რას გულისხმობს "მწვანე" საშვის მექანიზმი, რომლის შემოღებაც იგეგმება და რომელზეც ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე "მწვანე" საშვის შემოღებაზე იყო საუბარი.
როგორც მან სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ მიმართულებით კონსულტაციები გაგრძელდება და დამატებით დაინიშნება საბჭოს სხდომა იმისთვის, რომ საბოლოო გადაწყვეტილება იყოს მიღებული.
"სხდომაზე ასევე საუბარი იყო "მწვანე" საშვის კონცეფციაზე. საბჭომ განიხილა წინადადებები, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა წარმოადგინა "მწვანე" საშვის გამოყენების წესთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით კონსულტაციები გაგრძელდება და დამატებით ჩაინიშნება საბჭოს სხდომა იმისთვის, რომ საბოლოო გადაწყვეტილება იყოს მიღებული", - განაცხადა გაბუნიამ.
თამარ გაბუნიას განცხადებით, ერთადერთი მექანიზმი, რომელიც ადამიანის უფლებებთან და კანონთან შესაბამისობაშია ე.წ. მწვანე საშვის მექანიზმია, რომელზეც სამინისტრო მუშაობს.
"რაც შეეხება "მწვანე" საშვის კონცეფციას, ეს გარკვეულწილად არის არაპირდაპირი რეგულირება და სავალდებულო მოთხოვნა პარამეტრების, რაც აღწერს პირის ეპიდუსაფრთხოების სტატუსს, ეს არის ვაქცინაცია, ანტიგენ ტესტირება ყოველდღიურ რეჟიმში ან პსრ ტესტირება 72 საათიან რეჟიმში, ასევე გადატანილი ინფექცია 14-დღიდან 6 თვის ინტერვალში. ამ შემთხვევაში, ამ 3 პარამეტრიდან ერთ-ერთი ნიშნავს იმას, რომ პირი შეიძლება ჩაერთოს უსაფრთხოდ სოციალურ აქტივობებში. ბევრი ქვეყანა ამას უკვე იყენებს. ადმინისტრირების ნაწილში მნიშვნელოვანია ის, რომ ვიდრე მოხდება ამ მექანიზმის აღიარება და სავალდებულო სახით ქვეყანაში დანერგვა, ვსაუბრობ "მწვანე" საშვის მექანიზმზე, მნიშვნელოვანია ასევე ყველა პირობა იყოს შექმნილი იმისთვის, რომ აღსრულების ნაწილში არ შეიქმნას შეფერხებები და ამან არ გამოიწვიოს გარკვეული სახით ფალსიფიკაცია. ერთი სერტიფიკატის ნაწილი და მეორე, იმ წესის დარღვევით, რომელსაც დავაწესებთ. ამიტომ, ბიზნესმა მზაობა უნდა გამოხატოს ამასთან დაკავშირებით. "მწვანე" საშვის გარეშე მომხმარებელი ვერაფრით მოხვდება იმ გარემოში, სადაც ბიზნესაქტივობა წარმოებს. ასევე ზუსტად უნდა იყოს შრომის ინსპექციის მხრიდან მექანიზმები და გარანტიები, რომელიც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ აღსრულება შესაბამისად მოხდეს. მანამდე, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს მხოლოდ ფორმალობა იქნება. ამ გარანტიებზე მიდის ახლა მუშაობა და როგორც კი საბოლოოდ ჩამოყალიბებული სურათი გვექნება, ეს გადაწყვეტილება არ დააყოვნებს.
ერთადერთი მექანიზმი, რომელიც შესაბამისობაშია ადამიანის უფლებებთან, კანონთან პაციენტის უფლებების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს, რომ ადამიანი თავად იღებს გადაწყვეტილებას ნებისმიერ სამედიცინო ინტერვენციაზე, ეს არის "მწვანე საშვის" მექანიზმი. ეს ითვალისწინებს გარკვეულ არჩევანს ვაქცინაციას ან სხვა ალტერნატივებს. ეს არის ერთადერთი მექანიზმი, რომელიც ჩვენ ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია, ეთიკურად გამართული და ამის დამუშავებაზე მიდის მუშაობა", - განაცხადა გაბუნიამ.
რაც შეეხება მედიკოსების ვაქცინაციის მაჩვენებელს და უნდა იყოს თუ არა ის სავალდებულო, გაბუნია ამბობს, რომ ეს მაჩვენებელი თითქმის 80%-ს აღწევს.
"ჩვენ მედიკოსებთან გავაგრძელებთ მუშაობას იმ კუთხით, რომ ვაქცინაციის მაჩვენებელი გაიზარდოს. რა თქმა უნდა, მოთხოვნა და ეპიდუსაფრთხო გარემო ისევე ეხება მედიკოსს, როგორც ეხება მასწავლებელს, პოლიციელს და ნებისმიერ სხვა ჯგუფს", - განაცხადა გაბუნიამ.
იხილეთ ვიდეო