"ჩვენ ვერ ვთანხმდებით ნიკა მელიასთან იმ ნაწილში, როცა ამბობენ, რომ არჩევნები გაუქმებულია, ბოქლომი აქვს და აზრი აღარ აქვს, ეს განცხადება შეცდომად მიგვაჩნია"
თუ ვინმე მიიჩნევს, რომ არასაარჩევნო გზით ავტორიტარული რეჟიმის შეცვლა და ამ ხარისხის ბინძური მეთოდების გადალახვა უფრო ადვილია, ჩემი აზრით, ცდება - იმას ბევრად მეტი მასშტაბის მხარდაჭერა და ძალისხმევა სჭირდება, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" განაცხადა.
მისი თქმით, იმ ფონზე, რაც მოხდა არჩევნებზე, მშვიდობიანი პროტესტის გამართვა აბსოლუტურად ბუნებრივი, ნორმალური და აუცილებელია, თუმცა, მომავალში მთავარი მოთხოვნა მაინც უნდა იყოს პროცესების ვადამდელ არჩევნებამდე მიყვანა და ისეთი კლიმატის შექმნა, სადაც "ივანიშვილის რეჟიმს" არ ეყოფა მანიპულაციების რესურსი.
"ზოგადად მე აბსოლუტურად ბუნებრივ, ნორმალურ და აუცილებელ ნაწილად მიმაჩნია ამ ტიპის მშვიდობიანი პროტესტის გამართვა, ასეთ ფონზე, რაც მოხდა ამ არჩევნებზე და მიუხედავად იმისა, რომ არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ ცესკოს მეშვეობით რაიმე სამართლებრივი მექანიზმები შედეგს მოგვცემს, მაინც სწორია ყველა მექანიზმის გამოყენება. მაგალითად, ბათუმში რა მოთხოვნითაც გაიმართება აქცია - როდესაც ასე ახლოა შედეგები, მით უმეტეს, იმ უმძიმეს ფონზე, რაც უბნის გარეთ საარჩევნო კამპანიის დროს იყო, ყველა ბათილი ბიულეტენის შემოწმება აბსოლუტურად ლეგიტიმური ამბავია.
უბრალოდ ჩვენ ვერ ვთანხმდებით ნიკა მელიასთან იმ ნაწილში, როცა ამბობენ, რომ არჩევნები გაუქმებულია, ბოქლომი აქვს და აზრი აღარ აქვს, ჩვენ ეს განცხადება შეცდომად მიგვაჩნია. მიუხედავად იმისა, რომ უმძიმესი საარჩევნო კამპანია იყო და ამ მანიპულაციებმა შეცვალა მოგებულ-წაგებული აშკარად, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ დინამიკა არის ის, რომ ზღვარზე იყო ბათუმში ივანიშვილის რეჟიმი, ყველა მისი რესურსის გამოყენების მიუხედავადაც კი ძალიან გაუჭირდა. ანუ ჩვენი აზრით, პოლიტიკური ლეგიტიმაცია არ აქვს, მაგრამ მომავალში მთავარ მოთხოვნად ჩვენ მაინც გვესახება ვადამდელ არჩევნებამდე მიყვანა ვითარების და ისეთი კლიმატის შექმნა, სადაც ივანიშვილის რეჟიმს არ ეყოფა რესურსი მანიპულაციების, სუს-ით იქნება ეს თუ მოსყიდვით და ამას გადაწონის მობილიზაცია საპროტესტო ელექტორატის. საზოგადოებამ გადადგა წინ ნაბიჯი ანუ უფრო მეტი მობილიზაცია მოვახერხეთ, ვიდრე 2018 წლის მეორე ტურში, მაგრამ არ გვეყო ეს მობილიზება, სამწუხაროდ, რომ გადაგველახა ეს მანიპულაციები და ბინძური მეთოდები, მაგრამ თუ ვინმე მიიჩნევს, რომ არასაარჩევნო გზით ავტორიტარული რეჟიმის შეცვლა და ამ ხარისხის ბინძური მეთოდების გადალახვა უფრო ადვილია, ჩემი აზრით, ცდება. იმას ბევრად მეტი მასშტაბის მხარდაჭერა და ძალისხმევა სჭირდება, ვიდრე ამის გადალახვას და მიღწევას ვადამდელი არჩევნების", - განაცხადა ბოკერიამ.
იხილეთ ვიდეო