"ბედნიერი ვარ, რადგან ოცნება ამიხდა, დავქორწინდი ქალზე, რომელიც მიყვარს" - "ესპანელი კონკიას" სკანდალური ცხოვრება და გზა დედოფლობამდე
ესპანეთის დედოფალი ლეტიცია, მსოფლიოს ყველაზე გემოვნებიან, დახვეწილ და სპორტული სტილის მონარქ ქალებს შორისაა. ძვირად ღირებულ სამოსთან ერთად იგი, როგორც ცნობილია, ხშირად იმოსება უბრალო სამოსითაც, თუმცა ყოველთვის კარგად გამოიყურება. ფილიპე VI-ისა და ლეტიციას ქორწილი ესპანეთში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება იყო. ქორწილისთვის კაბა სპეციალურად დაამზადეს და მისი ღირებულება 8 მილიონი დოლარი გახლდათ. როგორც ამბობენ, დედოფლის წარსულში უამრავი საინტერესო ამბავი მოხდა, უამრავი რომანი, ნახატი, რომელზეც შიშველი ლეტიციაა გამოსახული, სკანდალი და სხვა. მიუხედავად უამრავი მითქმა-მოთქმისა, "ესპანელი კონკია", როგორც მას სამშობლოში ეძახიან, ყველასთვის მუდამ საინტერესო ადამიანად რჩება.
"დავქორწინდი ქალზე, რომელიც მიყვარს"
2004 წლის 22 მაისს, საზოგადოება ტელევიზიით უდიდეს ღონისძიებას ადევნებდა თვალს. მადრიდში ალმუდენას ტაძარი სადღესასწაულოდ იყო მორთული, აღელვებულ დედოფალ ლეტიციას ტაძრის შესასვლელთან უამრავი ადამიანი ელოდა, ტაძარში იგი მამისა და ორი მეგობარი გოგონას თანხლებით შევიდა, მომავალ დედოფალს ხელში თეთრი შროშნების თაიგული ჰქონდა.
პრინც ფილიპესა და ლეტიციას სამოსმა საზოგადოების ყურადღება მიიქცია. ლეტიციას კრემისფერი კაბა ოქროს ძაფით მოქარგული დეტალებით იყო დამშვენებული. ჯვრისწერის შემდეგ ისინი "როლს-როისში" ჩასხდნენ და მადრიდის ქუჩები შემოიარეს. 
ტაძრის შემდეგ ახალდაქორწინებულები სამეფო სასახლეში მივიდნენ და საზოგადოებას აივნიდან გადმოხედეს, ყველა ელოდა იმ მომენტს, როცა პრინცი ფილიპე და ლეტიცია ერთმანეთს აკოცებდა, თუმცა მათ საზოგადოებას იმედი გაუცრუეს და პრინცმა მეუღლეს საჯაროდ არ აკოცა.
ამის შემდეგ ბანკეტი გაიმართა, რომელიც სამეფო ოჯახს 25 მილიონი დოლარი დაუჯდა. ბანკეტზე სხვადასხვა ქვეყნის სამეფო ოჯახის წევრები თუ სხვა, საზოგადოებისთვის ცნობილი პირები იყვნენ მიწვეულნი. სტუმრებს მრავალფეროვანი კერძები, შუშხუნა ღვინო და 2-მეტრიანი საქორწილო ტორტი დახვდათ. ღონისძიებისას პრინცმა საზოგადოებას მიმართა და განაცხადა:
"ბედნიერი ვარ, რადგან ჩემი ოცნება ამიხდა, დავქორწინდი ქალზე, რომელიც მიყვარს".
პრინც ფილიპესა და ლეტიციას ორი ქალიშვილი შეეძინათ: ლეონორი და სოფია.
მიუხედავად იმისა, რომ პრინცმა და ლეტიციამ სიყვარულით შექმნეს ოჯახი, ბევრი ფიქრობდა, რომ ლეტიცია ტახტის მემკვიდრეს არ შეეფერებოდა. როგორც ამბობდნენ, ლეტიცია არ იყო დიდგვაროვანი და, ამავე დროს, წარსულში ოჯახიც დაენგრა. იგი ესპანეთის პატარა ქალაქ ოვიედოში, ჟურნალისტისა და ექთნის ოჯახში დაიბადა. ბავშვობაში ლეტიცია მუსიკითა და ბალეტით იყო გატაცებული. 
