"ბევრი ეცადა, ჩვენ შორის არარსებული უთანხმოება ჩამოეგდოთ, მაგრამ კიდევ უფრო მეტი ჟინი მიჩნდებოდა, გვერდში დაგდგომოდი" - კვირის პალიტრა

"ბევრი ეცადა, ჩვენ შორის არარსებული უთანხმოება ჩამოეგდოთ, მაგრამ კიდევ უფრო მეტი ჟინი მიჩნდებოდა, გვერდში დაგდგომოდი"

"ბევრი ეცადეს, მტერმა თუ მოყვარეებმა, რომ ჩვენს შორის არარსებული უთანხემოება ჩამოეგდოთ, მაგრამ, როდესაც ამ მცდელობებს ვხედავდი, კიდევ უფრო მეტი ჟინი მიჩნდებოდა და მეტი მოტივაცია, რომ გვერდში დაგდგომოდი და მეტი გავაკეთო იმისთვის, რომ იქიდან კი არ გვიყურებდე, არამედ ერთ-ერთი ჩვენგანი იყო, თავისუფალი", - ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ პარლამენტის წინ , შეკრებაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს.

მან მადლობა გადაუხადა სააკაშვილს, როგორც "ადამიანს, რომელიც უკვე 30-ე დღეა შიმშილობს, იმისთვის, რომ საქართველოს დროშა თავისუფლად ფრიალებდეს".

"დიდი მადლობა ადამიანს, რომელიც წირავს თავის სიცოცხლეს, იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში, ამ ქალაქში საქართველოს დროშა თავისუფლად ფრიალებდეს. დიდი მადლობა იმ ადამიანს, რომელიც 30-ე დღეა უკვე შიმშილობს სამარტოო საკანში. დიდი მადლობა მას! ვიცი ახლა გვადევნებს თვალყურს და მე მინდა მას მივმართო, მე ვიცი, რას განიცდი ახლა შენ, მიშა, მე როგორც შენი თანამებრძოლი, როგორც ქართველი, როგორც საქართველოს მოქალაქე. ბევრი ეცადეს მტერმა თუ მოყვარეებმა, რომ ჩვენს შორის არარსებული უთანხმოება ჩამოეგდოთ, მაგრამ როდესაც ამ მცდელობებს ვხედავდი, კიდევ უფრო მეტი ჟინი მიჩნდებოდა და მეტი მოტივაცია, რომ გვერდში დაგდგომოდი და მეტი გავაკეთო იმისთვის, რომ იქიდან კი არ გვიყურებდე, არამედ ერთ-ერთი ჩვენგანი იყო, თავისუფალი, გარეთ, საქართველოს ღირსეული პატრიოტი, დიდი ქართველი ადამიანი, ოღონდ არა გამოკეტილი საპატიმროში. გამაგრდი და გისურვებ ჯანმრთელობას და მხნეობას!", - განაცხადა მელიამ.

"მათ ყველაფერი იკადრეს მეორე ტურში, მაგრამ შედეგს, რომელიც გაიფორმეს, ჩვენ არ ვიღებთ და ვიბრძვით სამართლიანობისთვის", - როგორც მან აღნიშნა, თუკი რამე სიყალბეს გამოხატავს, ეს გუშინდელი არჩევნებია.

"რა თქმა უნდა, ამ ადგილიდანაც და იმ ადგილიდანაც, სადაც ძალიან ბევრჯერ გადაწყვეტილა ამ სახელმწიფოს ბედი უკეთესობისკენ, ძალიან მალე, უახლოეს მომავალში კიდევ ერთხელ გადაწყდება ამ სახელმწიფოს ბედი უკეთესობისკენ თითოეული ჩვენგანის მონაწილეობით, ძალიან მალე! თუკი რამე გამოხატავს სიყალბეს, თუკი რამე არის სიყალბის გამოხატულება, ეს გახლავთ გუშინდელი თითქოს, "ქართული ოცნების" მიერ დაფიქსირებული საარჩევნო შედეგები.

მე არ მახსოვს არც ერთი არჩევნები უკანასკნელ წლებში ჩატარებული და არამხოლოდ უკანასკნელ წლებში, რომლის შედეგებთანაც მიმართებაში საზოგადოებაში არის ესოდენ დიდი კონსენსუსი, რომ ეს არჩევნები არა უბრალოდ გაყალბდა და არა უბრალოდ ტოტალურად გაყალბდა, არამედ ყველაფერი იკადრეს თავის ძალადობით, შანტაჟითა და მუქარით. მათ ყველაფერი იკადრეს პირველ ტურშიც, მაგრამ მათ ეს ყველაფერი არ ეყოთ, მათ ყველაფერი იკადრეს მეორე ტურში, მაგრამ შედეგს, რომელიც მათ გაიფორმეს, ამ შედეგს ჩვენ არ ვიღებთ და ვიბრძვით სამართლიანობისთვის, დიახაც, ახლა როგორც არასდროს, დღეს უფრო მეტად, ვიდრე გუშინ - გამარჯვებისთვის. ხალხის ხმა უნდა შეისმინოს ხელისუფალმა? ოლიგარქმა? მთავრობამ? - არა! ხალხის ხმა უნდა შეისმინოს მოძალადეთა ერთობამ, რომლებმაც უბრალოდ დაირქვეს "ქართული ოცნება", - განაცხადა მელიამ.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო: