"ივანიშვილი და სააკაშვილი ერთგვარი ეგოცენტრისტები­ არიან, რომლებსაც პოლიტიკური პროცესი ვერ წარმოუდგენიათ, თუ ისინი არ არიან ცენტრალური მოთამაშეები" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილი და სააკაშვილი ერთგვარი ეგოცენტრისტები­ არიან, რომლებსაც პოლიტიკური პროცესი ვერ წარმოუდგენიათ, თუ ისინი არ არიან ცენტრალური მოთამაშეები"

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება, ფაქტობრივად, განწირულია, რადგან მან წაგება-მოგების ზღვარზე გაიარა კომპრომეტირებულ პოლიტიკურ ძალასთან, რომლის ლიდერი ციხეში ზის და რომელ პარტიასაც ცხრა წელია, ამთავრებენ. მისი თქმით, ეს შედეგი მოსალოდნელი იყო, რადგან ოპოზიცია არ დგამს სწორ ნაბიჯებს.

- ასეთი შედეგი მოულოდნელი არ ყოფილა. მეორე ტური მაინც სამობილიზაციო ტურია და ხელისუფლების რესურსების მობილიზაცია მეორე ტურებში უფრო მაღალია. მით უმეტეს, რომ ხალხი გაყოფილია და მას უწევს არჩევნის გაკეთება წარსულსა და აწმყოს შორის, პოლიტიკურ მაგიდაზე მომავლის არჩევანი საერთოდ არ არსებობს. ხელისუფლებას მატერიალური და ადმინისტრაციული რესურსი მეტი აქვს, ეს აძლევს აშკარა უპირატესობას და ეს მოცემულობა დადგა.

ოპოზიციის შანსი იყო აქტივობის გაზრდა პირველ ტურში თამაშგარეთ დარჩენილი კანდიდატების ელექტორატის სახით, გახარიას, ანა დოლიძის და ა.შ. ელექტორატის სახით. თუმცა ნაცვლად იმისა, აქტივობა გაეზარდათ, შემცირდა - 3%-ით ნაკლები იყო პირველ ტურთან შედარებით. ვერ მოახერხეს ისეთი პოზიტიური დღის წესრიგის ჩამოყალიბება, რომელიც სხვა კანდიდატების ამომრჩეველს მოიზიდავდა, იმ ამომრჩეველს, რომლისთვისაც მიშა სააკაშვილის ბედი არ არის პრიორიტეტული. უფრო მეტიც, ბევრს მიაჩნია, რომ სააკაშვილი დამნაშავეა და ციხეში უნდა იჯდეს.

- რატომ ვერ მოახერხეს? - ობიექტური მიზეზების გამო. ვერ ვიტყვი, რომ ამაში სააკაშვილის როლი გადამწყვეტი იყო, მაგრამ მნიშვნელოვანი გახლდათ. მან საბოლოოდ პოლიტიკური პროცესი უფრო დააზიანა, ვიდრე სარგებელი მოუტანა. მან მაქსიმალურად გააძლიერა საკუთარი პარტია და პრინციპში, მისი ელექტორატისა და მის ორბიტაზე მყოფი პოლიტიკური ძალების მაქსიმალური მობილიზება გამოიწვია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ხელისუფლებას წინააღმდეგობა გაუწიო.

მისი ამ ვოიაჟის გამო ოპოზიციამ 5-7% დაკარგა, რადგან ორპოლუსიანობა ჩამოყალიბდა. თუმცა არ მიკვირს, რადგან ასეთია სააკაშვილი. ივანიშვილი და სააკაშვილი ერთგვარი ეგოცენტრისტები არიან, რომლებსაც პოლიტიკური პროცესი ვერ წარმოუდგენიათ, თუ ისინი არ არიან ცენტრალური მოთამაშეები.

