"ერთხელ ვეუბნები, - ქალბატონო ვერიკო, მოგეხმარებით-მეთქი. - დაჯექი და დაიმახსოვრე, ვინ გემსახურება, - ვერიკო ანჯაფარიძეო!" - კვირის პალიტრა

"ერთხელ ვეუბნები, - ქალბატონო ვერიკო, მოგეხმარებით-მეთქი. - დაჯექი და დაიმახსოვრე, ვინ გემსახურება, - ვერიკო ანჯაფარიძეო!"

როდის ეცვათ ერთნაირად ასმათ ტყაბლაძესა და სოფიკო ჭიაურელს

მსახიობებს, გარდა იმისა, რომ სცენაზე ავლენენ თავიანთ ნიჭიერებას, კიდევ ბევრი სხვა რამ ეხერხებათ. ზოგი მსახიობი კარგად კერავს, ქსოვს, ხატავს. მაგალითად, მედეა ჩახავა გასაოცარი კულინარი იყო, გია ფერაძე შესანიშნავ ლექსებს წერდა, რუსლან მიქაბერიძეც წერდა მახვილგონივრულ ფუნაგორიებს და საერთოდ, ბევრია დაჯილდოებული სხვადასხვა უნარით.

ასმათ ტყაბლაძე მათ შორისაა, ვინც არაჩვეულებრივად კერავს და ქსოვს.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ჩემს ტანზე ისე ვიკერავდი, სანტიმეტრი ხელში არ ამიღია, ზუსტი თვალის ზომა მაქვს. ახლაც, ზეპირად რომ ვიტყვი, ამდენი სანტიმეტრი იქნება-მეთქი, გავზომავ და ზუსტად იმდენია. ერთხელ ახალი შემოსული იყო ფერადი ჯინსი. იყიდებოდა ძალიან ლამაზი ცისფერი კოსტიუმი, ჩემი ზომა აღმოჩნდა, თან ძალიან მიხდებოდა და ვიყიდე. ეტყობა, თეატრში ვიღაცა დაიბოღმა ამ კოსტიუმის გამო... ერთ დღესაც, რეპეტიციაზე ვარ, ჯერ საგრიმიოროში შევედი, სადაც გავიხადე და დავტოვე ჯინსის კოსტიუმი, მერე სარეპეტიციო დარბაზში ავედი. იქიდან რომ ჩამოვედი, რას ვხედავ?!. მაკრატლით არის ამოჭრილი ორივე - პიჯაკი და ქვედაბოლო. გავმწარდი..."

"მსახიობებს ყოველთვის გვიჭირდა საღამოს კაბების შოვნა. ძალიან ლამაზი კაბა ვიყიდე პარიზში. ჩამოვედი და სულ ორჯერ ჩავიცვი. მერე ასეთი რამ მოვიფიქრე - ამ კაბის მსგავსი, ხუთი სხვადასხვა ფერის კაბა შევკერე და მეგობრებს გასაყიდად გავატანე. ეს პარიზში ნაყიდი კაბაც გავაყოლე: სახალხოდ ერთი და იმავეს ჩაცმა მოსაბეზრებელია. ჰოდა, მოხდა ისე, რომ ჩემი შეკერილი ყველა გაიყიდა, ხოლო ნაყიდი კაბა უკან დამიბრუნეს, - ამას არ ეტყობა, რომ ფირმის შეკერილიაო (იცინის)..."

"ვერიკო საჭმელებს აკეთებდა კარგად. მინახავს, მაგალითად, კატლეტებს როგორ ამზადებდა... სტუმრად მისულს, ყოველთვის მერიდებოდა - ის ფეხზე იდგა და უნდა გამმასპინძლებოდა. ერთხელ ვეუბნები, - ქალბატონო ვერიკო, მოგეხმარებით-მეთქი. - დაჯექი და დაიმახსოვრე, ვინ გემსახურება, - ვერიკო ანჯაფარიძეო! ჩემთვის სატრაბახოა, როცა ამას ამბობს ვერიკო..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 4 ნოემბრის ნომერში წაიკითხავთ.

ნანული ზოტიკიშვილი