"მელია-ნაცები", კინაღამ "გაზუგდიდელებული" სანდრა, მოშიმშილე ნაპრეზიდენტალი და წალენჯიხისკენ მიმავალნი
ლატენტურმა მიშისტებმა ვერ დამალეს აღფრთოვანება და არჩევნების მეორე ტურის წალენჯიხის პრეცედენტი დემოკრატიის ზეობად გამოაცხადეს. მგონი, აფიშირებულ "ნაცებს" არ გამოუხატავთ ასეთი პოზიცია, როგორც იმ ხალხმა, ვინც სასხვათაშორისოდ იკითხა: რა ღირს სახლი წალენჯიხაში?..
მეხი დაეცეს პირველ და მეორე ტურებში არჩეულ იმ პირებს, ვინც უპასუხისმგებლოდ გაატარებს თავის სახელისუფლებო ვადას, და კიდევ მათაც, ვისაც ჰგონია, რომ წალენჯიხაა დემოკრატიის აკვანი და არჩევნების ოქროს რგოლი.
სახლი არ ვიცი, რა ღირს წალენჯიხაში, მაგრამ "იკარუსის" ბილეთის ფასს გაგიგებთ, ჩუმო მიშისტებო! აი, ოღონდაც ამ მიშისტების ფსიქოლოგია ამომახსნევინა და მერე თუნდაც მოვკვდე. 7 ნოემბერს რომ მოინდომეს "მელია-ნაცებმა" პროტესტის დაწყება შუაგულ თბილისში და ორთოდოქსმა "ნაცებმა" მკვდარ-ცოცხალი აგინეს მელიას, რა სპორტია (გინდაც რა პოლიტიკაა)?!. ფსიქოანალიზის საშუალებით არ ვიცი, რა მოხდება, მაგრამ გავყვეთ ლოგიკურ ჯაჭვს. ადრე სანდრა რომ კინაღამ "გააზუგდიდელეს", მერე არჩევნებში დამარცხდა და სიითაც არ დაიჭირა კუთვნილი ადგილი ქართულ პოლიტიკაში, საზუგდიდედ ეგებ მელია-შვილი გაეგზავნა "ნაციონალურ მოძრაობას" მაშინ და არა - ნალედარი. ახლა რომ შეატოვეს მამა-მელია ზუგდიდელებს ხელთ, ეგ იქ არჩევნებს მოიგებდა? წაგებულ ომში ამ ასაკის კაცის გაშვება რა წინდაუხედაობაა? განა ვერ ვხვდები, რომ ქეთა გაბიანის მსგავსი "ნაცები" და მელიასებრნი სხვადასხვაგვარნი არიან? ეგებ რომელიმე წონიანი "ნაციონალი" გამოვიდეს და თქვას, რომ ოხრახუშს თუ არაჟანს შემოყოლებული მიშა ამ პარტიის დამოკლეს მახვილია? თუ ვინმეს მიშასთვის სიკეთე უნდა და ასევე, მიშა თუ მომავლის პოლიტიკოსია, პირველ რიგში, სააკაშვილს იმას უნდა ევედრონ, რომ ჭამოს, იჯანმრთელოს და პოლიტიკური მოღვაწეობა თუნდაც "სროკის" მოხდის შემდეგ გააგრძელოს. მაგ ასაკზე დიდები იყვნენ მსოფლიო პოლიტიკის გრანდები და ცოტა ხანს იყურყუტოს, რა მოხდება?! არც არაფერი.
გულახდილად გეტყვით, ყველა დამნაშავე მინდა იხდიდეს სასჯელს თუნდაც იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ჩაიძირა ამოუსვლელ ლაფში და - რისთვის?! იმისთვის, რომ ქართული პოლიტიკის ცენტრში მოტრიალე სამასიოდე ადამიანი სულს ხდიდეს საკუთარი ჯიბისა და საკუთარი კეთილდღეობისთვის სახელმწიფოს!
ჯანდაბას ეს პოლიტიკოსები, მაგრამ "პოზიცია"-ოპოზიციის "გამპრავებელ" ჟურნალისტებს რაღა ეტაკათ?! მიშას დროინდელი "რუსთავი ორის" პოზიცია "იმედმა" გადაიბარა და ორიოდე საინფორმაციოს რომ მოვუსმინე, კინაღამ თავი ლუქსემბურგში მეგონა, მაგრამ "მთავარს" ან "პირველს" თუ მოუსმენთ, ჯოჯოხეთში ხარ და ეგაა! ამ უკანასკნელთა ჟურნალისტების საცოდაობით ვიწვი. ასეთი დეჰუმანიზებული მედია ვის რაში არგია, გარდა იმისა, რომ ითესება აგრესია და კინკლაობა! აგრესიით ვის რა უშენებია, ხალხო, გეკითხებით? გამოსავალი ჩვენი პოლიტიკოსებისა და ჩვენივე ვაი-ჟურნალისტების გაქრობაშია, მაგრამ არ ქრებიან, პირიქით - ნაწვიმარზე ამოსული სოკოებივით ხან სად წააწყდები მათ, ხან კიდევ - სად!
ათასჯერ ვთქვი, ვინც ქოცნაცობას გადავურჩებით, "კოვიდი" მოგვიღებს ბოლოს-მეთქი. გამოვიდა კრამიტითსმია გამყრელიძე და შემოგვძახა: საქართველოსთვის ვაქცინაციის ე.წ. ზღვრული მაჩვენებელი 30-35% აღმოჩნდა და თუ რაიმე წამახალისებელი ან შემზღუდავი ღონისძიება არ დაწესდება, ნებაყოფლობით ვაქცინირებულთა რაოდენობა აღარ გაიზრდებაო.
თურმე ორჯერადად აცრილი 18 წელს ზემოთ მოსახლეობის 33%-ია, ხოლო ერთჯერადად მოზრდილი მოსახლეობის - 36.6%. აბა, გვშველებია! რას უსმენთ, ხალხო, ანტივაქსერებს? მაგათ რომ სირცხვილის გრძნობა ჰქონდეთ, ყოველი აუცრელის გარდაცვალების შემდეგ მეტანიებს უნდა ატარებდნენ, ღვთისა და ერის წინაშე იბოდიშებდნენ, მაგრამ ასე არ იზამენ ეგენი! ბოროტებით მოსდის ეს თუ სიბრიყვით, მაგას უკვე აღარ ვკითხულობ, მე იმ აუცრელთა თავში მინდა ჩავიხედო, რას ფიქრობენ! ნუთუ ამდენად ფასეულნი არიან, რომ მსოფლიოს წამყვანი ინსტიტუციები ვაქცინას მხოლოდ მათი გადაგვარებისა და დასიკვდილებისთვის იგონებენ?
პ.ს. "ნაციონალთა" ნაწილი პარლამენტის დატოვებით იმუქრება. ცალკე მამუკა ლელოელი იქაჩება, წავალ ამ პარლამენტიდანო. მინდა გკითხოთ პარლამენტიდან გამოსვლის მსურველებს: მე დაგაძალეთ პარლამენტარობა? სახელმწიფოში არეულობისთვის გჭირდებათ ახლა პარლამენტიდან გამოსვლაც, ნოემბრის აქციებიც და თვით მიშას სიკვდილიც, რომელსაც ვერ ეღირსებით. მიშა ჭამას დაიწყებს, დიახ!
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს