"თუ იციან, რომ ეს წაგების ფორმულაა, მაშინ რატომღა გვიშლიან ნერვებს?"
"ხელისუფლების დასამარცხებლად საჭიროა იმდენივე ხმა, რამდენიც ივანიშვილმა 2012 წელს აიღო"
პოლიტიკის ანალიტიკოსი თორნიკე შარაშენიძე არჩევნების მეორე ტურის შედეგებს "ლოგიკურს" უწოდებს და ამბობს, რომ ოპოზიცია ვერ ახერხებს ხმების ისე მობილიზებას, ხელისუფლების რესურსი წელში გადატეხოს. რა არის ამის მიზეზი და სად არის ოპოზიციის შეცდომა, როდესაც ყველაფერს "ტოტალურ გაყალბებას" აბრალებს, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორს, GIPA-ს პროფესორს, თორნიკე შარაშენიძეს ესაუბრა.
- ის, რაც მოხდა, სავსებით მოსალოდნელი იყო, რადგან ყველას გამორჩა ერთი რამ - გახარიას ფაქტორი. მისი ამომრჩევლის უმრავლესობა არჩევნებზე არ მივიდოდა, მაგრამ თუ მივიდა, ალბათ, მაინც "ოცნებას" მისცემდა ხმას. მეორე - გახარიას ამომრჩეველი რომც არ მისულიყო, თუ პროპორციულად გადავანაწილებთ პირველი ტურის შედეგებს, ბევრგან მეტწილად მაინც "ოცნება" იგებდა.
რა თქმა უნდა, ფანტასტიკური შანსი იყო ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში გამარჯვების, მაგრამ, როგორც ჩანს, ხელისუფლება ყველაფერზე წავიდა, ეს ქალაქები რომ არ დაეთმო, და დადგა ის შედეგი, რაც დადგა.
მაგრამ ერთი რამ უნდა ითქვას - ოპოზიციის წარმომადგენლები ძალიან ბევრ სერიოზულ შეცდომას უშვებენ და ეს მხოლოდ პოლიტიკოსებს არ ეხება. ეს ითქმის აქტივისტებზეც, მათ ინფლუენსერებზე და ა.შ. მათ უნდა გაიაზრონ, რომ ხელისუფლების დასამარცხებლად საჭიროა იმდენივე ხმის აღება, რამდენიც ივანიშვილმა 2012 წელს აიღო. ანუ გაცილებით დიდი მხარდაჭერა უნდა გქონდეს, რათა დაამარცხო ხელისუფლება, რომელიც კარგად იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს. ასე მოხდა 2012 წელს, როდესაც სააკაშვილიც იყენებდა დიდ ადმინისტრაციულ რესურსს, მაგრამ ოპოზიციას იმდენად დიდი მხარდაჭერა ჰქონდა, რომ ხელისუფლება თავისი ადმინისტრაციული რესურსიანად წელში გადატეხა.
ახლა ოპოზიციას ისეთი მხარდაჭერა არა აქვს, როგორიც 2012 წელს ივანიშვილს ჰქონდა და ამიტომაც ვერ ერევა სახელისუფლებო პარტიას. ეს სერიოზული პრობლემაა.
- როგორ უნდა დაიძლიოს ეს პრობლემა? - რა უნდა მოხდეს, რომ დაიძლიოს? ცხადია, გაერთიანება. გაერთიანება კი ვერ მოხერხდება, თუკი გაგრძელდება ის შეცდომები, რომლებსაც უშვებენ ოპოზიცია და მასთან აფილირებული პირები.
ეს შეცდომებია: აგრესია და ზიზღი ნეიტრალურთა მიმართ, ლამის მოღალატეებად და დამნაშავეებად აცხადებენ ე.წ. შუაშისტებს, ზემოდან ყურება და დაცინვა "ოცნების" მხარდამჭერების, რომლებიც ბევრნი არიან, მათი გამოცხადება ბიომასად და ა.შ. არ შეიძლება ასეთი ზიზღის გამოხატვა საკუთარი მოქალაქეების მიმართ. "ოცნების" ამომრჩეველიც ხომ გრძნობს ამას და ისინიც ხომ ბევრნი არიან, რაც უნდა ბევრი მოდიოდეს ადმინისტრაციულ რესურსზე, "ოცნებას" გულწრფელი ამომრჩეველიც ხომ ჰყავს?
- "ნაციონალურ მოძრაობას" ოპოზიციის გაერთიანება აწყობს? - თუ არ აწყობთ და იციან, რომ ეს წაგების ფორმულაა, მაშინ რატომღა გვიშლიან ნერვებს. თუ იმედი აქვთ, რომ ასე მოიგებენ, მაშინ მათი პრობლემაა.
