"დიდწილად ამან გადაწყვიტა მეორე ტურის ბედი..." - არჩევნებიდან არჩევნებამდე ანუ ისევ მძიმე ნოემბრის მოლოდინში?!
"ოპოზიცია ტყუილად დაელოდება, რომ აქციების შემთხვევაში არმია, პოლიცია და სხვა მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტები მის მხარეს გადავლენ"
30 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის ხუთ დიდ ქალაქში, მათ შორის - თბილისში, "ქართული ოცნების" კანდიდატებმა გაიმარჯვეს. თვითმმართველი თემის მერის არჩევნების მეორე ტურში მხოლოდ წალენჯიხაში გაიმარჯვა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა, დანარჩენ მუნიციპალიტეტებში კი - "ქართული ოცნების" კანდიდატებმა. საკრებულოების მაჟორიტარ წევრთა ასარჩევად მეორე ტური 24 მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდა. სულ აირჩიეს 42 მაჟორიტარი. მათგან 14 ოპოზიციის წარმომადგენელია.
"ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა "ქართული ოცნების" მყარი ლეგიტიმაცია, რომელიც ჩვენ უდიდეს პასუხისმგებლობას გვაკისრებს", - განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, თუმცა ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა და მათ გამარჯვება მოჰპარეს. "ნაციონალური მოძრაობა" ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს აანონსებს.
არჩევნების შედეგების შეფასებით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან:
- მეორე ტურამდე "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში ვთქვი, თითო-ოროლა თემის გარდა, ყველგან "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს-მეთქი და ასეც მოხდა. გეტყვით, რამ მომცა ამის თქმის საფუძველი. საქმე ის არის, რომ თუ გადავხედავდით პირველი ტურის შედეგებს, განსაკუთრებით - დიდ ქალაქებში, აშკარად ჩანდა, რამდენად სერიოზული იყო გახარიას პარტიის წილი. დიდწილად ამან გადაწყვიტა მეორე ტურის ბედი, მაგრამ ვვარაუდობდი იმასაც, რომ ეს ამომრჩეველმა მეორე ტურში "ნაციონალურ მოძრაობას" არ მისცემდა ხმას და ასეც მოხდა. გახარიას მხარდამჭერთა ნაწილი ან არ წავიდა არჩევნებზე, ან "ქართულ ოცნებას" დაუჭირა მხარი. სხვათა შორის, ამ არჩევნებმა ლაპიდალური სიცხადით გამოავლინა ჩვენი საარჩევნო სისტემის მანკიერება არაერთი მიმართულებით, რაზეც უცხოელმა დამკვირვებლებმაც გაამახვილეს ყურადღება.
მეორე ტურმა კიდევ ერთხელ ცხადად აჩვენა, რომ ამ ქვეყანაში ხმას მნიშვნელოვანწილად არა ვინმეს სასარგებლოდ, არამედ ვიღაცის წინააღმდეგ აძლევენ. როდისმე გინახავთ, ვაკეში ასეთი მაღალი ყოფილიყო ამომრჩევლის აქტივობა? ფაქტობრივად, თბილისში ვაკემ რეკორდი დაამყარა და ეს სწორედ არა ვინმეს მხარდასაჭერად, არამედ საწინააღმდეგოდ მიცემული ხმებია.
მე ვნახე ძალიან ბევრი უბნის პირველადი მასალები, რაც მნიშვნელოვანი სოციოლოგიური კვლევის უზარმაზარ შესაძლებლობას იძლევა და ამის საფუძველზე სერიოზული დასკვნების გაკეთება იქნება შესაძლებელი. ვურჩევდი კახა კალაძეს, დაინტერესდეს ამგვარი ანალიზით.
ჩვენი საარჩევნო სისტემის კიდევ ერთ მანკიერებაზე გავამახვილებ ყურადღებას: მაგალითად, რა აკავშირებდა გიგი უგულავას ფოთთან ან ხატია დეკანოიძეს - ქუთაისთან? წესით, ქალაქის მერი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც ქვეცნობიერ, უჯრედულ დონეზე გრძნობს თავისი ქალაქის პრობლემებს. აქედან გამომდინარეც ჩანს, რომ ჩვენში კანდიდატები მხოლოდ პარტიული დღის წესრიგით სახელდებიან და ამომრჩეველიც ხმას ასე აძლევს. ქალაქის თუ მუნიციპალიტეტის განვითარებაზე არავინ ფიქრობს. ოღონდ კი ის არ მოვიდეს ხელისუფლებაში, ვინც ჩვენ არ მოგვწონს და წყალსაც წაუღია ყველაფერი. ასე ქვეყანა ვერ განვითარდება. სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს საარჩევნო კანონმდებლობა. ვეთანხმებით პრეზიდენტს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა ჩვენს ქვეყანას არ ადგება. ვფიქრობ, ჩვენისთანა ქვეყნისთვის გაცილებით უკეთესი იქნება სრულად მაჟორიტარული სისტემა, რომლის პირობებშიც შესაძლებლობა მიეცემათ დამოუკიდებელ კანდიდატებს, გამოავლინონ თავიანთი თავი. ყველაზე კარგი მერი იქნებოდა დამოუკიდებლად მოაზროვნე, პროფესიონალი ადამიანი, რომელიც არანაირ პარტიულ დისციპლინას არ დაექვემდებარებოდა.
