"კისრის ძარღვების დაწყვეტამდე ილანძღებიან... სინათლე, რომელიც გვირაბის ბოლოს ჩანდა, უფრო და უფრო ბუნდოვანი ხდება"
"მოჯადოებულ წრეზე ტრიალი, რომელსაც არსაით მივყავართ", - ასე აფასებს პოეტი ტარიელ ხარხელაური ბოლოდროინდელ მოვლენებს.
- ყველაფერი დაგვიტოვა ჩვენმა წინაპარმა თავისი ისტორიული გამოცდილებით... ჩვენი ქვეყნის ისტორიის უმეტესი ნაწილი სისხლით არის დაწერილი, მაგრამ, სამწუხაროდ, წარსულის გაკვეთილებმა ბევრი ვერაფერი გვასწავლა. დანატოვრის მოვლა და შესრულებაა რთული. ზურგს ვაქცევთ მას და რაღაც სხვა გზით მივდივართ, არადა, იმაზე უნდა ვფიქრობდეთ, ჩვენ რას დავუტოვებთ მომავალ თაობას. ამისთვის კი არა, ამაზე ფიქრისთვისაც არ ვართ მზად. სხვის იმედზე ყოფნასა და პრობლემებისთვის თვალის არიდებას ვართ შეჩვეული, ისევე როგორც სხვის გაკეთებულ საქმეებს ვარიდებთ თვალს. არც სხვისი გაკეთებული გვწადია. თუ ვინმემ მოიწადინა და ამისთვის გაისარჯა, ფეხს დავუდებთ.
არ ვიცი, რა გვჭირს, მაგრამ ქართველებს ჩვენზე წინ მიმავალი კაცი არ გვსიამოვნებს. თითქოს წყევლაა... ერთს კი არა, რამდენიმე ქვეყანას ეყოფა, იმდენი სიბრძნე დაგვიტოვა ილიამ, მაგრამ ვასრულებთ მის ანდერძს? ვუჯერებთ პატრიარქს, რომელიც მუდმივად ურთიერთსიყვარულისკენ, შენდობისკენ, მოთმინებისკენ, შერიგებისკენ მოგვიწოდებს - არა!.. ვქილიკობთ მასზე, ვისაც როგორც შეუძლია, ერი თუ ბერი არ ინდობს, ერთმანეთს ეჯიბრებიან, მასზე აგდებულად როგორ ისაუბრონ. თითქოს მორწმუნეები ვართ, მაგრამ არც უფლის გვჯერა. მორწმუნე ასე არ უნდა ცხოვრობდეს, ამ გზას არ უნდა მიჰყვებოდეს.
სიყვარული ვერ ვისწავლეთ, ვერა და ვერ ჩამოვყალიბდით სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ერად. პოლიტიკურმა დაჯგუფებებმა და ხელისუფლებამ კი არა, საზოგადოებამ უნდა იაზროვნოს, მაგრამ ვერ ვახერხებთ. სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხის არარსებობის გამო ხელისუფლებაც საფუძველგამოცლილია და თავს მშვენივრად გრძნობს. ასე უფრო ადვილად სამართავები ვართ... ახლა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს შიშით ვადევნებ თვალს, ყოველდღე დანის წვერზე დავდივართ. ისეთი დაძაბულია ვითარება, ადამიანები ისე გამეტებით ილანძღებიან, მგონია, ერთი ნაბიჯია იქამდე, რომ ისევ არ ვესროლოთ ერთმანეთს. საკმარისია, ერთმა მხარემ ოდნავად გაარღვიოს სივრცე და, ისევ თოფს დავუმიზნებთ ერთმანეთს. ნერვების თამაშია, რასაც ვუყურებ და თუ რომელიმე მხარე არ მოიქცა წინდახედულად, ეს ყველაფერი ცუდად დასრულდება.
რუსის ხიშტი ზურგზე გვაქვს მობჯენილი, გაფაციცებული არიან, როგორმე ფეხი დაგვიცდეს და იმწამს "შემოგვაშველებს ხელს" "გადასარჩენად" და მერე მართალ-მტყუანის გარჩევაც დაგვიანებული იქნება და ამერიკა-ევროპისკენ მავედრებელი ხელების აპყრობაც.
ჩვენს თავს პირველ რიგში, თავად უნდა ვუპატრონოთ. საკმარისია, ვიღაც გარეშემ ასანთი გაგვიკრას და მაშინვე ერთმანეთს დავერევით და დავჭამთ, ყველაზე უკეთესად ხომ ამას ვახერხებთ. თანაც ვიცით, რომ ამას ყოველთვის მოძმის ხელით აკეთებს არაკეთილმოსურნე, ზურგიდან ნასროლი ისარი კი ყველაზე საშიშია. მტერი ისეთი სახიფათო არასდროს არის, როგორიც მოძმისგან დაკრული მახვილი... ამიტომაც გარეშე საფრთხე არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ამ სიძულვილით ერთმანეთს, ქვეყნის მომავალს ვუქმნით...