მომავალმა დედოფალმა ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა და ესპანეთის წამყვან ტელევიზიებში მუშაობდა, მიიღო ჯილდო და იყო საღამოს საინფორმაციო გამოშვების წამყვანიც. როგორც ცნობილია, 16 წლის ასაკში იგი ლიტერატურის ლექტორს გაჰყვა ცოლად, მათი ქორწინება 10 წელს გაგრძელდა. ამბობენ, რომ ლეტიციას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა, ერთ-ერთი მათგანისგან დაფეხმძიმდა თუმცა, როგორც პრესა წერს, 2002 წელს აბორტი გაიკეთა, რაც იმ დროისთვის ესპანეთში უკვე აკრძალული იყო. ეს ისტორია საზოგადოებისთვის 10 წლის შემდეგ გახდა ცნობილი, როცა ამბავი დედოფლის ნათესავმა - დევიდ პოკასოლანომ გააჟღერა. როგორც ჩანს, დედოფლის ნათესავი მხოლოდ ამ სკანდალური ინფორმაციის გახმოვანებას არ დასჯერდა და ბიძაშვილის ბიოგრაფია გამოაქვეყნა, სახელწოდებით: "ნახვამდის, პრინცესა".
წიგნში დედოფლის ბიძაშვილი უამრავ ამბავს წერს, როგორც პოკასოლანო იხსენებს, გარდატეხის ასაკში მომავალმა დედოფალმა ნარკოტიკიც გასინჯა. წარსულთან ერთად ბიძაშვილი დედოფალს ხასიათსაც უწუნებს:
"ის ძალიან ბევრს საუბრობს და ბრძანებებს გასცემს, ამიტომ იქმნება შთაბეჭდილება, რომ ის ოჯახში უფროსია".
თავად ესპანელები ამაში მალევე დარწმუნდნენ. ყველა გაოცებული იყო, როცა ლეტიციამ ქორწილის დღესვე დაარღვია პროტოკოლი. მაშინ, როცა პრინცი ფილიპე ახალდაქორწინებულ მეუღლესთან ერთად მედიას შეხვდა და ესაუბრებოდა, ამ დროს ლეტიციამ უთხრა: "მაცადე, მე ვთქვა", და პრინცს საუბარი შეაწყვეტინა.
"ესპანელი კონკია მომავალ მეუღლეს მითითებებს აძლევს და მმართველის ხასიათს ავლენს", - ასე გამოეხმაურა ესპანური მედია მომავალი დედოფლის საქციელს.
"გაშიშვლებული მუზა"
კიდევ ერთი სკანდალი, რომელიც ლეტიციას უკავშირდება, 2018 წელს, სააღდგომო წირვის შემდეგ მოხდა. ტაძრიდან გამოსულმა დედოფალმა სოფიამ გადაწყვიტა, შვილიშვილებთან ერთად ფოტოები გადაეღო და მედიისა და ფოტოგრაფების წინ პოზირებდა, თუმცა ლეტიციამ გოგონებს გადაღების საშუალება არ მისცა. მან დედამთილს რაღაც უთხრა და გოგონები გაიყვანა. ერთ-ერთმა შვილიშვილმა ლეონორმა კი ბებიის ხელი უხეშად მოიქნა, რაც მედიის წარმომადგენლებს არ გამორჩენიათ. ამის შემდეგ ამბობდნენ, რომ ლეტიციასა და დედოფალ სოფიას კარგი ურთიერთობა არ აქვთო. 
