"მიშას დროს უკეთესად ვცხოვრობდითო, ამის თქმა როგორ შეიძლება?!" - კვირის პალიტრა

"მიშას დროს უკეთესად ვცხოვრობდითო, ამის თქმა როგორ შეიძლება?!"

ბოლო წლებში საქართველოში ათასობით ოჯახი გაღარიბდა. ამ პროცესს განსაკუთრებით შეუწყო ხელი პანდემიამ, ლარის კურსის დაცემამ და სხვა ფაქტორებმა. მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ წლების წინ მეტი შემოსავალი ჰქონდა და თავს უფრო დაცულად გრძნობდა... როგორ შეიცვალა თქვენი მატერიალური მდგომარეობა ბოლო ათ წელიწადში? - ეს შეკითხვა ქართველი ინტელიგენციისა და შოუბიზნესის ცნობილ წარმომადგენლებს დავუსვით.

გთავაზობთ ამონარიდებს რამდენიმე რესპონდენტის მოსაზრებიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

ბაკურ ბაკურაძე, რეჟისორი, პროდიუსერი:

"ჩემი მატერიალური მდგომარეობა არასდროს ყოფილა დამოკიდებული რომელიმე ხელისუფლებაზე, ამიტომ ჩემი ოჯახისთვის მნიშვნელობა არა აქვს, ვინ არის ქვეყნის სათავეში... ახლანდელი მთავრობა ფულს ნამდვილად არ მიხდის, არც შევარდნაძის დროს მიხდიდა, არც სააკაშვილის დროს და არც ახლა, მაგრამ თავი გამაქვს. ნებისმიერი ოჯახი, რომლის წევრებს ორი ხელი, ორი ფეხი და თავში ტვინი აქვთ, ისე ცხოვრობს, როგორც იმსახურებს..."

ლევან ბერძენიშვილი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი:

"აბა, რა გითხრათ?.. როგორც ადრე ვმუშაობდი 5 ადგილას, ახლაც ისე ვმუშაობ. ძალიან ბევრი შრომა მიწევს იმისათვის, რომ წონასწორობა როგორმე შევინარჩუნო. "ნაციონალების" დროს კარგა ხანს უცხოეთში ვიყავი: "რესპუბლიკელებმა" საპარლამენტო არჩევნები რომ წავაგეთ, აქ სამუშაო ვერ ვიპოვე, ამერიკაში წავედი და იქ ვმუშაობდი. მატერიალურად მართლა კარგად ვიყავი, მაგრამ უცხო ქვეყანაში 3 წელიწადზე მეტხანს ვერ გავძელი. ახლაც ისე ვცხოვრობ, როგორც ადრე ვცხოვრობდი. რა თქმა უნდა, ლარის კურსისა და ინფლაციის გამო სიტუაცია ჩემთვისაც გაუარესდა..."

ქეთი დოლიძე, რეჟისორი:

"იცით, ვინ ამბობს, ადრე უფრო კარგად ვცხოვრობდითო?.. ვინც "ნაციონალებს" უჭერს მხარს და ვისაც ისინი ფულს აძლევდნენ. ვინც მათი მომხრე არ იყო, გააუბედურეს, ციხეში ჩასვეს, შვილები დაუხოცეს - ამის მეტს ვეღარაფერს გეტყვით. არანაირი კომენტარის გაკეთება მატერიალურ, სოციალურ კეთილდღეობაზე არ მსურს, როცა ერთმა კაცმა და მისმა ხალხმა მთელი საქართველო გაანადგურა. მიშას დროს უკეთესად ვცხოვრობდითო, ამის თქმა როგორ შეიძლება?!."

გია ბუღაძე, მხატვარი:

"რა თქმა უნდა, დღეს ჩვენი მდგომარეობა ბევრად უარესია, ვიდრე თუნდაც 10 წლის წინ იყო: ყველაფერი დაქცეული, ჩამოფლეთილი და ჩამონგრეულია და ეს არც უნდა გვიკვირდეს. პირადად ჩემზე თუ ვიტყვით, მე განახევრებული მაქვს შემოსავალი, რომელიც ადრე მქონდა..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 4 ნოემბრის ნომერში წაიკითხავთ.

ხათუნა ჩიგოგიძე