ძალიან ბევრია ასეთი ადამიანი, ვისაც ხელეწიფება ქალაქის თავკაცობა, მაგრამ იმიტომ, რომ პარტიამ არ აირჩია, ისინი თამაშგარე რჩებიან. ვიდრე ეს არ შეიცვლება, ჩვენ სულ ასეთი პოლარიზება გვექნება.
ამ არჩევნებზე კიდევ ერთი რაღაც გამოჩნდა: ბოლო წლების განმავლობაში "ნაციონალურ მოძრაობას" ქვეყნის მოსახლეობის 10-12% უჭერდა მხარს, ახლა ეს რიცხვი გაიზარდა. ეს არ ნიშნავს, რომ ნიკა მელია ან მიხეილ სააკაშვილი ეხატება ვინმეს გულზე - არა! ეს ნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" აღარ უნდათ. კიდევ ერთიც - პოლიტიკოსის სიტყვამ სულ დაკარგა ფასი. მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობა" დასრულებულიაო. როგორ არის დასრულებული, როდესაც მისმა კანდიდატმა დედაქალაქში ხმების 44% მიიღო, ხოლო პირველ ტურში თითქმის 450 000-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა?!
თავის მხრივ, "ნაციონალური მოძრაობა" აცხადებს, არჩევნები გაუქმებულიაო, ანუ მე თუ არ გავიმარჯვე, ყველაფერი უქმდებაო, არადა, დარწმუნებული ვარ, მეორე ტურის შედეგები რეალურია. როგორც უკვე გითხარით,
ძალიან ბევრი უბნის პირველადი ოქმები ვნახე და თითო-ოროლას გარდა, ყველა პარტიის წარმომადგენელი კომისიის წევრების ხელმოწერით არის დამოწმებული.
კალაძემ 10%-ზე მეტით მოიგო არჩევნები. ეს არ არის პატარა რიცხვი, ამდენის გაყალბება შეუძლებელია და ამ შედეგების ეჭვქვეშ დაყენება არასწორი მგონია.
იმ ქალაქებში, სადაც პირველი ტური წააგო "ქართულმა ოცნებამ", ხედავდნენ, ცუდად იყო საქმე და არნახული მობილიზება გამოაცხადეს, იმუშავეს. შესაძლოა, ამ პროცესში იყო გადაჭარბება, დარღვევები, ადამიანების ნებით მანიპულირებაც, მაგრამ ეს საქართველოა, აქ მსგავსი ფაქტები ყოველთვის ხდებოდა და კიდევ კარგა ხანს მოხდება...
აქვე გავაგრძელებ თემას, რომ ქართული საარჩევნო კანონმდებლობა ბევრი მიმართულებით ძალიან ცუდია. მაგალითად, ის არ უკრძალავს პრემიერ-მინისტრს, ჩავიდეს რეგიონებში და ჩაერთოს წინასაარჩევნო კამპანიაში. ბევრ ქვეყანაში ეს დაუშვებელია, ჩვენთან კი ამას კანონმდებლობა არ კრძალავს, რაც აუცილებლად შესაცვლელია.
