"პისიარ" ტესტის გაკეთების უამრავი ჯიხური გაიხსნა, სუვენირების მაღაზიაში, სახაჭაპურეშიც კი ტარდება, რაც საეჭვოა"
"პისიარ" ტესტის გაკეთების უამრავი ჯიხური გაიხსნა, სუვენირების მაღაზიაშიც კი ტარდება აღნიშნული დიაგნოსტიკა, რაც საეჭვოა. არაზუსტი, ან დაგვიანებული დიაგნოსტირება ხდება - დღეს უფრო მეტია ინფიცირებული, - ამის შესახებ ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში ვატო სურგულაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა.
როგორც სურგულაძე განმარტავს, ვაქცინაცია სრულად არის ჩაგდებული, აღნიშნულზე პასუხისმგებლობას კი საკუთარ თავზე არავინ იღებს.
"ხელისუფლებას პანდემიის მართვისას შეცდომები არ დაუშვია, უბრალოდ არაფერს აკეთებდა. დღეს 6000-ზე მეტი შემთხვევა იყო? ხვალ შეიძლება 7000, 8000 ახალი შემთხვევა გვქონდეს. არაფერი კეთდება ხელისუფლების მხრიდან, რომ ეს ეპიდემია გაჩერდეს.
ევროპამ და შეერთებულმა შტატებმა პრაქტიკულად დაამარცხა, ეს პრობლემა აღარ აქვთ. იქაც ინფიცირდებიან, მაგრამ არ კვდებიან და რეანიმაციული დახმარება არ სჭირდებათ.
შეცდომა იყო, როდესაც არ მომზადდნენ ე.წ. პირველადი ჯანდაცვის სპეციალისტები, რომ სახლში აღმოეჩინათ პაციენტებისთვის შესაბამისი დახმარება. დიაგნოსტირება ძალიან გვიან ხდება, ამიტომ დაგვიანებული დიაგნოზით დამძიმებული პაციენტები კლინიკაში რომ გადაჰყავთ, იქ რთულია მათი მკურნალობა.
ვაქცინაცია სრულად არის ჩაგდებული, ამაზე კი პასუხისმგებლობას თავის თავზე არავინ იღებს. როგორ შეიძლება რაც პანდემიაა, ერთი და იგივე ადამიანები მმართავდნენ?! არ გაქვთ დეჟავუს შეგრძნება, რომ იგივე ხდება და კიდევ უარესი? იგივე ხალხია მმართველობაში, რომლებსაც არ გააჩნიათ პასუხისმგებლობა და საქმის გაკეთება არ შეუძლიათ. ე.წ. პისიარ ტესტის გაკეთების უამრავი ჯიხური გაიხსნა. გუშინ აღმაშენებლის გამზირზე ვნახე, რომ ე.წ. პისიარ ტესტი სუვენირების მაღაზიაში ტარდება. სახაჭაპურეშიც კი ტარდება! აღნიშნული დიაგნოსტიკა საეჭვოა. ან არაზუსტი დიაგნოსტირება ხდება, ან დაგვიანებული. დღეს უფრო მეტია ინფიცირებული, ვიდრე არის. ე.წ. პისიარ ტესტი სად კეთდება და როგორ, რამდენად სწორია არავინ იცის.
საკოორდინაციო საბჭოზე კეთდება განცხადება, რომ ჩვენ უნდა გავამკაცროთ რეგულაციები. გავამკაცროთ, ვინ გვიშლის ხელს?! რეგულაციები უმარტივესია: ნიღბის ტარება, დისტანციის დაცვა და ბევრი ადამიანის შეკრება. მე წინააღმდეგი ვიყავი იმ შეკრებების, რომელიც ოპოზიციამ გააკეთა და მთავრობამ. მთავრობამ საერთოდ ნულოვანი პასუხისმგებლობა აიღო. ეს შემთხვევებს ზრდის და გარდაცვალების ერთ-ერთი საფუძველია. არ შეიძლება ამის გაკეთება! რა არჩევნები?! რის არჩევნები?! ხალხი გვეღუპება ყოველდღე", - აღნიშნავს სურგულაძე.
როგორც სურგულაძე განმარტავს, სეზონური ვირუსები ართულებს დიაგნოსტირებას და არსებულ ვითარებას.
"სხვა ვირუსები სეზონური ვირუსებია, რომელიც შეიძლება კომბინაციაში იყოს კორონავირუსთან ერთად. ეს ართულებს ვითარებას და დიაგნოსტიკას. ამბობენ, რომ კი დავახველე, მაგრამ, შესაძლოა, გაციებული ვარ. ნებისმიერ გაციება, რომელიმე ვირუსია, არა კორონავირუსი, მაგრამ გრიპი ან სხვა ვირუსული დაავადებაა ", - აღნიშნავს სურგულაძე.