ცოტა ოპტიმიზმი რომ შევიტანო ანალიზში, ვიტყვი, რომ ფაქტობრივად, ეს არის ბოლო სისტემურად მანკიერი არჩევნები - ფასი, რაც ხელისუფლებამ ამ არჩევნებში გადაიხადა, არის გარანტირებული წაგება მომავალ საპარლამენტო არჩევნებში. სხვა საკითხია, რომ მათ წაგებას გაფორმება სჭირდება. საჭიროა მომავლის არჩევნის ფორმირება - ან უკვე გაჩენილი ნაპერწკლების გაძლიერებით, ან სრულიად ახალი პოლიტიკური ელიტით. ხელისუფლება, ფაქტობრივად, განწირულია, რადგან მან წაგება-მოგების ზღვარზე გაიარა კომპრომეტირებულ პოლიტიკურ ძალასთან, რომლის ლიდერი ციხეში ზის და რომელ პარტიასაც ცხრა წელია ამთავრებენ. თან იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლებამ ყველაფერი იკადრა, და დიდი ბოდიში, შარდის სუნიც კი დააყენა.

- "ოცნების" ის ლიდერები, რომლებიც საზოგადოებაში ნეგატიურ განწყობებს იწვევენ, რომ ჩამოაშორონ, შეიცვლება სიტუაცია? - კობახიძე და ღარიბაშვილი კი არიან მინუსებში, მაგრამ "ოცნება" რელიგიაა და არა პარტია, რომელსაც ჰყავს ერთადერთი ლიდერი, რომელიც ყველგან არის, და რა მნიშვნელობა აქვს, პოზიციებზე ვინ იქნებიან? ამომრჩეველი, რომელიც ხმას აძლევს "ოცნებას", ხმას აძლევს იმას, რომლის სახელის თქმა არ შეიძლება, მაგრამ რომლის სულიც ყველგან ტრიალებს. ამან რაღაც რიტუალის სახე მიიღო. არა იმიტომ, რომ უყვართ, არამედ სწამთ მისი უძლეველობის.

ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერს აწერს ხელს, მაგრამ მამაძაღლობის რესურსი უსასრულო ხომ არ არის? "ნაცმოძრაობას"კი ამ ბარიერის გადალახვა არ შეუძლია. ისევ ორპოლუსიანობა, ისევ რესურსების მობილიზება, ადამიანების იძულება, რომ არჩევანი გააკეთონ ცუდსა და უარესს შორის და ასეთ ბრძოლაში, ყოველთვის გაიმარჯვებს ის, ვისაც მეტი რესურსი აქვს, ესე იგი, ხელისუფლება.

ორპოლუსიანობა აღარ უნდა დავუშვათ. ამის საშუალებას კი ყველაზე უკეთ პროპორციული არჩევნები იძლევა და უკვე ცხადია, რომ ხელისუფლებას პროპორციულ არჩევნებზე ძალაუფლების შენარჩუნების შანსი არა აქვს.

ამ მოცემულობით უკვე აგებს ხელისუფლება პროპორციულ არჩევნებს და მანამდე მისი მდგომარეობა ხომ უფრო გაუარესდება, რადგან სახელმწიფოებრივი პრობლემების მოგვარებაზე არ ფიქრობს. ისინი სააკაშვილით იწყებენ და ამთავრებენ და საზოგადოებას ამ პრობლემების მოგვარებასაც კი არ ჰპირდებიან. ეუბნებიან, ჭაობში კი სხედხართ, მაგრამ ჯობს, ისხდეთ, რადგან, თუ თავს ამოყოფთ, ვიღაც წაგაცლითო.

- ოპოზიცია გაყალბებაზე ლაპარაკობს და ითქვა, რომ არჩევნებს აზრი არა აქვს. - ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურსს ყოველთვის ბოროტად იყენებდა და ამის გადალახვა ხერხდებოდა მხოლოდ მაშინ, როდესაც იქმნებოდა ალტერნატიული მომავლის არჩევნის იმედი. ეს მოხდა 2003-სა და 2012-ში. ამიტომ უნდა ვიპოვით ჩვენს თავში ძალა, მაგრამ ეს თავისთავად არ მოდის და არც მოვა, თუ საზოგადოებამ თავის თავში გასარღვევად რესურსი არ იპოვა.

რუსა მაჩაიძე