- "არავის ჰქონდეს იმის ილუზია, რომ გაყალბებულ, ძალადობრივ, სულში შეურაცხყოფამიყენებული გზით მოპარული არჩევნები რომელიმე ხელისუფლებას, მით უმეტეს - ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას შერჩება. ბრძოლა გუშინ არათუ არ დასრულებულა, არამედ ბრძოლა დაიწყო", - განაცხადა ნიკა მელიამ. ოპოზიცია ისევ საპროტესტო აქციებს აანონსებს... - რაღა დაგიმალოთ და, რევოლუციას არ ველი. ბევრს კი ლაპარაკობენ სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლაზე, მაგრამ მეორე ტურმა აჩვენა, რომ "ქართული ოცნება" ჯერ კიდევ მყარად დგას და ოპოზიცია ტყუილად დაელოდება, რომ აქციების შემთხვევაში არმია, პოლიცია და სხვა მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტები მის მხარეს გადავლენ. სხვათა შორის, არჩევნების დასრულების შემდეგ ნიკა მელიასა და გიგი უგულავას პირადი მომავალი საკმაოდ ბუნდოვანი ჩანს. ისინი შეიძლება ციხეში აღმოჩნდნენ. მოგეხსენებათ, მელიამ ამნისტიაზე უარი თქვა, თუმცა მისი საქმე ამით არ დასრულებულა.
"ნაციონალურ მოძრაობას" ვურჩევ, ბოლოს და ბოლოს, განახორციელოს ძირეული რებრენდინგი, შეიცვალოს სახელი და ახალგაზრდებს დაუთმონ ასპარეზი.
ზოგადად, რევოლუციური მუხტი არსად იგრძნობა, სრული სიმშვიდე იყო ქვეყანაში არჩევნების მეორე დღეს. კი ბატონო, დაუძახებენ, გამოიყვანენ 20-30 ათას კაცს, აყვირებენ და გაუშვებენ შინ. სხვა რა გზა აქვთ, სახელმწიფო უწყებების შტურმს დაიწყებენ? მეეჭვება, თანაც კი ვიცით, რითიც სრულდება ხოლმე ამგვარი შტურმი.
საერთოდ კი, ოპოზიციამ საბოლოოდ უნდა გაიგოს, რომ მიშა-მიშას ძახილით, თავისი თავი თვითონ შეჰყავს ჩიხში.
- თქვენ ახსენეთ "ქართული ოცნების" მიერ ამომრჩევლის მობილიზაცია. ექსპერტთა ნაწილის აზრით, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება "ნაციონალური მოძრაობისთვის" იქნებდა ფაქტორი, რომელიც მისი ამომრჩევლის მობილიზაციას შეძლებდა... - შეძლო კიდეც. სწორედ ამის წყალობით მიიღო ამ ძალამ ასეთი მხარდაჭერა როგორც პირველ, ისე მეორე ტურში, მაგრამ გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და ვერც აღმოჩნდებოდა. ნუ დაგავიწყდებათ, რომ საქართველოში, სულ მცირე, 300 ათასი კაცია სააკაშვილის მმართველობისგან დაზარალებული...
- კიდევ ერთი ფაქტორი, რის გამოც ოპოზიციას წარმატების იმედი ჰქონდა, ის ე.წ. ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობები იყო, რომლებიც მათ თბილისსა და რამდენიმე დიდ ქალაქში წარადგინეს... - ამას წინათ ვთქვი ამ ე.წ. ჩრდილოვან მთავრობაზე, ეს უიმედობის ინიციატივაა-მეთქი. "ნაციონალურ მოძრაობას" მსგავსი რამ რეალურად რომ ნდომებოდა, ამას პირველ ტურამდე გააკეთებდნენ. თან კოალიცია ვის შესთავაზეს? 1-2%-იან პარტიებსა და "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ წარმომადგენლებს. ამით "ნაციონალურ მოძრაობას" ბევრი არაფერი მიმატებია, პირიქით კი მოხდა. ამ პარტიებმა თვითლუსტრაცია მოახდინეს. ვფიქრობ, მათი დამოუკიდებელი რეიტინგი უფრო შემცირდება. ეს ინიციატივა თავიდანვე განწირული იყო.
ქართველი ამომრჩეველი ბეცი არ არის, ის პოლიტიკოსებზე მეტს ხვდება. ეს იყო კოალიციური მთავრობის კარიკატურული იდეა. როგორც წესი, კოალიციურ მთავრობებში პარტიებს მოჰყავთ არაპოლიტიკოსი, პროფესიონალი ადამიანები და არა - პარტიების ლიდერები...
- ოპოზიციაში აცხადებენ, რომ როგორც წინასაარჩევნოდ, ისე არჩევნების დღეს იყო მნიშვნელოვანი დარღვევები... ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ალბერტ იონსონის, შეფასებით, არჩევნების მეორე ტურის დროს შეინიშნებოდა შეურაცხმყოფელი და უარყოფითი რიტორიკის გამწვავება. როგორც მან პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ბოლო დღეებში მკვეთრად გააქტიურდა ნეგატიური კამპანია მედიასა და სოციალურ ქსელში. მისივე თქმით, ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ნაწილი კვლავ შეუსრულებელია და ეს ეხება, მაგალითად, საარჩევნო უფლებების შეზღუდვას, დავებსა და ადმინისტრაციული რესურსის არასათანადოდ გამოყენებას... - ჩემი აზრით, დარღვევების თვალსაზრისით, ახალი არაფერი მომხდარა. არც იმაზე მეტი მოსყიდვა თუ ზეწოლა ყოფილა, ვიდრე სხვა არჩევნებზე ხდებოდა. შესაბამისად, არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა არც წინასაარჩევნოდ და არც - არჩევნების დღეს. ფიცხი ხალხი ვართ ქართველები, ხშირად წავეკიდებით ხოლმე ერთმანეთს. რასაკვირველია, ეს კიდევ დიდხანს არ დამთავრდება და ამაში თავისი ნეგატიური წვლილი არასწორ საარჩევნო სისტემასაც შეაქვს. როგორც გითხარით, ყველაზე არასწორი მგონია ის, რომ საქართველოს კანონმდებლობა მთავრობის წევრებს არ უშლის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას. წარმოუდგენელია, ნორმალურ ქვეყანაში მსგავსი რამ ხდებოდეს. ეს არის მახინჯი კანონმდებლობა, რაც შესაცვლელია.
- მართლაც შემაშფოთებელი იყო ის შეურაცხმყოფელი რიტორიკა, რომელსაც წინასაარჩევნოდ ვისმენდით. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მმართველი ძალა გამოირჩეოდა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი ყველას და ყველაფერს გადააჭარბა... - მართალი ხართ, პრემიერ-მინისტრისგან და არა მხოლოდ მისგან ბევრი მარგალიტი მოვისმინეთ. რომელი ერთი გავიხსენო, აღარც ვიცი. მაგალითად, ჩვენ ვთქვით, რომ გახარია ნარკომანია და ახლა თვითონ ამტკიცოს, რომ არ არისო... ან ამ ბოლო ხანს ნათქვამი, რომ თურმე თვითმკვლელობის უფლება კანონით გვაქვს მონიჭებული... ეს ხალხი არ ფიქრობს ქვეყნის შორეულ მომავალზე, უახლოესი მიზნისთვის კი მზად არიან, ამგვარი არაადეკვატური განცხადებები აკეთონ. არჩევნები რომ დამთავრდება, მერე რა იქნება, ამაზე ნაკლებად დარდობენ, ალბათ, ფიქრობენ, მთავარია გავიმარჯვოთ და მერე ან ვირი მოკვდება, ან - ვირის პატრონიო... ერთხელ ვთქვი და გავიმეორებ, რომ პრემიერი ღარიბაშვილი სულ სხვა იყო ივანიშვილის პოლიტიკური აქტიურობისას და სულ სხვაა ახლა. მაშინ გაცილებით უფრო დაბალანსებულიც იყო და, როგორც ვიცი, რამდენიმე კარგი პროექტის იდეაც მას ეკუთვნოდა, ახლა კი, გარდა იმისა, ინფრასტრუქტურა განვავითაროთ რეგიონებშიო, სხვა იდეა არ მომისმენია. თანაც მას დაუოკებელი ზიზღი აქვს "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ და დიპლომატობაც არ ჰყოფნის - ენაზე რაც მოადგება, ყველაფერს ამბობს. ჯერ იტყვის და მერე ფიქრობს. თვითმკვლელობის შესახებ განცხადების შემდეგ თქვა, სხვა ვთქვი და სხვანაირად გამიგესო, მაგრამ სინამდვილეში ძალიან გასაგებად თქვა ყველაფერი.
ყველაზე დიდი პრობლემა კი ის მგონია, რომ საქართველოში არ არსებობს კანონი დიფამაციის შესახებ. აქ ყველაფერი მოსულა. ჩვენ თუ გვინდა, დემოკრატიული სახელმწიფო გვქონდეს, უნდა გავიგოთ, რომ დემოკრატია არ არის უმრავლესობის თარეში, ეს არის უმცირესობის აზრის პატივისცემა. ასეთ პოლარიზებულ საზოგადოებასა თუ პარლამენტში, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია ერთმანეთის მოსმენა. პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა და კახა კალაძე ცდილობდნენ, მოეთოკათ ეს რიტორიკა და გაწონასწორებულად ელაპარაკათ, მაგრამ მათაც წამოსცდათ არაერთი შემაშფოთებელი და მიუღებელი ფრაზა..."ხელისუფლებამაც უნდა დაასრულოს მუდმივად კონფრონტაციულ რეჟიმში ცხოვრება და უფრო აქტიურად დაკავდეს ხალხის პრობლემების გადაჭრით."
