"არჩევნების მეორე ტურში მმართველმა პარტიამ ტოტალურ წარმატებას მიაღწია" - როგორ ეხმაურება უცხოური მედია ქართულ არჩევნებს - კვირის პალიტრა

"არჩევნების მეორე ტურში მმართველმა პარტიამ ტოტალურ წარმატებას მიაღწია" - როგორ ეხმაურება უცხოური მედია ქართულ არჩევნებს

უცხოური მასმედია საკმაოდ აქტიურად აშუქებს საქართველოში ჩატარებული მუნიციპალური ორგანოების არჩევნებს და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს. გთავაზობთ გერმანული, ფრანგული და რუსული პრესის მიმოხილვას. გერმანულ გაზეთ "ფრანკფურტერ ალჰემეინე ცაიტუნგში" (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში, სათაურით - "საქართველო ადგილობრივი არჩევნების შემდეგ: სერიოზული ბრალდებები მმართველი პარტიის წინააღმდეგ" (ავტორი - ფრიდრიხ შმიდტი), მიმოხილულია საქართველოში 30 ოქტომბერს ჩატარებული მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურის შედეგები.

სტატიის პირველ ნაწილში ავტორი, აღნიშნავს რა "მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი მმართველი პარტიის - "ქართული ოცნების" გამარჯვებას საქართველოს 19 ქალაქში, 20 ქალაქიდან, ყურადღებას განსაკუთრებით ამახვილებს თბილისში შექმნილ ვითარებაზე - მერობის კანდიდატის, ოპოზიციური პარტიის - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკანორ მელიას განცხადებებზე, "რომლის კონკურენტს წარსულში ცნობილი ფეხბურთელი კახა კალაძე წარმოადგენდა".

სტატიაში მოხსენიებულია ის ინციდენტიც, რომელიც თბილისის ერთ-ერთ საარჩევნო ოლქში მოხდა: იმ დროს, როცა ნიკა მელია ტელეკამერების წინაშე აცხადებდა, რომ საქართველოში "არჩევნები გაუქმებულია" და რომ "ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციას გამარჯვება მოჰპარა", მას უკნიდან ვიღაც მიეპარა და თავში ჩაარტყა.

"რასაკვირველია, მმართველმა პარტიამ "ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციის ყოველგვარი ბრალდება უარყო და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშაულა", - წერს ავტორი, თუმცა იგი, ასევე, იმოწმებს არასამთავრობო ორგანიზაციის - "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFEED) დირექტორის - ნინო დოლიძის განცხადებასაც, რომლის თანახმად, ადგილობრივი ორგანოების არჩევნების მეორე ტურის დროს იმდენად ბევრი დარღვევა გამოვლინდა, რომ მის შედეგებს ოპოზიცია არ ენდობა.

სტატიის მეორე ნაწილში, ქვესათაურით - "ბიძინა ივანიშვილს რუსეთთან ურთიერთობის შენარჩუნება სურს?", მოკლედაა განხილული საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან - მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული სიტუაცია: დაბრუნება, დაკავება და საპყრობილეში მოთავსება. ავტორი გარკვეულ პარალელს ავლებს მიხეილ სააკაშვილსა და რუს ოპოზიციონერს - ალექსი ნავალნს შორის, რომელიც, ასევე, დაპატიმრებულია რუსეთის ხელისუფლების მიერ. იქვე, პუბლიკაციაში მოხსენიებულია ალექსი ნავალნის თანამებრძოლი ლიუბოვ სობოლიც, რომლის თქმით, გასულ წელს, როცა იგი სომხეთიდან საქართველოში მიდიოდა, საზღვარზე მას საქართველოს ხელისუფლებამ პრობლემები უმიზეზოდ  შეუქმნა: "როგორც ჩანს, მთავრობას არ სურს ურთიერთობის გაფუჭება ვლადიმერ პუტინთან".

"რუსეთმა საქართველოს სეპარატისტული რეგიონები - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებლად აღიარა და იქ ათასობით სამხედრო მოსამსახურე განათავსა. ამჟამად თბილისსა და მოსკოვს შორის არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობა, გაწყვეტილია პირდაპირი ავიამიმოსვლაც. ამის მიუხედავად, ოპოზიცია "ქართული ოცნების" მთავრობას დიდი ხანია, რუსეთთან სიმპათიებში ადანაშაულებს - იმ რუსეთთთან, რომელიც აბრკოლებს საქართველოს კურსს ნატოსა და ევროკავშირისაკენ", - ნათქვამია სტატიის დასასრულს. (წყარო)

