"სალომე ზურაბიშვილის ადგილზე შერცხვებოდა სააკაშვილზე გაკეთებული განცხადების გამო"
სალომე ზურაბიშვილს აქვს პირადი ბოღმა, მას არ ესმის, რომ ამის უკან სახელმწიფოს ბედია, სიმბოლოებია. მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილისთვის მიხეილ სააკაშვილი არის სახელმწიფოებრიობის სიმბოლო და შენ მას ისე რომ ეპყრობი, როგორც შენს პირად მტერს და ვენდეტას აწყობ, ამით არის ეს პარიზში გაზრდილი ქალი დაკავებული, ეს არის სრული არაადეკვატურობა და არაცივილიზებულობა, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა, დავით დარჩიაშვილმა პრეზიდენტის მიერ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე დასმული კითხვის პასუხად "პალიტრანიუსის" გადაცემაში "დღის ნიუსრუმი" განაცხადა.
დავით დარჩიაშვილის თქმით, პრეზიდენტის განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის, შურისძიებითაა განპირობებული.
"სააკაშვილი რომ პოლიტიკური პატიმრის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, ამაზე ძალიან ბევრჯერ, ბევრი მისთვის წესით საპატივცემულო დედაქალაქებიდან არის ნათქვამი. ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული მხოლოდ ერთი განცხადება საკმარისია დეფინიციისთვის, რომ ის არის პოლიტპატიმარი, პოლიტიკური ინტერესების გამო ციხეში ჩასმული. ჩახედოს ღარიბაშვილის განცხადებას, რომელიც ამბობდა, რომ "ჭკვიანად იყოს თორემ მუხლებს დავუმატებთ; ვეუბნებოდით, პოლიტიკიდან წადი და არ დაგიჭერთ და არ წავიდა". ნებისმიერი ნორმალური იურისტისთვის ეს არის მტკიცებულება.
რასაც ლაპარაკობს ეგ ქალბატონი, პრეზიდენტად მიჭირს მისი მოხსენიება. მე მახსოვს 2018-ში მისი ინაუგურაცია რის შედეგად შედგა. მე მაგის ადგილზე შემრცხვებოდა, რომ ივანიშვილის ბანერებითა და ფულით, მოსყიდვით, სუს-ით გახდა პრეზიდენტი ეს ფრანგი ქალი. ეტყობა ადამიანს რომ გადაფხეკ, შეიძლება, ისევ ნამჯა გამოჩნდეს და ეს "შანელები" წაიშალოს იმიტომ, რომ ასე იქცევა. მას აქვს პირადი ბოღმა, მას არ ესმის, რომ ამის უკან სახელმწიფოს ბედია, სიმბოლოებია. მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილისთვის ეს კაცი, მიხეილ სააკაშვილი არის სახელმწიფოებრიობის სიმბოლო და შენ მას ისე, რომ ეპყრობი, როგორც შენს პირად მტერს და ვენდეტას აწყობ, ამით არის ეს პარიზში გაზრდილი ქალი დაკავებული, ეს არის სრული არაადეკვატურობა და არაცივილიზებულობა", - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.
დავით დარჩიაშვილი სალომე ზურაბიშვილს თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამოც აკრიტიკებს და მოუწოდებს "ჩამოყალიბდეს", ღირებულია თუ არა მისთვის ეუთო-ს დასკვნა.
"ეს არის ძალიან ზოგადი ბლა, ბლა, ბლა. უბრალოდ უნდა, რომ ბუღი დააყენოს და არაფერი კონკრეტული არ თქვას, თუ არავინ გამარჯვებული არ არის, მაშინ ყველაზე წყნარი და უპრეცედენტო ინციდენტებით დაღდასმული როგორღა არის, რაშია საქმე? ის ვერ მეტყველებს, ენის ფლობის პროფესიონალობასთან არ მაქვს პრეტენზია, მაგრამ ნათლად ჩამოაყალიბოს, ჩამოყალიბდეს, არის მისთვის ღირებული ის დასკვნა, რომელიც ეუთომ დადო", - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.
"ინტერპრესნიუსი"