როდის დაფიქსირდა საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მაქსიმალური მაჩვენებელი - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიში ცნობილია - კვირის პალიტრა

როდის დაფიქსირდა საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მაქსიმალური მაჩვენებელი - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიში ცნობილია

2021 წლის 1-ელი ოქტომბრის მდგომარეობით, COVID-19–ით განპირობებული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1 მლნ მოსახლეზე 2 399 შეადგენს,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის მიხედვით, სიკვდილიანობის მაჩვენებლების როგორც რაოდენობრივი, ისე 1 მლნ მოსახლეზე მაქსიმალური რაოდენობა 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში და 2021 წლის აგვისტო-სექტემბერში დაფიქსირდა.

ამასთან, 2021 წლის 1-ელი ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოში COVID-19-ით განპირობებული ლეტალური შემთხვევების რაოდენობა 8 976-ს შეადგენდა (ლეტალობის მაჩვენებელი 1.46%).

რაც შეეხება სიკვდილიანობის მაჩვენებელს რეგიონების მიხედვით, 2020 წლის აპრილიდან 2021 წლის სექტემბრის ჩათვლით COVID-19-ით სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი ყველაზე მაღალ მნიშვნელობას ინარჩუნებდა თბილისში. გამონაკლისს წარმოადგენს 2020 წლის ოქტომბერი-ნოემბერი, როდესაც მაქსიმალური წილი დაფიქსირდა აჭარის რეგიონში.

გარდა ამისა, როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ყველა ლეტალურ შემთხვევაში დაავადების მიმდინარეობა იყო მძიმე ან კრიტიკული.

"სიკვდილის შესახებ სამედიცინო ცნობაში COVID-19-ით გარდაცვლილ პაციენტთა 69%-ს აღენიშნებოდა სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადება და გართულება.

თანმხლებ დაავადებებთა შორის: კარდიო-ვასკულარული დ-ბი (ჰიპერტენზიის გარდა) - 69.1%; ჰიპერტენზია - 35.3%; დიაბეტი - 25.5%. ონკოლოგიური დაავადება - 5.8%; ფილტვის ქრონიკული დაავადება - 4.4%;

გართულებებს შორის: პნევმონია - 74.7%; სუნთქვის უკმარისობა - 73.6%; რესპირაციული დისტრეს სინდრომი - 25.8; გულის უკმარისობა - 19%",- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანგარიშის თანახმად, 2021 წლის 1-ელი ოქტომბრის მდგომარეობით, 0-დან 18 წლის ჩათვლით ასაკში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენდა 90 680 ბავშვს, რაც ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობის 14,8%-ს შეადგენს.

ანგარიშის თანახმად, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან სტაციონარული მკურნალობა ჩაუტარდა 7 708 ბავშვს (ინფიცირებული ბავშვების 8,5%), მათ შორის ლეტალური გამოსავალი დაფიქსირდა 8 შემთხვევაში. ჰოსპიტალური ლეტალობა 0,1%-ს შეადგენდა.

ამასთან, 18 წლამდე ასაკში ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა 2020 წლის ოქტომბერ-დეკემბერში და 2021 წლის ივლისი-სექტემბრის თვეებში.

ამასთან, 2021 წლის 1-ელი ოქტომბრის მდგომარეობით, ინფიცირებულთა შორის 0-დან 15 წლამდე ბავშვები 10%-ს, ხოლო მოზარდები და ახალგაზრდები (15-24) 12%-ს შეადგენს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშის თანახმად, 2021 წლის 1-ელი ოქტომბრის მდგომარეობით, კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის ჯანდაცვის მუშაკები 6.4%-ს შეადგენს.

ამასთან, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, რისკის ჯგუფების მიხედვით, დაინფიცირებული ჯანდაცვის მუშაკთა 72% სტაციონარების სამედიცინო პერსონალი ცხელების, კოვიდ ან ონლაინ კლინიკის და სტაციონარების მიმღების, ინტენსიურის და რეანიმაციის განყოფილების თანამშრომელია. ამასთან, დაინფიცირებული ჯანდაცვის მუშაკების წილი მთლიანი ჯანდაცვის პერსონალის ჯამური რაოდენობის 39.9%-ს შეადგენს. ასევე აღნიშნულია, რომ ინფიცირებულთა შორის 82% იყო ქალი, 18% - კაცი. ინფიცირების ყველაზე მაღალი წილი დაფიქსირდა თბილისის, იმერეთის და აჭარის რეგიონებში.

რაც შეეხება ლეტალობას, როგორც ანგარიშშია ნათქვამი, პანდემიის პერიოდში კორონავირუსით განპირობებული ჯანდაცვის მუშაკთა სიკვდილიანობის ჯამური რაოდენობა იყო 117, რაც 0.3%-ს შეადგენს სამედიცინო პერსონალში დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობიდან. გარდაცვლილთა შორის 40.2% იყო კაცი, 59.8% ქალი. 30-დან 70 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი გარდაცვლილთა 68.4%-ს შეადგენდა.

რისკის ჯგუფების მიხედვით, გარდაცვლილი მედპერსონალის 52.1% სტაციონარების სამედიცინო პერსონალი ან ცხელების, კოვიდ ან ონლაინ კლინიკის და ყველა სტაციონარის მიმღების, ინტენსიურის და რეანიმაციის განყოფილების თანამშრომელი იყო.

იხილეთ ასევე: 15 მარტიდან 1-ელი ოქტომბრის პერიოდში, "ფაიზერის" ვაქცინაციის შემდგომი გართულების 892, "სინოვაკისას" - 135, "სინოფარმისას" - 309 და "ასტრაზენეკას" 363 შემთხვევა დაფიქსირდა

"ინტერპრესნიუსი"