"როგორც ჩემი ქვეყნის ჭირისუფალი, ვამბობ, ვერ გადაიტანს ეს ქვეყანა, რასაც მესამე პრეზიდენტის განადგურება და სიკვდილი ჰქვია" - კვირის პალიტრა

"როგორც ჩემი ქვეყნის ჭირისუფალი, ვამბობ, ვერ გადაიტანს ეს ქვეყანა, რასაც მესამე პრეზიდენტის განადგურება და სიკვდილი ჰქვია"

"არ მინდა, ვიცხოვრო იმ ქვეყანაში, სადაც კულტურის უკულტურო მინისტრი დადგება ტრიბუნაზე და ციხეში ფანჯარა ამოქოლილ საკანში მყოფ ყოფილ პრეზიდენტს დაუძახებს, - აბა გამოიხედე, რამდენი ვართო"

თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ოპოზიცია საპროტესტო აქციებს აანონსებს და მასშტაბური აქციის თარიღი უკვე ცნობილია. პარლამენტარი თაკო ჩარკვიანი ამბობს, სხვა მოლოდინი არ მქონდა და დარწმუნებული ვიყავი, ხელისუფლება არჩევნებს რომ გააყალბებდაო.

- ქალბატონო თაკო, მოელოდით თუ არა არჩევნებში ასეთ შედეგს? რის მიღწევას შეეცდება ოპოზიცია დაანონსებულ აქციაზე?

- ყველა ინტერვიუში ვამბობდი, ნუ გგონიათ, მეორე ტურს ოლიგარქი ვერ გააყალბებს-მეთქი. მაშინ ამბავი ატყდა, ზოგიერთ ამბიციურ ლიდერს ამაში ეჭვი ეპარებოდა. არადა, წარმოუდგენელ ვითარებაში იმართება წლებია, არჩევნები და, რა, თქმა უნდა, ძალიან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი. ხმა მივეცი კოალიციას და ოპოზიციას, მაგრამ ჩემს აზრს ყოველთვის გამოვთქვამდი, სანამ საარჩევნო სისტემა არ არის შეცვლილი, იგივე განმეორდება. ერთადერთი ვარ, რომელმაც არც შარლ მიშელის დოკუმენტს მოვაწერე ხელი, ამნისტიის პუნქტის გამო. როცა ასეთ ტოტალურ გამყალბებელთან გაქვს საქმე, რომელსაც უნდა, რუსეთის გუბერნია იყოს ეს ქვეყანა, ის ყველაფერზე წავა. როცა სახელმწიფო არ გიტოვებს არაფერს და მიტაცებული აქვს ყველაფერი, როცა არ გაქვს მართლმსაჯულება, გაქვს შერჩევითი სამართალი, რაზეც მსოფლიო ალაპარაკდა, არაფერს გიტოვებს, მაშინ კონვენციით მონიჭებული უფლება არის ჯანყი.

მითხრეს, "ჯანყი" არ ახსენოო, არადა, ჯანყი გულისხმობს მრავალათასიან მშვიდობიანი ხალხის ტალღას, ღამე დარჩენით რუსთაველზე. აი, სამი თვე რომ ყოფილი ხელისუფლების დროს ქუჩაში ვიყავით ოპოზიცია, რა ვიცი, მაშინ რევოლუცია არავის დაურქმევია ჩვენი პროტესტისთვის. მაშინ სააკაშვილმა დატოვა ხელისუფლება! ხომ ასეა, ხომ სიმართლეა? ძლიერი საბრძოლო იარაღია ხალხის ხმა, უზარმაზარი ძალა აქვს და პერმანენტული, შეუჩერებელი აქციები შემაწუხებელია ხელისუფლებისთვის. აბა, სხვა, როგორ ვიბრძოლოთ? მე ვარ ამ ტიპის ბრძოლის მომხრე. ასეთი აღვირახსნილი, კანონიდან გასული მონათმფლობელები, როგორიც ივანიშვილია, არ მიდიან კულტურულად, ისე, როგორც ეკადრება ქვეყანას. ხალხს ისინი ძალიან აწუხებენ. როცა ხალხი იქით ძალიან შეაწუხებს მათ, ამ შემთხვევაში მიდიან. რა რეალობაა დღეს? - აშიმშილებენ ხალხს, არის ფულის ინფლაცია, ჯარი გაუბედურებულ მდგომარეობაშია, საზღვრები დაუცველია. 4 დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი დადიოდა ყველგან, იღებდა სელფებს და აჩვენა ყველას, რომ საზღვრები დაუცველია. ის ხელისუფლება გვყავს, რომლის პრეზიდენტი ზურაბიშვილი ამბობდა, მძინარე ცხინვალს ბომბავდა საქართველოო და მისი ეს სიტყვები რუსეთმა ჰააგაში გამოიყენა. ევროპის დროშას ესენი თელავენ ფეხით, ჟურნალისტებს კორიდორს უკეთებენ, არის მკვლელობები და ათასი უბედურებები ქვეყანაში. მეტი როგორ უნდა გაანადგუროს ქვეყანა? რაც ხდება, ეს არის ზუსტად მართლმსაჯულების არ არსებობის ბრალი. ყოფილი ხელისუფლების დროსაც ვაპროტესტებდი ამ მართლმსაჯულებას და ახლაც ვაპროტესტებ. არ მინდა, ამ მართლმსაჯულებამ გაასამართლოს მესამე პრეზიდენტი.

