"დარწმუნებული ვიყავი, რომ კალაძე თბილისს აუცილებლად მოიგებდა, თუმცა მეგონა, რომ ზუგდიდს მელია მოიგებდა"
მმართველმა პარტიამ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტური, რომელიც 20 ოლქში გაიმართა, ფაქტობრივად, სრულად მოიგო. ოპოზიცია, როგორც ყოველთვის, უპრეცედენტო გაყალბებაზე ლაპარაკობს და აცხადებს, რომ ბოლომდე იბრძოლებს. როგორ აფასებს არჩევნების შედეგებსა და არსებულ ვითარებას, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, ამ საკითხებზე პოლიტიკის ანალიტიკოსს ვახტანგ ძაბირაძეს ვესაუბრეთ.
- დარწმუნებული ვიყავი, რომ უმრავლეს ოლქში "ქართული ოცნება" გაიმარჯვებდა. რამდენში, ეს უკვე რთული საკითხი იყო, მაგრამ ის, რომ უმეტესობას მოიგებდა, ცხადი იყო. ასევე დარწმუნებული ვიყავი იმაშიც, რომ კალაძე თბილისს აუცილებლად მოიგებდა და დედაქალაქის მერი გახდებოდა. თუმცა მეგონა, რომ ზუგდიდს მელია მოიგებდა, მაგრამ, როგორც ჩანს, მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.
- ოპოზიციას სად შეეშალა? თავად ხომ გამარჯვებაში იყვნენ დარწმუნებული? - ვერ ვიტყვი, რომ დარწმუნებული იყვნენ. რაც შეეხება შეცდომას, ოპოზიცია პროცენტებს ძალიან ცუდად ითვლის, ანუ უბრალოდ აჯამებს. თუნდაც პირველ ტურში, რადგან "ოცნებამ" 50%-ზე ნაკლები აიღო, მაგრამ როდესაც საკითხი დგება ერთი ერთზე - "ქართული ოცნება" თუ "ნაციონალური მოძრაობა", ის ოპოზიციური ამომრჩეველი, რომელიც წვრილ პარტიებს უჭერდა მხარს, არითმეტიკულად ჯამურად არ გადადის ოპოზიციის კანდიდატთან.
დარწმუნებული ვიყავი, რომ გახარიას ამომრჩევლის აბსოლუტური უმრავლესობა, "ოცნებასთან" წავიდოდა, ისევე, როგორც ანა დოლიძის ხმები გაიყოფოდა - წვრილი პარტიების ამომრჩევლის დიდი უმრავლესობა და იმათი, ვინც არ მოუწოდებდა, რომ ოპოზიციის კანდიდატისთვის მიეცათ ხმა. ასე მარტივად არ იყო, რომ ყველა ოპოზიციის კანდიდატს დაუჭერდა მხარს. 
ცხრა წელია სწორედ ეს ხდება და ოპოზიცია ცხრა წელია, ცდილობს, რომ როდესაც თამაში ერთი ერთზე მიდის, ოპოზიციური ხმები სრულად თვითონ მიითვალოს. უფრო სწორად, თავისად ჩათვალოს, მაგრამ ასე არ ხდება. ვერც საპარლამენტო არჩევნებმა დაარწმუნა ამაში ოპოზიცია და ვერც საპრეზიდენტო არჩევნებმა და თუკი ასე გაგრძელდება, ცხადია, ისევ წააგებს.
- "ნაციონალებს" არ აწყობთ, რომ ამომრჩეველი გაერთიანდეს თუ ვერ ხვდებიან, როგორ უნდა გააერთიანონ? სად არის პრობლემა? - პრობლემა რეალობის მცდარად შეფასებაა. ოპოზიციაში გამწევი პარტია "ნაცმოძრაობაა", მაგრამ როდესაც ბევრი პარტია მონაწილეობს, ოპოზიციური პარტიების ჯამური შედეგი მეტია ხელისუფლების შედეგზე და "ნაცმოძრაობა" რატომღაც თვლის, რომ ეს სულ მისია. თუმცა, როდესაც არჩევანი დგება, მაგალითად, ზურაბიშვილსა და ვაშაძეს შორის, ოპოზიციური ამომრჩეველი ვაშაძესთან არ მიდის. ასეთ შემთხვევაში უკვე "ოცნება" იგებს, რადგან
ოპოზიციური ამომრჩევლის გადამწყვეტი ნაწილი მეორე ტურში არჩევანს "ნაცმოძრაობის" სასარგებლოდ არ აკეთებს. ამასთან, ნეიტრალურ ამომრჩეველს, რომელსაც შესაძლოა სულ არ უნდა "ოცნება", ასევე არ სურს არასტაბილურობა და არეულობა, ამიტომაც არ აძლევს "ნაცმოძრაობის" შიშით ოპოზიციას ხმას. ეს ფაქტორები ზედაპირზე დევს, მაგრამ არ აქცევენ ყურადღებას, და ესაა პრობლემა.