ესპანელმა ჟურნალისტმა პილარ ეირმა ესპანეთის სამეფო ოჯახში არსებული დაძაბული ურთიერთობების შესახებ ღიად ისაუბრა. როგორც ჟურნალისტი აცხადებს, მას შემდეგ, რაც ლეტიცია სამეფო ოჯახის წევრი გახდა, ოჯახმა დაკარგა ერთიანობა. იგი იხსენებს, რომ ერთხელ დედოფალმა სოფიამ უკმაყოფილება ღიადაც გამოთქვა და განაცხადა, რომ ლეტიცია მას შვილიშვილებთან ურთიერთობის საშუალებას არ აძლევს, ბავშვებს მხოლოდ ფორმალურ ვახშამზე ნახულობს, დედამისი სასახლეში მიიყვანა საცხოვრებლად და ბავშვები მეტ დროს სხვასთან ატარებენ.
საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა სხვა სკანდალური ფაქტიც. როგორც ამბობენ, მექსიკაში სწავლისას, ლეტიცია მხატვარს შეუყვარდა, ის კი მისთვის შიშველი მკერდით პოზირებდა. ამბობენ, რომ ნახატი ერთ რესტორატორს მოეწონა და აკაპულკოში, რესტორნის სასადილო დარბაზში დაჰკიდა, ნახატი შემდეგ როკ ჯგუფის სოლისტს მოეწონა, შეიძინა და ალბომის ყდაზეც გადაიტანა. პრინცი ფილიპე კი ამ ამბებს ყურადღებას არ აქცევს. 
როგორც ესპანეთის ტახტის მემკვიდრე ამბობს, ლეტიციასთან ურთიერთობას ის დიდი ხნის განმავლობაში მალავდა, რადგან ეშინოდა, რომ ოჯახი მის სიყვარულს არ მიიღებდა. ურთიერთობის დაწყებიდან რამდენიმე თვეში ლეტიცია ტელევიზიიდან წავიდა და წყვილმა მათი სიყვარულის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. მათი ნიშნობის შემდეგ ლეტიციამ დედოფალი სოფიას დახმარებით ისწავლა სამეფო ეტიკეტით გათვალისწინებული ყველა ქცევა, ვახშამზე მოქცევა, ჩაცმა და სხვა.
როგორც ცნობილია, მომავალი დედოფალი თავიდან ესპანეთში სიყვარულით ვერ სარგებლობდა. ბევრი ფიქრობდა, რომ იგი ამბიციური კარიერისტი იყო.
სამეფო ქორწილის შემდეგ ლეტიცია საკუთარი ვიზუალის გაუმჯობესებას შეუდგა და, როგორც ამბობენ, უამრავი ოპერაცია გაიკეთა. ამის გამო, ყველასთვის ცნობილ მადამ ტუსოს მუზეუმში რამდენჯერმე შეცვალეს ლეტიციას ცვილის ფიგურაც... ხალხი მას "პლასტიკური ქირურგიის დედოფალსაც" ეძახდა. თავად ლეტიცია ამ ყველა ჭორს უარყოფს და ამბობს, რომ იგი სპორტითაა გატაცებული, ბევრს ვარჯიშობს და იცავს ჰოლივუდის ვარსკვლავთა დიეტას, რომელიც ორაგულით დამზადებულ კერძებსა და ბოსტნეულს გულისხმობს. 
როგორც ცნობილია, სასახლეში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ ლეტიციამ სასახლეში მზის ბატარეები დადგა და აკრძალა ალკოჰოლის, შაქრისა და არაჯანსაღი საკვების შეძენა.
თავად მეფე ფილიპე მეუღლესთან ერთად ხშირად ჩნდება საზოგადოების წინაშე. შვილებს ხშირად აცვიათ ისეთი ბრენდის სამოსი, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია. ამბობენ, რომ შესაძლოა ლეტიცია რომელიმე მაღაზიის რიგშიც კი იდგეს. იგი მუდამ გემოვნებიანად, თუმცა - უბრალოდ იმოსება. მიუხედავად უამრავი სკანდალისა, ახლა ესპანეთში ლეტიციას ძალიან აფასებენ, ხალხის სიყვარული მან ძლიერი ხასიათით და უბრალოებით დაიმსახურა. ამბობენ, რომ მეფე ფილიპესა და ლეტიციას განსაკუთრებული სიყვარული აკავშირებთ. (წყარო)