- ბოლო დროს ყველა არჩევნების თავის ტკივილად იქცევა ხოლმე ეგზიტპოლები. პოლარიზებული ტელემედიის პირობებში ჩატარებული გამოკითხვები ზოგჯერ ისეთ ურთიერთგამომრიცხავ შედეგებს იძლევა, უკვე მერამდენედ გამარჯვებას ყველა ერთდროულად ზეიმობს... ამჯერადაც ასე მოხდა, მაგალითად, "იმედის" და "მთავარის" ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები სრულიად ასცდა ერთმანეთს. ზუსტად მეორე ტურის წინ ცნობილი გახდა, რომ "მთავარი არხი", რომელსაც "ქართული ოცნება", საერთაშორისო კვლევით ორგანიზაცია IPSOS-სთან ერთად, საზოგადოებრივი აზრის კვლევებით მანიპულაციაში ადანაშაულებდა, ეგზიტპოლს IPSOS-ის გარეშე ჩაატარებდა. "მთავარი არხის" დირექტორმა ნიკა გვარამიამ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე IPSOS-სთან ურთიერთობის გაწყვეტა გადაწყვიტა, რადგან, მისი თქმით, პარტნიორებმა უხეშად დაარღვიეს კონტრაქტი. - რასაც ნიკა გვარამია აკეთებდა არჩევნების დღეს, ეს სასაცილოდაც არავის ჰყოფნიდა. რისთვის დასჭირდათ ეს სასაცილო ეგზიტპოლი, რომ მერე ხალხი ქუჩაში ეხმოთ?
მეც ვფიქრობ, რომ ეს შედეგები გვარამიას კაბინეტში, ყოველგვარი გამოკითხვის გარეშე დაიწერა. ვერ წარმომიდგენია ერთ დღეში ჯერ ახალი კომპანიის პოვნა და შემდგომ - ეგზიტპოლის ჩატარება...
ამ შემთხვევაში "გორბის" მონაცემები ნამდვილად უფრო სანდო ჩანს. ეგზიტპოლების პრობლემა უდავოდ გაუჩნდა ოპოზიციას. ადრე, ძირითადად, უცხოურ კომპანიებს უკვეთავდნენ, ახლა, როგორც ჩანს, ამ კომპანიებმა უარი თქვეს მათი გამოგონილი რიცხვების გამოქვეყნებაზე. ისე გამოაცხადეს, თითქოს IPSOS-სთან გვარამიამ გაწყვიტა ხელშეკრულება. ამას წინ უძღოდა სოციოლოგიური კვლევების შედეგი, რომლის ერთი დეტალი - ზუგდიდის მერის არჩევნებში მონაწილე კანდიდატების რეიტინგი "მთავარმა არხმა" არასწორად გამოაქვეყნა და უპირატესობა ოპოზიციურ კანდიდატს მიანიჭა, რაც ასე არ ყოფილა. ჩემი აზრით, ამის მერე სწორედ IPSOS-მა თქვა უარი თანამშრომლობაზე...
- ხელისუფლება კი ამტკიცებს, სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არისო, მაგრამ ხშირად სწორედ ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები აქცევს მას პოლიტპატიმრად. მაგალითად, მეორე ტურის წინ პრემიერმა განაცხადა, სააკაშვილს არეულობის გეგმა ჰქონდა და პროვოკაციისთვის ორი ადამიანის მოკვლა იგეგმებოდაო. სწორედ ამის შემდეგ სუს-მა გაავრცელა განცხადება მსგავსი სცენარის შესახებ... - საერთოდ, ბურუსით არის მოცული, ვინ შემოიტყუა მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში: ეს მისი დაუდევრობა და არასწორი პოლიტიკური გათვლა იყო თუ შესაბამისი უწყებების დაგეგმილი სპეცოპერაცია.
ჩემი აზრით, ის ასე უბრალოდ ციხეში ჩასაჯდომად არ ჩამოვიდოდა.
ადამიანი, რომელსაც უზენაესმა სასამართლომ განაჩენი გამოუტანა, მზად უნდა ყოფილიყო, რომ დაკავების შემდეგ სატუსაღოში აღმოჩნდებოდა, თუ, რა თქმა უნდა, მართლაც არ ჰქონდა ახალი რევოლუციის გეგმა. ისე კი, თუ ევროპული სახელმწიფოს აშენების პრეტენზია გვაქვს, კანონი ყველასთვის უნდა აღსრულდეს.