-------------

ფრანგული პრესა, კერძოდ, გაზეთი "ლე მონდი" (Le Monde) აქვეყნებს საინფორმაციო სააგენტო "ფრანს-პრესის" (France-Presse) მიერ გავრცელებულ მასალას სათაურით - "ქართული ოცნება" არჩევნებში იმარჯვებს, ოპოზიცია კი გაყალბების ბრალდებას იმეორებს". სტატიაში ყურადღებაა გამახვილებული არჩევნების დროს გამოვლენილ დარღვევებზე და ამასთან დაკავშირებით, ოპოზიციის ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობის") განცხადებაზე, რომ არჩევნების შედეგებს პარტია არ აღიარებს: "არჩევნები გაუქმებულია". ამავე დროს, მმართველი პარტია "ქართული ოცნება" გამარჯვებას ზეიმობს, რაც მოსახლეობას პრემიერ-მინისტრმა მიულოცა", - აღნიშნულია მასალაში. იქვე ნახსენებია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ 31 ოქტომბერს პარლამენტის წინ გამართული საპროტესტო აქციაც, რომელშიც 1500-მდე ადამიანი მონაწილეობდა".

როგორც ყოველთვის, "ფრანს-პრესის" კორესპონდენტის მიერ მომზადებულ მასალაში ყურადღება ეთმობა საქართველოს ექსპრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას, მისი "პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებას", რომლის შედეგადაც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდა. "მმართველმა პარტიამ გასულ წელს, პარლამენტის არჩევნებში გამოყენებული გაყალბების სქემა ახლაც, ადგილობრივი ორგანოების არჩევნებშიც გაიმეორა", - აღნიშნულია პუბლიკაციაში. (წყარო)

---------------

რუსული პრესის მასალებიდან აღსანიშნავია "ნეზავისიმაია გაზეტას" (Независимая газета") სტატია სათაურით - "არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობა" განადგურდა, თუმცა დამარცხებული პარტია ხელისუფლებისთვის ბრძოლას გააგრძელებს" (ავტორი - იური როქსი).

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, არჩევნების მეორე ტურში მმართველმა პარტიამ ტოტალურ წარმატებას მიაღწია - 20 ქალაქის მერობის პრეტენდენტებიდან 19-ში "ქართული ოცნების" კანდიდატმა გაიმარჯვა. თუმცა დამარცხებულმა ოპოზიციამ - "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" განაცხადა, რომ არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ხელისუფლებისათვის ბრძოლას გააგრძელებს.

"რასაკვირველია, "ნაციონალები" რომ არჩევნებში დამარცხებას არ აღიარებდნენ, ამაში არავის ეჭვი არ ეპარებოდა. ჩვენი გაზეთის პუბლიკაციებშიც არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ყოფილი სახელისუფლო პარტია ხმის მიცემის შედეგებს მხოლოდ იმ შემთხვევაში აღიარებს, თუ თვითონ გაიმარჯვებს. ნიკანორ მელიამ უკვე განაცხადა, - არჩევნები საქართველოში გაუქმებულია, ბრძოლას ვაგრძელებთო. რა თქმა უნდა, ეს მოსალოდნელიც იყო: ოპოზიციის ბრძოლის სტილი და მეთოდები წინასწარ არის ცნობილი: ქუჩებში სირბილი, პიკეტების მოწყობა, კარვები და "მუდმივი მოშიმშილეები", სამთავრობო ოფისების ბლოკირება, გზების გადაკეტვა... დღემდე ხელისუფლება უძლებდა და ოპოზიციურ გამოსვლებს "აქრობდა", თანაც - მინიმალური დანაკარგებით. როგორი სიტუაცია იქნება ამჯერად, ეს დამოკიდებულია თვით ოპოზიციასა და მათ უნარზე, ჰყავდეს მხარდამჭერები მობილიზებულები მეტ-ნაკლებად ხანგრძლივ პერიოდზე გათვლით. თავის როლს შეასრულებს მიხეილ სააკაშვილის ფაქტორიც, რომელიც შიმშილობას ჯერჯერობით არ წყვეტს.

თავის მხრივ, ხელისუფლება არ აპირებს “ნაციონალებს“ რაიმე დაუთმოს, თუნდაც - დასავლეთის ზეწოლით. "მეოცნებეები" დარწმუნებულნი არიან, რომ 30 ოქტომბერს ოპოზიციას საბედისწერო დარტყმა მიაყენეს და თუ "ნაციონალები" არც ამჯერად დაიშლებიან, მაშინ ამ პარტიის თვითგადარჩენის ისტორია სამაგალითოდ უნდა იქნეს შესწავლილი", - ასკვნის ავტორი. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