- თბილისში ოპოზიციის გაერთიანება რა იყო? თუ შეცდომა იყო, რა შეეშალათ? - თბილისში ვინ გაერთიანდა? გაერთიანდა "ნაციონალური მოძრაობის" ელექტორატი, პლუს ბურჯანაძე, რომელიც თავის დროზე "ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი იყო, და პლუს "ლელო", რომლის ელექტორატი გადამწყვეტად შემცირდა მას შემდეგ, რაც შარშან საპროტესტო აქციებში მიიღეს მონაწილეობა. ამიტომ ცხადია, ამას ვერც ოპოზიციის გაერთიანების ეფექტი ექნებოდა და შედეგიც რომ ასეთი იქნებოდა, იმთავითვე ვამბობდით მეც და სხვებიც. აქედან ჩანს ოპოზიციური ამომრჩევლის დამოკიდებულება "ნაციონალური მოძრაობისადმი".
ახლა აქციები იწყება, მაგრამ შედეგი რა იქნება? გათვლილი აქვთ? ან იციან, აქციების მერე რას აპირებენ? ისევ ის წრე ჩანს, რომელზეც აქამდე ტრიალებდნენ.
- ამ რეალობიდან გამომდინარე, სხვა რა უნდა ექნათ. ან უნდა ეთქვათ, რომ წააგეს, ან გაყალბებაზე გაეკეთებინათ აქცენტი, რასაც აქციები ლოგიკურად მოსდევს. - მე რომ მკითხო, აქციები არასწორია. ამით ერთ წრეზე ვტრიალებთ და რას მოგვცემს?
- ისიც ითქვა, რომ არჩევნებმა საქართველოში თავი ამოწურა. რამდენად სწორად მიგაჩნიათ აპელირება გაყალბებაზე და იმაზე, რომ საქართველოში არჩევნებს აზრი არა აქვს? - მაშინ ვილაპარაკოთ რევოლუციაზე. ხელისუფლება სხვანაირად არ იცვლება - ან არჩევნებით ცვლი, ან რევოლუციით.
რევოლუციასაც ასე მარტივად ნუ უყურებთ, მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას რევოლუცია არ სურს და არც "ნაციონალურ მოძრაობას" არ ჰყავს ისეთი ელექტორატი, რომელიც ამას გააკეთებს.
ახლა სხვა ვითარებაა. 2021 წელს სურთ 2003 წლის გამეორება, მაგრამ არ გამოვა. მაშინ სულ სხვა ვითარება იყო.
- ტოტალურ გაყალბებაზე საუბარი რეალობის რამდენად ადეკვატური შეფასებაა? - კარდინალური ცვლილებები არ ხდება და თუ ამას მიხვდება ოპოზიცია, კარგია. თუ არ მიხვდება, მაშინ მუდმივად რევოლუციაზე ილაპარაკებს.
- როდესაც კომისიებში ოპოზიციის წევრები ოქმებს ხელს განსხვავებული აზრის დაფიქსირების გარეშე აწერენ, ადეკვატურია გაყალბებაზე საუბარი? ახლა რა საფუძველი აქვთ, რომ გადათვლა მოითხოვონ და როგორ შეიძლება ეს გაკეთდეს? - ლოგიკური იქნებოდა, ჯერ საჩივრები შეეტანათ და დაწყებულიყო მათი განხილვა... ახლა აპირებენ, ორივე ერთად გააკეთონ, აქციებიც და გასაჩივრებაც, და ეს ძალიან გაუჭირდებათ. არალოგიკურია, რომ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების თუნდაც გაყალბების გამო საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვდე. ახლა მთავარია, უბნების გადათვლა მოითხოვონ იქ მაინც, სადაც თუნდაც მცირე შანსია, ანუ, ფაქტობრივად, 50X50-ზეა შედეგები. მოსყიდვასა და გაყალბებაზე რომ ლაპარაკობენ, ეს უნდა დაასაბუთონ, მაგრამ როგორ უნდა დაასაბუთო, როდესაც არც სათანადო საჩივარი გაქვს და არც ოქმზეა ეს აზრი დაფიქსირებული?
- ამ რეალობიდან გამომდინარე, როგორ შეიძლება პროცესები განვითარდეს? - ხელისუფლება რევოლუციას არ დაუშვებს, დარწმუნებული ვარ. ოპოზიცია რას გააკეთებს, ვერ გეტყვით. ასე არ ხდება, ვიღაცას რევოლუცია მოუნდება და გააკეთებს. ამიტომ ახლაც ვერ მოხდება, დანარჩენი კი ვნახოთ, დრო გვიჩვენებს.
რუსა მაჩაიძე