დაეცვა, თუმცა, მოგეხსენებათ, რომ კადაფის რეჟიმი 2011 წელს დაემხო და მას ფრანგული "მირაჟებიც" ბომბავდნენ, საფრანგეთის პრეზიდენტის სავარძელში კი ისევ სარკოზი იჯდა.

არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ გერმანიის აწ უკვე ყოფილ კანცლერ მერკელთან ერთად სწორედ იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბერლუსკონი და საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი სარკოზი იყვნენ საქართველოს ნატოში გაწევრების პირველი მოწინააღმდეგეები, ხოლო ის, რომ სარკოზი და, განსაკუთრებით, ბერლუსკონი თავს პუტინის მეგობრებად აცხადებენ, ყველასთვის ცნობილია. არც ის არის გამორიცხული, პენსიაზე გასული მერკელი პუტინმა "როსნეფტში" ძალიან მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე დანიშნოს, ისევე, როგორც მისი წინამორბედი - გერმანიის ყოფილი კანცლერი შრიოდერი.

ასე რომ, ყველამ თავის "მამიდას", უფრო სწორად, თავის ყოფილ კანცლერს, პრემიერ-მინისტრსა თუ პრეზიდენტს მიხედოს! თუკი საფრანგეთის სასამართლოს შეუძლია თავისი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ორჯერ ბრალდებულად გამოცხადება, იტალიელ გამომძიებლებს კი თავიანთი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ სამოცჯერ გამოძიების დაწყება, რატომ არ აქვს უფლება საქართველოს სასამართლოს (როგორი პრობლემებიც უნდა იყოს მის სტრუქტურებში) კონკრეტული ბრალდებების გამო ციხეში ჩასვას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი?! ნუთუ ეს არადემოკრატიულობასა და ნატოს "ღია კარში" საქართველოს შებიჯების აკრძალვას უნდა ნიშნავდეს? ამ ლოგიკით რომ ვიმსჯელოთ, მაშინ საფრანგეთსა და იტალიას ნატო უნდა დაატოვებინონ, რადგან მათმა მოსამართლეებმა გაბედეს და ქვეყნის ყოფილ პირველ პირებს სასჯელი დაუწესეს!