- იმ პრეზიდენტის დროს არის დანიშნული მურუსიძე-ჩინჩალაძე, მათ რატომ არ უნდა ენდოს დღეს სააკაშვილი? ეს სასამართლო სისტემა ხომ მათი შექმნილია? - შექმნილი არ არის, რეფორმირება მოხდა. შევარდნაძის დროს იყო ეს მართლმსაჯულება, ეს არის პოსტსაბჭოური ნარჩენი, ამიტომ ვამბობ, ჩემნაირმა ადამიანმა რა დააშავა, მე ხომ წინა ხელისუფლების დროსაც ვებრძოდი და ახლაც ვებრძვი და ვაპროტესტებ ამ სასამართლოს. არ მინდა სააკაშვილი და ვინმე ამათმა გაასამართლონ.

- ჩინჩალაძე, მურუსიძე ხომ მათი დანიშნულია და თვითონ რატომ უნდა გააპროტესტოს მათი გამოტანილი ვერდიქტი? - 2012 წელს ცვლილებას ხომ იმიტომ დავუჭირე მხარი, რომ ეს ყველაფერი არ მომწონდა და არ მინდოდა მურუსიძე. ამ ხელისუფლებამ ის დააწინაურა. ჩვენ ბევრნი ვართ და არ გვინდა ეს მართლმსაჯულება. არ მინდა, ვიცხოვრო იმ ქვეყანაში, სადაც კულტურის უკულტურო მინისტრი დადგება ტრიბუნაზე და ციხეში ფანჯარა ამოქოლილ საკანში მყოფ ყოფილ პრეზიდენტს დაუძახებს, - აბა გამოიხედე, რამდენი ვართო. მე არ მინდა ასეთი კულტურის მინისტრი, არ მინდა ასეთი პრემიერი, რომელიც წამების წამქეზებელი იქნება. კანონით ეს მუხლი დასჯადია, თვითმკვლელობა მისი ნებააო, რომ ამბობს პრემიერ-მინისტრი, მე ასეთ ხელისუფლებას ვებრძვი. მინდა რეფორმირებული სასამართლო, რომლის წინაშე დაიდება "ქეისები" და მათ შორის - მესამე პრეზიდენტის, და დაიდება სიმართლე.

აინტერესებს ხალხს, რატომ ეშინია დღევანდელ ხელისუფლებას, რომ დასავლელი კონსულტანტების წინაშე დაიდოს მესამე პრეზიდენტის საქმე, იმიტომ ხომ არა, რომ იქ აზელილი აქვთ ტყუილ-მართალი. ჩვენ ვერ ვენდობით გირგვლიანის საქმეზე ხელმომწერ მურუსიძეს, რომ მან გაასამრთლოს მესამე პრეზიდენტი. უნდა მივაღწიოთ, რომ შერჩევითი სამართალი არ არსებობდეს ამ ქვეყანაში. ღარიბაშვილს ციხეში რომ ამოუქოლონ ფანჯრები, მაგასაც გავაპროტესტებ. ფიქრობთ, რომ თაკო ჩარკვიანი იმავეს არ იტყოდა? რა თქმა უნდა, იმავეს ვიტყოდი. ოთარ თაქთაქიშვილი გვყავდა კულტურის მინისტრად და რა დეგრადირება დაგვემართა, რომ თეა წულუკიანი გვყავს კულტურის მინისტრად, ქალი, რომელსაც ხალხმა "ჯალათი თეა" დაარქვა, ხალხი ბრძენია. ჩვენ ვებრძვით საყდრისის ამფეთქებლებს და მის თანამონაწილეს - იუსტიციის მინისტრი რომ იყო და ახლა კულტურის მინისტრი რომ არის. ვებრძვით გელათის ფრესკებს რომ ვერ უვლიან, იმ ადამიანებს. ოქროს ფონდის დაცვის გამო რომ გვიხდება ქუჩაში გამოსვლა, ის ადამიანები ვართ. მე არ მინდა ისეთი უკულტურო მინისტრი, რომელიც ახტება სცენაზე და მიკროფონს წაართმევს ჟურნალისტს. ეს ქალისგან უხერხული და სირცხვილია.

