"მიზეზი რამდენიმეა..." - საწვავს საქართველოში ცეცხლი უკიდია - კვირის პალიტრა

"მიზეზი რამდენიმეა..." - საწვავს საქართველოში ცეცხლი უკიდია

საწვავის ფასები ჩვენს ჯიბეს სულ უფრო მძიმედ ურტყამს. რა ტენდენციაა მსოფლიოში და რა არის მოსალოდნელი ქართულ ბაზარზე, შემცირდება თუ მოიმატებს ფასები, ამ საკითხებზე გვესაუბრება აფბა-ს ვიცე-პრეზიდენტი, ეკონომისტი პაატა ბაირახტარი.

- ამჟამად საწვავის საცალო ფასი ისტორიულად ყველაზე მაღალია. პრინციპში, მან უკვე გადალახა ფსიქოლოგიური ზღვარი და ინფლაციის დღევანდელ მაჩვენებელში მნიშვნელოვანი წილი სწორედ საწვავის ფასის ზრდას უჭირავს. ამას ცენტრალური ბანკის პრეზიდენტიც აღიარებს და ეს სიახლე არ არის. საგულისხმოა, რომ ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასები ძალზე სწრაფი ტემპით იზრდება.

- რა არის მიზეზი? - მიზეზი რამდენიმეა. პირველ რიგში აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება გლობალურ ბაზრებზე.

ამჟამად ნავთობის ფასი ბოლო 2 წლის მაქსიმუმზეა ასული და თუ, მაგალითად, დაახლოებით 1 კვირის წინ 1 ბარელი ნავთობი 79 დოლარად იყიდებოდა, დღეს უკვე 82 დოლარს ასცდა. აქედან გამომდინარე, ნავთობის საერთაშორისო ფასების სწრაფი ზრდა ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია ადგილობრივ ბაზარზე საწვავის გაძვირებისა. მეორე მიზეზი, რაც მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს, ეროვნული ვალუტაა. ეკონომიკის მინისტრი კი გვიმტკიცებს, ლარი სტაბილურობას ინარჩუნებსო, თუმცა ვინც აკვირდება ეროვნული ვალუტის კურსსა და ყოველდღიურ ვაჭრობას "ბლუმბერგზე", დამეთანხმება, რომ ეროვნული ვალუტა ბოლო 2 კვირაა დაახლოებით 4 თეთრით დაეცა დოლარის მიმართ. სწორედ ამ პერიოდში საქართველოში საწვავის ფასმა კიდევ ორ-სამგზის მოიმატა - ეს გახლდათ საშუალოდ 10-თეთრიანი მატება.

ამ ორი კომპონენტის ურთიერთქმედებამ მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა ფასების ფორმირებაზე.

- 1 ბარელი ნავთობის ფასი 80 დოლარის ზევით ადრეც ყოფილა და მაინც ასე არ გაძვირებულა საწვავი საქართველოში. ახლა რამ ითამაშა გადამწყვეტი როლი? - ორ გარემოებაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. თუ გასულ პერიოდს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ 1 დოლარის ღირებულებაც არ ასულა 3-ლარიან ნიშნულს ზემოთ. დღეს კი უკვე ვხედავთ, რომ 1 დოლარი სტაბილურად 3 ლარზე მეტი ღირს. ფაქტობრივად, ლარმა წონასწორობის ახალი ნიშნული იპოვა.

- თითქმის იგივე მაჩვენებელი ჰქონდა დოლარს გაზაფხულზეც.

- კი, წლეულს, მაგრამ გაზაფხულზე ნავთობის ფასი გაცილებით დაბალი იყო. მე ყურადღებას ვამახვილებ - შარშანდელთან შედარებით, როდესაც ნავთობი დღევანდელზე ძვირი ღირდა, მაგრამ ჩვენთან ასეთი ფასი არ ჰქონია. ეს იმით იყო განპირობებული, რომ შარშან და წლეულს ეროვნული ვალუტის კურსი სხვადასხვა იყო.

საწვავის ფასთან დაკავშირებულია ორი მთავარი პრობლემა. პირველი გლობალურია - ნავთობის ფასების სწრაფი მატება, და მეორე - ეროვნული ვალუტის ბოლოდროინდელი არასტაბილურობა.

