"პასუხისმგებლობა დიდია საპატრიარქოსი, რომელიც საშუალებას უტოვებს ცალკეულ სასულიერო პირებს, რომ იქადაგონ ანტივაქსერული პროპაგანდა"
კიდევ ერთხელ მივმართავ საპატრიარქოს, რომ ეკლესიამ მისცეს მრევლს მკაფიო მითითება და მაგალითი , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე პანდემიაზე საუბრისას განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, დღევანდელ კატასტროფულ მდგომარეობაზე ყველანი ვართ პასუხისმგებელნი.
"ჩვენ მომსწრეები ვართ უპრეცედენტო მასშტაბის ტრაგედიის ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც ისედაც დემოგრაფიულ კრიზისს განიცდის. დღევანდელ კატასტროფულ მდგომარეობაზე ყველანი ვართ პასუხისმგებელნი, სახელმწიფო, პასუხისმგებლობით აღჭურვილი პირები, მეც, მათ შორის, რომლებსაც უფრო აქტიური კამპანიის ჩატარება გვევალება ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის და მეტი გამბედაობა. პასუხისმგებლობა ასევე ეკუთვნის პარტიებს, რომლებიც დემონსტრაციებს მართავენ რეგულაციების და სიფრთხილის მიუხედავად. პასუხისმგებლობა დიდია საპატრიარქოსი, რომელიც მაინც თავს იკავებს კურთხევის მიცემისგან, რაც საშუალებას უტოვებს ცალკეულ სასულიერო პირებს, რომ იქადაგონ ანტივაქსერული პროპაგანდა. ეს პასუხისმგებლობა არის სამედიცინო სფეროს ზოგიერთი წარმომადგენლის, რომლის შეხედულებები საერთო საქმეს ავნებს.
ჩვენი მოქალაქეების პასუხისმგებლობაა, ვინც პირადი შიშების და საკუთარი ჯანმრთელობის გამო ქვეყანას დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე აყენებს. პანდემია ყველაზე ნათლად გვიჩვენებს, რომ არ ვართ ერთმანეთის მტრები, არამედ ერთად უნდა ვებრძოლოთ და ერთად დავძლიოთ ეს პანდემია. მივმართავ ხელისუფლებას სასწრაფო და მკაცრი ზომები იქნას მიღებული - სავალდებული აცრა რისკჯგუფებისთვის, "კოვიდ პასპორტის" შემოტანა საჯარო სივრცეებში შესვლისთვის, თუნდაც, ფასიანი მკურნალობა აუცრელი ადამიანებისთვის. მივმართავ მედიას გადაცემები გახშირდეს, ამ პრობლემის გასაშუქებლად გააქტიურებისკენ და პარტიებს თავშეკავებისკენ. კიდევ ერთხელ მივმართავ საპატრიარქოს, რომ ეკლესიამ მისცეს მრევლს მკაფიო მითითება და მაგალითი",-აღნიშნავს პრეზიდენტი.
"ინტერპრესნიუსი"