- აქცია რას შეცვლის? - პროტესტის სხვა ფორმა არ გამოუგონია კაცობრიობას, ვიდრე ეს აქცია. ეს არის ნორმა, ჩვენი მონიჭებული უფლება, რომ მიტაცებული სახელმწიფო გამოვტაცოთ მიმტაცებელს. საბჭოთა კავშირის დროს რომ ვერ მოგვეპოვებინა იმ მახინჯ იმპერიასთან ბრძოლაში დამოუკიდებლობა, ნაკლები სირცხვილი იქნებოდა, ვიდრე დღეს, 21-ე საუკუნეში დავკარგოთ საქართველოს დამოუკიდებლობა. ამაზე დიდი სირცხვილი არ შეიძლება ერს დაემართოს. ჩემი ბრძოლის მიზანია, რომ საქართველო არ აღმოჩნდეს რუსეთის ორბიტაზე.

- მიხეილ სააკაშვილს შეხვდით ციხეში, რაზე ისაუბრეთ? - ძალიან სხარტია საუბრის დროს, ყველაფერზე ვისაუბრეთ, საკმაოდ დიდხანს. მებრძოლი ლიდერია. როცა საუბარი დავასრულეთ და კარში გადიოდა, იმავე წამს მივხვდი, რომ ჯანმრთელობა ძლიერ შერყეული აქვს. როგორც ჩემი ქვეყნის ჭირისუფალი, ვამბობ, ვერ გადაიტანს ეს ქვეყანა, რასაც მესამე პრეზიდენტის განადგურება და სიკვდილი ჰქვია.

- შეეცადეთ დაგერწმუნებინათ, რომ შიმშილობა შეეწყვიტა? - მაქსიმალურად ვცდილობდი, დამერწმუნებინა. 2 საათის განმავლობაში ვსაუბრობდით და პერიოდულად ვცდილობდი, რომ ეს თემა წამომეწია. ოსტატურად ვუბრუნდებოდი შიმშილობის თემას, რომ უნდა შეწყვიტო შიმშილობა- მეთქი. არ იშიმშილოთო, ამ ტიპის ლიდერებს არ ეუბნებიან, მაგრამ ახლა, ბატონო პრეზიდენტო, სტრატეგიული შეცდომა იქნება შიმშილის გაგრძელება-მეთქი. რომ ვუბრუნდებოდი ამ თემას, მიხვდა და გაიცინა, - დღეს საქართველო იბრძვისო. ჩვენ ვებრძვით რუსეთს. პუტინის გეგმა არ უნდა შესრულდეს. ამ ტიპის ენერგეტიკის ლიდერები ბრძოლას იგებენ. ჩვენი უპირველესი მოთხოვნაა, გადაიყვანონ ჯერ მულტიფუნქციურ კლინიკაში, სადაც ელემენტარულად, სული უნდა მოითქვას. ის სხარტი ლიდერია, მაგრამ ის სიკვდილამდე ასეთი იქნება, რადგან თავდადებულია. ვითხოვთ, კლინიკაში გადაიყვანონ... კატასტროფისკენ მიჰყავს ქვეყანა ამ ხელსუფლებას. ჩვენ დაგვრჩა ის, რომ პერმანენტული დიდი აქციებით ვიყოთ ქუჩაში და მუდმივად ვაჯანჯღაროთ კანონიდან გასული ხელისუფლება, რომ როგორმე მოვაცილოთ რუსეთზე მომუშავე ჭირი.

(სპეციალურად საიტისთვის)