"ქართულ ბროკოლის საექსპორტოდ უფრო დიდი პოტენციალი აქვს"
ბროკოლის მოშენებას დიდი ისტორია აქვს. ის ძველ რომშიც კი მოჰყავდათ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენში არცთუ დიდი ხნის წინ დამკვიდრდა. სარგებლიანობის გამო ბროკოლი პედიატრებმა მაშინვე ჩართეს ბავშვთა მენიუში. ეს კულტურა უამრავ ვიტამინსა და აუცილებელ ელემენტს შეიცავს და ქართულ ბაზარზეც მასზე მოთხოვნა იზრდება. საქართველოში რამდენიმე ჯიშის ბროკოლი მოჰყავთ არა მხოლოდ ფერმერულ, არამედ გლეხურ მეურნეობებსა და მცირე ნაკვეთებშიც. ჩვენი ქვეყნის, განსაკუთრებით - აღმოსავლეთ საქართველოს ნიადაგი და კლიმატი, ბროკოლისთვის შესაფერისი აღმოჩნდა, თუმცა მიაჩნიათ, რომ ქართულ ბროკოლის საექსპორტოდ უფრო დიდი პოტენციალი აქვს, ვიდრე - ადგილობრივი ბაზრისთვის.
დღეს ქართული ბროკოლი აზერბაიჯანსა და სომხეთში გადის, გაყინული კი აშშ-შიც გაიტანეს. წალკელმა ფერმერმა გიორგი აბულაძემაც ბროკოლის ნაკვეთები 2500 კვმ-დან 1 ჰექტარამდე გაზარდა. ის ბროკოლის მოყვანას მართებულად მიიჩნევს იმ პირობებშიც კი, როდესაც ფერმერი თესლის უხარისხობისგანაც დაუცველია.
"ზარალი ფერმერს მხოლოდ იმის გამოც შეიძლება მიადგეს, რომ ვიღაცამ უვარგისი თესლი მიჰყიდა"
- ბროკოლის მოყვანა ოთხი წლის წინ დავიწყე. რასაკვირველია, ვიცოდი, რომ ჩვენს ბაზარზე ბროკოლიზე მოთხოვნა არის, მაგრამ ზოგჯერ ეს მაჩვენებელი იცვლება, ამიტომ რისკი დიდი რომ არ ყოფილიყო, ბროკოლი თავდაპირველად მცირე ფართობზე დავთესე. გარდა ამისა, მეკარტოფილეობას მივდევდი და ვიცოდი, ბროკოლის მოყვანა არ გამიჭირდებოდა. კარტოფილთან შედარებით, ბროკოლის მართლაც ნაკლები შრომა სჭირდება, თუმცა ჩემთვის მთავარი მოტივაცია იყო ბროკოლიზე მზარდი მოთხოვნა. კულტურის დათესვაში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შუამავლობით ერთ-ერთი უცხოური სასოფლო-სამეურნეო კომპანია დამეხმარა იმის შემდეგ, რაც ჩემი საოჯახო მეურნეობა ნახეს. მენდნენ და წვეთოვანი სარწყავი სისტემის შეძენა დამიფინანსეს. დანარჩენი ყველაფერი საკუთარი ხელით გავაკეთე. მხოლოდ ჩემი არჩევანით შევიძინე ბროკოლის თესლი, მარტში კონტეინერებში დავთესე, ხოლო მაისში ნერგები ღია გრუნტში ეტაპობრივად გადავიტანე.
ბროკოლი ის კულტურაა, რომელსაც საყოფაცხოვრებო მაცივარში ვერ შეინახავ. ბაზარზე გაუყიდავი ნაშთი მაცივარში მეორე დღესვე კარგავს საბაზრო ღირებულებას, ამიტომ ჩითილები ეტაპობრივად გადამაქვს გრუნტში და მოსავალსაც ეტაპობრივად ვყიდი დედაქალაქის ბაზარში.

- რადგან გაფართოვდით, ესე იგი ბროკოლის მოყვანა ღირს. - დიახ, ღირს მცირე საოჯახო ნაკვეთებზეც და დიდ პლანტაციებშიც, მით უფრო, თუ ექსპორტზე ორგანიზებულად გავიტანთ. ეს კულტურა ოთხი წელიწადია მომყავს და უკმაყოფილო არ ვარ. ბროკოლის ფასი ბაზარზე 3-დან 8 ლარამდეა. ეს, რა თქმა უნდა, გამდიდრებას არ ნიშნავს, მით უფრო, რომ მოვლის ხარჯი დიდია, მაგრამ ღატაკიც არ იქნები. მე პლანტაციას წყალს არხიდან ვაწვდი ტუმბოს საშუალებით, რომელიც პლანტაციის ერთი მორწყვისთვის 5 ლიტრ ბენზინს წვავს, მორწყვა კი ყოველ მესამე დღეს არის საჭირო. გარდა ამისა, თესლის, კონტეინერების, მულჩის, მინერალური სასუქებისა და მავნებლებთან ბრძოლის საშუალებებიც თავისთავად თანხებს მოითხოვს,M მაგრამ, ამის მიუხედავად, წაგებული ნამდვილად არ ვარ. მით უფრო, რომ ბროკოლის პლანტაციის მოვლაში ოჯახი, ჩემი ძმები მეხმარებიან. ოღონდ ეგ არის, რომ შრომის მიუხედავად, არც ბროკოლის მწარმოებელი და არც სხვა მეურნე ზარალისგან დაცული არ ვართ. ამ შემთხვევაში სტიქიით მოყენებულ ზარალს არ ვგულისხმობ. სამწუხაროდ, დიდი ზარალი ფერმერს მხოლოდ იმის გამოც შეიძლება მიადგეს, რომ ვიღაცამ უვარგისი თესლი მიჰყიდა და ამით რამდენიმე ათასი ლარი იზარალოს.
