რა დარღვევები გამოვლინდა არჩევნების მეორე ტურში - კვირის პალიტრა

რა დარღვევები გამოვლინდა არჩევნების მეორე ტურში

"არჩევნების მეორე ტური არის გაშვებული შესაძლებლობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე", - განაცხადა "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ. შეგახსენებთ, რომ მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 30 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურზე, ცესკოს პირველადი მონაცემებით, თვითმმართველ ქალაქებში: ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ფოთში მმართველი პარტიის კანდიდატებმა მოიგეს. "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლებმა საარჩევნო კომისიებში 161 საჩივარი, ჩანაწერთა წიგნში კი 22 შენიშვნა შეიტანეს. რა ტიპის დარღვევები იყო არჩევნების მეორე ტურზე და შეეძლო თუ არა ამას საარჩევნო შედეგებზე ზეგავლენა, ამის შესახებ "ისფედის" ხელმძღვანელი ნინო დოლიძე გვესაუბრება:

- არჩევნების მეორე ტური ტექნიკური ადმინისტრირების თვალსაზრისით, ძირითადად, კანონით დადგენილი წესების შესაბამისად წარიმართა. თუმცა არჩევნების დღეს სხვადასხვა პირის საეჭვო შეკრების, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები ნეგატიურად აისახა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე, რასაც ზოგიერთ მუნიციპალიტეტში მცირე სხვაობის პირობებში შესაძლოა შედეგებზე ზეგავლენა მოეხდინა. კენჭისყრის დროს საგულისხმო იყო მარკირების მქონე პირთა მიერ ხმის მიცემის, კენჭისყრაში განმეორებით მონაწილეობისა და მარკირების შემოწმების დარღვევის ფაქტები. ასევე დაფიქსირდა სიებსა და გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებული არაერთი დარღვევა. ასევე იყო დამკვირვებლებისა და ჟურნალისტების შეურაცხყოფისა და ზეწოლის ფაქტები. რაც შეეხება ხმების დათვლისა და შეჯამების პროცესს, მნიშვნელოვანი ხარვეზები არ გამოგვივლენია, თუმცა დავაფიქსირეთ ბიულეტენების არასწორად ან სავარაუდოდ, მიზანმიმართულად გაბათილების შემთხვევები.

- ამომრჩევლის მოსყიდვისა და თავისუფალი ნების შეზღუდვის მაგალითების დასახელება თუ შეგიძლიათ? - დიახ, თუნდაც ამომრჩევლის მობილიზება და ტრანსპორტით მოყვანა, პრობლემა იყო ჟურნალისტებისა და დამკვირვებლების შეურაცხყოფა. ჩვენი ორგანიზაციის დამკვირვებელს ფიზიკური შეურაცხყოფაც კი მიაყენეს, იყო მუქარის ერთი შემთხვევაც. სადაც კი ჩვენი დამკვირვებლები დარღვევას აფიქსირებდნენ, მომენტალურად იწყებოდა აგრესიის გამოვლინება და ჩვენს რამდენიმე თანამშრომელს სამუშაო ადგილის დატოვებამ მოუწია. შეიძლება ითქვას, რომ არჩევნების დღეს გამოვლენილი ტენდენციების ერთობლიობამ დააზიანა საარჩევნო პროცესების სანდოობა. "სამართლიანი არჩევნები" მიიჩნევს, რომ არჩევნების მეორე ტური არის გაშვებული შესაძლებლობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე. გასაგებია, რომ პოლიტიკურ პარტიებს შეეძლოთ კამპანიის წარმოება - პირველი ტურის წინ ჩვენ ვსაუბრობდით ფინანსების არათანაბარ გამოყენებაზე. ამ შემთხვევაში ორივე მხარე აწარმოებდა კამპანიას და ამ მხრივ პრობლემას ვერ ვხედავ, შეიძლება ითქვას, რომ კონკურენტული არჩევნები იყო. თუმცა, მეორე მხრივ, ამომრჩევლის ნების კონტროლი დაფიქსირდა. ის, რაც ხდებოდა უბნის გარეთ, სწორედ ამომრჩევლის ნების კონტროლია.

- შეიძლება ამ არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი დადგეს? - ასე ვერ ვიტყვი. ჩვენ კი ვადასტურებთ, რომ არჩევნებზე მუქარისა და ზეწოლის ფაქტები იყო, მაგრამ არ ვიცით, ყოველივე ამან რა გავლენა მოახდინა ამომრჩევლის განწყობაზე, მართლაც დაექვემდებარა თუ არა ესა თუ ის მოქალაქე ზეწოლას, მუქარას ან მოსყიდვას. თუ გვეცოდინებოდა, რომ ზეწოლამ გავლენა მოახდინა ამომრჩეველზე, ლეგიტიმაციის საკითხი დადგებოდა, მაგრამ ამის დაზუსტება ძალიან რთულია, წარმოუდგენელიც კი.

- პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან იოსელიანი ამბობს, რომ რეფორმების შედეგად არჩევნები უფრო გამჭვირვალე იყო და მასში ჩადებულია მექანიზმი - ხმების 10%-ის გადათვლა, ხარვეზების დამალვას შეუძლებელს ხდის. - სწორედ ამიტომ იყო საარჩევნო ადმინისტრაციაში ნაკლები პრობლემა. ხმების 10%-ის გადათვლის მექანიზმმა იმუშავა, მაგრამ უმთავრესი პრობლემები გარეთ იყო, ეს ნაწილი კანონმდებლობას არ ექვემდებარება. თუ ამომრჩეველმა ზეწოლის ან მოსყიდვის შედეგად ხმა მისცა მას, ვინც მასზე ზეწოლა მოახდინა, მისი ხმა გადათვლის შემდეგაც დაფიქსირდება, ვერაფერს ვიზამთ. იმ რეფორმების შედეგად, რომელზეც ბატონი იოსელიანი საუბრობს, პრობლემები ხარისხობრივად და თვისებრივად შეიცვალა...

არიან ამომრჩევლები, რომლებიც მოსყიდვის შედეგად ნამდვილად იცვლიან განწყობას და მართლა გულწრფელად აძლევენ ხმას მომსყიდველებს. შესაძლოა თავისუფალ გარემოში მას სხვა არჩევანი გაეკეთებინა. ძნელია იმის გარკვევა, იძულებით მიყვანილმა მოქალაქემ ხმა სინამდვილეში ვის მისცა, მაგრამ ფაქტია, კონტროლი იყო.

- ოპოზიციისგან არ დაფიქსირებულა მოსყიდვა? - ჩვენ მოსყიდვის ოთხი ფაქტი დავაფიქსირეთ, მაგრამ ამას რომელი პარტია ცდილობდა, არ ვიცით. ასეთ ფაქტებს სავარაუდო მოსყიდვას ვეძახით და რთულია იდენტიფიცირება. რატომღაც ყოველთვის გვგონია, რომ მოსყიდვას მხოლოდ მმართველი პარტია ეწევა. რა თქმა უნდა, ასე არ არის. ძალიან რთულია, პირი, რომელიც ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობს, გაარკვიო, რომელ პარტიას წარმოადგენს.

ხათუნა ბახტურიძე