- რატომ უშვებენ ასეთ შეცდომებს, რეალობას ადეკვატურად ვერ აფასებენ? - პოპულარული გამოთქმაა, ბაბლი და გავიმეორებ მეც, ბაბლში ტრიალმა იცის ასე - ანუ მაინც იქამდე მივდივართ, რომ არ აფასებენ რეალობას, საკუთარი გადმოსახედიდან უყურებენ ყველაფერს და ეს ჰგონიათ რეალობა.
- ხელისუფლების გამარჯვება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებამ განაპირობა თუ მართლა ისეთი საყოველთაო გაყალბება იყო, როგორც ოპოზიცია ამბობს? - არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ რაც დრო გადის, გაყალბება უფრო და უფრო ჭირს. მე ვერ ვიტყვი, ამ შედეგიდან ადმინისტრაციულ რესურსზე რამდენი მოდის და გაყალბებაზე რამდენი, მაგრამ მთავარია, ოპოზიციამ მიიღოს რეალობა, რომ ხელისუფლება იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს და ამის გათვალისწინებით უნდა ებრძოლოს ხელისუფლებას.
ხმები მაქსიმალურად უნდა გააერთიანო, მაგრამ ფაქტია, ვერ ერთიანდება. ვერ მიჰყავთ ნეიტრალური ამომრჩეველი არჩევნებზე და ვერც ვერასოდეს წაიყვანენ, თუკი წინასწარ გალანძღავენ და მორალური და ინტელექტუალური პიედესტალიდან ლექციებს წაუკითხავენ.
უპირველესად საზოგადოების გაერთიანებაა მნიშვნელოვანი. ამისთვის სალანძღავი სიტყვებიდან უნდა ამოიღონ სიტყვა "ქოცი", რომელსაც სალანძღავად და დამამცირებელ ტერმინად იყენებენ. საპარლამენტო არჩევნებზე შემოიღეს ახალი სლოგანიც: "იფიქრე, ქოცო, იფიქრე!". ამას რომ ეტყვი ადამიანს, როგორ მოგცემს ხმას? უნდა იფიქრონ ნეიტრალური ამომრჩევლის გულის მოგებაზეც. ეს პირველ რიგში "ნაცმოძრაობას" ეხება. გამოჩნდა, რომ მხოლოდ საკუთარი ამომრჩევლის მობილიზება საქმეს არ შველის.
აი, ჩამოვიდა სააკაშვილი და საკუთარი ამომრჩევლის მობილიზება ბოლომდე მოახდინა, მაგრამ საქმეს მაინც ვერ უშველა. ნეიტრალური ამომრჩეველი უნდა წაიყვანო, მათ უნდა ელაპარაკო მათივე ენაზე. ზემოდან ლექციები კი არ უნდა წაუკითხო, რომ შუაშისტები ხართ და არაფერი გესმით, მე ლამაზ სახელმწიფოს ვაშენებ და დამმორჩილდით, თუ არადა, უვიცები და მოღალატეები ხართო. ეს არ მუშაობს, არ მიაჩნიხარ ხალხს მასზე უფრო მაღლა მდგომად და მორჩა.
- თბილისში სცადეს გაერთიანება, დანარჩენ ადგილებში - არა. არც ერთი არ აღმოჩნდა შედეგიანი. ეს რისი ბრალია?
- თბილისში გაყალბება გაცილებით რთულია, რადგან ხალხს ასე მარტივად ვერ მოისყიდი, ვერ დააშინებ. სხვათა შორის, ოპოზიციას აქ შანსი უფრო უნდა ჰქონოდა, მაგრამ მელიასთვის, რომლის მიმართ მე პიროვნულად სიმპათია მაქვს, პრობლემა ის არის, რომ "ნაცმოძრაობას" ნეგატივი სწორედ თბილისში მოჰყვება, რადგან სააკაშვილის მმართველობის ნეგატიური მხარე შეეხო სწორედ თბილისს, საშუალო კლასს, რომლის უმრავლესობა თბილისში ცხოვრობს. შესაბამისად, "ნაცმოძრაობის" მიმართ ყველაზე მეტი აგრესია სწორედ აქ არის დაგროვილი. ბათუმში რატომ უნდა იყოს აგრესია, არ მესმის, რადგან სააკაშვილმა ყველაზე მეტი ბათუმს გაუკეთა და ლოგიკური იყო, რომ იქ მათ კანდიდატს მოეგო, მაგრამ არსებული რეალობის გათვალისწინებით, ასე მარტივი არ არის, თუკი 60%-იანი მხარდაჭერა მაინც არ გექნება. ჩანს, ამდენი ჯერ მაინც არა აქვთ.
რუსა მაჩაიძე