- შემოდგომის მეორე ნახევრისთვის უფრო ძვირდება ხოლმე დოლარი. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ საწვავის ფასი უფრო მოიმატებს? ცნობილია, რომ საწვავის გაძვირება ყველა პროდუქტის ფასზე აისახება. ამ მხრივ რა მოლოდინებია? - რაც შეეხება ეროვნული ვალუტის მერყეობას, კი ბატონო, არსებული გამოცდილებითა და სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით (მაგალითად, მეზობელი თურქეთის ეროვნული ვალუტის სწრაფი დევალვაციის ან თუნდაც ეროვნული ბანკის არსებული პოლიტიკის), მოსალოდნელია, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში ლარმა მერყეობა განაგრძოს. რა თქმა უნდა, ეს აისახება საწვავის ფასზე. მოლოდინებს რაც შეეხება, თუ შევხედავთ გლობალურ ტენდენციებს, მოკლევადიან პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია ნავთობის ფასი ისე შემცირდეს, რომ ეს აისახოს საწვავის ფასზე საქართველოში. უახლოეს მომავალში ნავთობის საერთაშორისო ფასის შემცირების ტენდენცია მოსალოდნელი არ არის რამდენიმე მიზეზის გამო: ერთ-ერთია ოპეკისა და ოპეკის წევრი ქვეყნების შეთანხმება მოპოვების შემცირების შესახებ. ისინი გადაჭარბებითაც კი ამცირებენ კვოტებს. მაგალითად, აზერბაიჯანმა კვოტები ნაკისრ ვალდებულებაზე მეტადაც შეამცირა. რასაკვირველია, ეს ფასებს ზემოთ სწევს.

გლობალურ ბაზრებზე პოზიტიური ცვლილებებიც შეიძლება გამოიკვეთოს. თავს იჩენს ირანის ფაქტორი, რომელიც ნავთობის ერთ-ერთი მსხვილი მომპოვებელია. ვიცით, რომ აშშ-მა ირანს ექსპორტზე სანქციები დაუწესა, რაც ბირთვული პროგრამიდან მის გასვლას უკავშირდება. მიმდინარე კვირაში კი ირანმა განაცხადა, რომ მზად არის დაუბრუნდეს ბირთვული პროგრამის შესახებ ექვსმხრივ მოლაპარაკებას. ამან იმოქმედა ნავთობის ფასზე და მან ქვემოთ ჩამოსვლა დაიწყო. ეს ნიშნავს, რომ თუ მოლაპარაკება შედეგიანი იქნება, აშშ-ისგან სანქციების შერბილებას ელიან. სანქციების შერბილება და მოხსნა ნიშნავს ირანული ნავთობის ბაზრისთვის მიწოდებას, ეს კი აზრს გამოაცლის მოპოვების შემცირებისკენ მიმართულ შეთანხმებას. მოთხოვნა-მიწოდების მრუდი, რომელიც ახლა დარღვეულია, შეიცვლება და ბაზარს ექნება მიწოდება საკმარისი რაოდენობით. ოღონდ ეს გულისხმობს არა მოკლევადიან, არამედ საშუალოვადიან პერსპექტივას. აი, ასეთ შემთხვევაში შეიძლება ველოდოთ ნავთობის საერთაშორისო ფასის შემცირებას, რაც შემდეგ საწვავის ადგილობრივ ბაზარზეც უნდა აისახოს. მაგრამ ეს დღეს-ხვალ ვერ მოხდება.

- საწვავის ქართულ ფასებს დავუბრუნდეთ... - საქართველოს საწვავის ბაზარზე არსებული პრობლემები ახალი არ არის. ყველას კარგად მოგვეხსენება ბუნდოვანება ფასწარმოქმნაში, რაც წლების განმავლობაში დამკვიდრდა. ვგულისხმობ "დიდი ხუთეულის" ("ვისოლჯგუფი", "რომპეტროლი", "სოკარი", "გალფი", "ლუკოილი") კომპანიებს, რომელთა მიმართაც არაერთხელ დასმულა კითხვის ნიშნები.

ამ კომპანიების შესახებ კითხვის ნიშნები მუდმივად არსებობს, არის კონკურენციის სააგენტოს დასკვნაც არსებული პრობლემების შესახებ, თუმცა დღევანდელ რეალობაში ისრების უშუალოდ იმპორტიორებზე გადატანა არ იქნება სწორი იქიდან გამომდინარე, რაზეც უკვე ვისაუბრეთ - სამწუხაროდ, დღეს საწვავის ფასის ზრდის საფუძველი ობიექტურად საკმარისზე მეტია.

რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, ლარის გამყარების შემთხვევაში რა ვითარება გვექნება, ეს ძალზე ინდივიდუალური საკითხია, ბიზნესის სეგმენტის მიხედვით. ბაზარზე კარგად იგრძნობა ხოლმე ყოველი პოზიტიური სიახლე არაბრენდირებული კომპანიების საფასო პოლიტიკაზე. ისინი ნამდვილად მისდევენ ბაზრის კონიუნქტურას. მაგრამ ზემოხსენებულ კომპანიებს გაცილებით დიდი რესურსი აქვთ და იმის საშუალებაც, რომ ბაზარს თამაშის საკუთარი წესები უკარნახონ. მოკლევადიან პერსპექტივაში ეროვნული ვალუტის გამყარების შემთხვევაში (სხვა თანაბარ პირობებში) შესაძლებელი იქნება გარკვეულწილად ფასის შენარჩუნება. თუმცა მოკლევადიან პერსპექტივაში არ ველოდები ეროვნული ვალუტის დასტაბილურებას.

- როგორ აისახება ეს რეალობა მოსახლეობის ჯიბეზე? - შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ დღევანდელი უმძიმესი სოციალური მდგომარეობის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი საწვავის ფასებიდან მომდინარე წნეხია. 12%-იან ინფლაციაში, რაც საკმაოდ მაღალია და 4-ჯერ აღემატება მიზნობრივ მაჩვენებელს, 8%-ზე მეტი მოდის ისეთ ფაქტორებზე, როგორიც არის ნავთობპროდუქტების ფასების ზრდა, ლოგისტიკა და ა.შ. სამომხმარებლო ფასების სწრაფ მატებაში დღეს საწვავის ფასს მნიშვნელოვანი წილი უჭირავს, რადგან საწვავის კომპონენტი ნებისმიერ პროდუქტსა და მომსახურებაში გვხვდება. პრაქტიკულად, საწვავის ყოველი შევსებისას ჩვენს მოსახლეობას ფასი გაზრდილი ხვდება. რა თქმა უნდა, ეს უმძიმესია ჩვენი რეალობისთვის, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ ქვეყანაში არსებულ სხვადასხვა სოციალურ მაჩვენებელს, დაწყებული უმუშევრობის დონით, რომელიც 22%-ს აღემატება და ერთ-ერთი ყველაზე მაღალია რეგიონში.

ეს ისტორიულად მაღალი მაჩვენებელია. მაშინ როცა სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა მუდმივად იზრდება, რა თქმა უნდა, მდგომარეობას უფრო ამძიმებს საწვავის ფასების ზრდა, რაც ინფლაციის ერთ-ერთ მთავარ წამახალისებელს წარმოადგენს.

- ამგვარი ვითარების შემსუბუქების გზები თუ არსებობს დღეს? - გლობალურ ბაზრებზე როგორ დალაგდება ვითარება და როგორი იქნება ნავთობის ფასი, ეს ერთი საკითხია, მაგრამ თუ იმაზე ვსაუბრობთ, რა შეუძლია გააკეთოს ქვეყნის ეკონომიკურ გუნდს, რათა მოსახლეობას მდგომარეობა შეუმსუბუქოს, აქ ორი გამოსავალი არსებობს: პირველი - ეროვნული ვალუტის გარკვეული სტაბილიზაცია, რომლის რესურსიც, ღრმად ვარ დარწმუნებული, არსებობს. დღეს ეროვნული ვალუტა იმაზე მეტად არის გაუფასურებული, ვიდრე უნდა იყოს. მეორე - გამოსავალი საგადასახადო ნაწილში "იმალება". ჩვენ კარგად ვიცით, რომ აქციზის განაკვეთი ნავთობპროდუქტებზე 2017 წელს გადაიხედა: ბენზინის აქციზი გაორმაგდა, ხოლო დიზელის - გასამმაგდა. საქმე კი ის არის, რომ იმხანად ბიუჯეტში ერთჯერადი დეფიციტი გვქონდა, რაც გადასახადების ესტონურმა მოდელმა განაპირობა. ეს იყო ერთჯერადი საჭიროება. ამის შემდგომ შეგვეძლო აქციზის განაკვეთი ძველ ნიშნულზე დაგვებრუნებინა, რაც საწვავის ფასებს მნიშვნელოვნად შეამსუბუქებდა. ამის გაკეთება დღესაც შესაძლებელი იყო. ცოტა ხნის წინ წარადგინეს ბიუჯეტის 2022 წლის ვარიანტი, სადაც შეიძლებოდა აქციზის განაკვეთის ძველ ნიშნულზე დაბრუნება. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებდა საწვავის ფასს და, რასაკვირველია, შვება იქნებოდა მოსახლეობისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, უკვე ვნახეთ ბიუჯეტის პროექტი და იქ აქციზის საგადასახადო ნაწილში არანაირი ცვლილება და შეღავათები გათვალისწინებული არ არის. როგორც ჩანს, ფისკალური ხელისუფლება ამას არც განიხილავს. არადა, ეს იქნებოდა ერთ-ერთი გამოსავალი ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასის მეტ-ნაკლებად შემცირებისთვის.