არც "ნაცმოძრაობა" მაინტერესებს და აღარც "ოცნება". ქვეყანაში დენთის სუნი იგრძნობა. ლამის მოწუწუნე კაცად ვიქეცი. იმ დღიდან, როგორც კი ხელში კალამი ავიღე, ჩემი სატკივარი სამშობლოა, მაგრამ სულ ვწუწუნებ, ვინაიდან ნათელი დღეები ცოტა გვაქვს, ბნელი - მეტი. ილიას შემოქმედებას რომ ვკითხულობ, ნერვები ძალიან დაძაბული მაქვს, რადგან ახლანდელ სატკივარზე ასი წლის წინ გველაპარაკებოდა ჩვენი ბრძენკაცი, მაგრამ ვერაფერი ვისწავლეთ. სხვა კი, ჩვენი არაკეთილმოსურნე, ყველაფერს ინიშნავს, ზეპირად იცის ჩვენი სისუსტეები, იცის, როდის, სად და როგორ დაგვარტყას... საქართველოს ეროვნული მოძრაობის ლიდერის მერაბ კოსტავას ოცნება ქვეყნის გათავისუფლება იყო. მას შემდეგ 30 წელი გავიდა, მაგრამ ქართველი საზოგადოება დამოუკიდებელ, სახელმწიფოებრივად მოაზროვნედ ვერ ჩამოყალიბდა. იმიტომ, რომ უგულებელვყოფთ განათლებას, რწმენას, ენის სიყვარულს და როდესაც ეს თვისებები არა გვაქვს, ღირსებასაც ვკარგავთ. პოლიტიკური ჯგუფების გამოსაყენებელი საზოგადოება გავხდით, ამომრჩეველი, რომლის ყიდვაც ძალიან იაფად შეუძლიათ. ეს ყველა პოლიტიკურ ძალას ეხება. ჩვენი პოლიტიკოსები თავიანთი ძალაუფლების გადასარჩენად ან ხელისუფლებაში მოსასვლელად აწარმოებენ პოლიტიკას და ჩვენც მათ მივყვებით, მათ ვეხმარებით და ქვეყანას წყალში ვაგდებთ. იმ გამოთქმისა არ იყოს, ადამიანის სხეულმა თქვა, ფეხები ერთმანეთს ეხლართებით, მე კი წყალში მაგდებთო, ერთმანეთს ვეხლართებით და სამშობლოს წყალში ვაგდებთ. არც ერთი პოლიტიკური გუნდი არ იძლევა იმის მაგალითს, რომ უკეთესი იყოს, ახალ ძალასაც არ აძლევენ გამოჩენის უფლებას.
ბოლო წლებია არჩევნებს თავისი პირველ-მეორე ტურებით დასასრული არ უჩანს. ჩვენთან ხომ წაგება დამარცხება ჰგონიათ და სიკვდილად მიაჩნიათ. ყველა გამარჯვებულია, ყველა ზეიმობს, არა, მე გავიმარჯვე, არა, მეო, მერე იწყება საპროტესტო აქციები, სადაც კისრის ძარღვების დაწყვეტამდე ილანძღებიან, ამას მოჰყვება საპასუხო სატელევიზიო გამოსვლები, ჟურნალისტები, რომლებიც რეიტინგის გამო გასავარდნად გამზადებულ თოფებს ჰგვანან, ისედაც გააფთრებულ, დანის წვერზე მოსიარულე საზოგადოებას, პოლიტიკოსებს, დაგეშილი ძაღლებივით შეუქსევენ ერთმანეთს. ასე დაუსრულებლად ვაჯანჯღარებთ ქვეყანას, თაობას იმ საუკეთესო წლებს ვართმევთ, რომელიც განათლებისთვის, უკეთესი მომავლისთვის საფუძვლის ჩასაყრელად უნდა გამოიყენოს.
წარმოუდგენელია, ამ ყველაფერს უყურებდე და ცრემლები არ გახრჩობდეს, გული არ გეფლითებოდეს. გზა, რომელსაც ახლა მივყვებით, უკეთესი საქართველოსკენ არ წაგვიყვანს. სინათლე, რომელიც გვირაბის ბოლოს ჩანდა, უფრო და უფრო ბუნდოვანი ხდება. სხვა გზა არ არის, ისევ ილიას სიტყვებს უნდა გამოვეკიდოთ: "ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია, აწმყო თუ არა გწყალობს, მომავალი შენია", მაგრამ ეს მომავალი უნდა მოვიპოვოთ. თავისით არ მოვა, მით უფრო მაშინ, როცა პატარა საქართველოს შინ და გარეთ ჯიჯგნიან, ყველა სათავისოდ ექაჩება და სარგებლის ნახვას ცდილობს, ქვეყანა და ხალხი კი ზარალდება.
ლალი პაპასკირი