- რას ამბობთ?! ვფიქრობდი, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს მაინც იყო მოგვარებული. - სამწუხაროდ, არა. წლევანდელ გაზაფხულამდე ჰოლანდიურ თესლს ვყიდულობდი და აქამდე პრობლემა არ შემქმნია, მაგრამ წლეულს, პანდემიის გამო, ჰოლანდიური თესლი ვეღარ შემოვიდა და კორეული ვიყიდე. თესლს, რა თქმა უნდა, არაფერი ეტყობოდა. პრობლემა მაშინ გამოაშკარავდა, როცა ბროკოლის თავებმა გაყვითლება დაიწყო, ანუ იმის ნაცვლად, რომ მწვანე ყოფილიყო, 30 000 ძირი ყვითელი ბროკოლი მოვიყვანე, რომელიც, რა თქმა უნდა, არავინ იყიდა. მოკლედ, ცალკე ოჯახის შრომა ჩავყარე წყალში, ცალკე - ხარჯი, რაც კულტურის მოყვანისთვის გავწიე. ასეთ დროს ფერმერი მხოლოდ საკუთარი თავის ამარა და ცარიელი ხელებით რჩება. რა უნდა მექნა! 30 000 თავი ბროკოლი ავჭერი და პირუტყვს დავუყარე. მერე ჩამოვიყვანე იმ მაღაზიის მენეჯერი, რომელმაც ბროკოლის თესლი მომყიდა. ძალიანაც შეწუხდნენ, ყვითელი ბროკოლის ნიმუშებს კორეაში გავგზავნით და ეს აღარ განმეორდებაო, მაგრამ მე რა?!
- აჭარელ ეკომიგრანტებს მადლობა უნდა გადავუხადოთ, რომ მუხლჩაუხრელი შრომით აქაურობა სანიმუშოდ აქციეს. - შრომის გარეშე არაფერი იქნება. თან უნდა გიყვარდეს, რასაც აკეთებ. ბროკოლის პლანტაციაში დამულჩვა საკუთარი ხელით გავაკეთე, ეს მულჩი შემდგომში სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა რომ ნახეს, გაოცდნენ - ვერც კი წარმოგვედგინა, მხოლოდ შიშველი ხელებით ამ საქმის ასე გაკეთება თუ შეიძლებოდაო.
- ტექნიკა არ გყავთ? - სამწუხაროდ, არა.
- წარმოუდგენელია, დღევანდელ სოფლის მეურნეობაში ადამიანი ასე შრომობდეს, თუმცა, ხშირად ასეა, რაც შრომის ნაყოფიერებას ამცირებს, შრომაზე დახარჯულ ენერგიას კი ზრდის. - არაერთხელ მითქვამს, რომ გლეხს თუ ფერმერს სახელმწიფოს ყურადღება აკლია. საკუთარ თავს არ ვგულისხმობ. Uგული მტკივა, რომ სახელმწიფოს უყურადღებობის გამო მიწაზე შრომაზე ბევრი უარს ამბობს. იმიტომაც არის ქართული პროდუქცია დეფიციტური. ხომ ვხედავთ, თუნდაც თურქეთიდან შემოტანილ პროდუქციაზე ფასები როგორ იზრდება. არ იფიქროთ, რომ გლეხი ან მცირე ფერმერი ბევრ რამეს ითხოვდეს - მათ უმარტივესი ტექნიკის შეძენის საშუალება უნდა ჰქონდეთ. გარდა ამისა, უნდა იცოდნენ, როდესაც მოსავალთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნებათ, ვის მიმართონ და ვინ დაეხმარება.
გასაგებია, რომ დაზღვევა არსებობს, მაგრამ ამის გარდა უამრავი რამ არის, რაზეც სოფლად მცხოვრებ ადამიანს ხელი არ მიუწვდება და ვეღარც მოსავალი მოჰყავს, მერე კი გულიც უტყდება, თორემ მიუხედავად ყველაფრისა, ქვეყანაში მშრომელი ხალხი მაინც გვყავს.