"საქართველოში ისეთი რაღაცების პატიება, რაც მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა, არასოდეს არ ხდება" - კვირის პალიტრა

"საქართველოში ისეთი რაღაცების პატიება, რაც მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა, არასოდეს არ ხდება"

რუსეთის რადიოსადგურის - "ეხო მოსკვის" (Эхо Москвы) გადაცემაში "განსაკუთრებული აზრი" (Особое мнение) 4 ნოემბერს, საღამოს, მიწვეული იყო ჟურნალისტი და პუბლიცისტი, პოლიტოლოგი მაქსიმ შევჩენკო. საუბრის თემები: რუსეთის საშინაო პოლიტიკა (ადამიანის უფლებების დაცვა - ალექსი ნავალნის ირგვლივ), საგარეო პოლიტიკა (რუსეთ-ბელარუსისა და რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობა, უკრაინა, საქართველო...). გთავაზობთ ამონარიდს საუბრიდან:

მაქსიმ შევჩენკო: - მოსკოვში აშშ-ის ЦРУ-ს (ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს) დირექტორი უილიამ ბერნსი იყო ჩამოსული... როგორც ჩანს, რუსულ სპეცსამსახურებთან მოსათათბირებლად, რომ უწყებებს ერთმანეთთან კონფლიქტი არ ჰქონდეთ, თითქოსდა იმის სათქმელად, რომ "ეს ჩვენი ტერიტორიაა, ეს კი თქვენი"... მანამდე კი - ვიქტორია ნულანდი იყო, სახელმწიფო მდივნის მოადგილე. ზოგიერთი ვერსიით, ვიქტორია ცდილობდა, რაღაც ვაჭრობა დაეწყო - ვთქვათ, ასეთი ტიპის: "ვენესუელა - ჩვენ, უკრაინა - თქვენ". მას მოსკოვში უთხრეს: "ბოდიში, ჩვენ უკრაინა არ გვჭირდება". ამერიკელს უთქვამს: "მაშინ საქართველო". გამომივიდა ვაჭარი, რა... ჩვენ კარგად ვიცით, თუ რა ხდება საქართველოში. საქართველო, რასაკვირველია, [მათთვის] უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე - უკრაინა რუსეთისათვის.

მაშა მაიერსი: - გეოპოლიტიკურად? მაქსიმ შევჩენკო: - რა თქმა უნდა. იმიტომ, რომ საქართველო - ეს ერთგვარი ბოთლის ყელს წარმოადგენს სამხრეთ კავკასიისათვის, მის ტერიტორიაზე გადის ყველა რესურსი. თუ უკრაინა ნატოს წევრი გახდება, ეს, ცხადია, ჩვენთვის არასასიამოვნო იქნება, მაგრამ თუ საქართველოს ნატოში მიიღებენ, ეს უკვე რუსეთის გეოპოლიტიკური, სტრატეგიული მარცხი იქნება. ამის დაშვება რუსეთს არავითარ შემთხვევაში არ შეუძლია. თუმცა, რასაკვირველია, უკრაინის მიღებაც დაუშვებელია.

მაშა მაიერსი: - ამ ფონზე როგორ გამოიყურება მიხეილ სააკაშვილის შემდგომი ბედი? მაქსიმ შევჩენკო: - სადაც ზის, იქ იჯდება. ჯერჯერობით მას არაფრის იმედი არ უნდა ჰქონდეს. როგორც ადრე ვამბობდი, მოხდება გაცვლა... ალბათ, ჩამოყალიბდება კოალიციური მთავრობა, "ნაციონალებისა" და "მეოცნებეების" შემადგენლობით. ამერიკელებს ასე უნდათ, თუმცა მე არ ვარ დარწმუნებული, რომ კოალიცია იქნება.

მაშა მაიერსი: - რამდენად აკონტროლებენ ამერიკელები სიტუაციას? მაქსიმ შევჩენკო: - ისინი მიხეილ სააკაშვილს მსხვერპლად შეწირავენ...

მაშა მაიერსი: - ვის? რატომ? მაქსიმ შევჩენკო: - იმათ, ვისაც მიხეილ სააკაშვილი აწამებდა და ტანჯავდა, ვისაც მისი ბრძანებით საპყრობილეებში აუპატიურებდნენ და ვისზეც ძალადობდნენ... ანუ რაშიც მას ბრალი აქვს წაყენებული.

მაშა მაიერსი: - ეს შურისძიებაა? მაქსიმ შევჩენკო: - იცი, რა ხდება? საქართველო პატარა სახელმწიფოა, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს. იქ თითქმის ყველა ერთმანეთის ნათესავი და კარგი ნაცნობია. საქართველოში ისეთი რაღაცების პატიება, რაც მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა, არასოდეს არ ხდება. (...)

მაშა მაიერსი: - დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის დედა უკრაინის პრეზიდენტს - ვლადიმერ ზელენსკის სთხოვს დახმარებას. [სხვათა შორის, ზელენსკის ადრეც აქვს ნათქვამი, რომ იგი უკრაინის მოქალაქეს გაჭირვებაში არ მიატოვებს]. რატომ აქტიურობს უკრაინის პრეზიდენტი? მას ხომ სააკაშვილი არ სჭირდება... მაქსიმ შევჩენკო: - იმიტომ, რომ [მიხეილ სააკაშვილი] ამერიკელებმა ბიძინა ივანიშვილს ჩააბარეს. ეს გაცვლაა. თვის მხრივ, მიხეილ სააკაშვილის ჩაბარების სანაცვლოდ, რომელიც მსხვერპლად ითვლება და რომელიც საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას ძალიან სძულს, ბიძინა ივანიშვილმა თავისი ნეიტრალიტეტის პოლიტიკა უნდა შეწყვიტოს. მან უფრო აქტიური ანტირუსული პოზიცია უნდა დაიკავოს. პირადად ბიძინას ანტირუსული პოზიციის დაკავება არ შეუძლია, რადგან ის ძალიან არის რუსეთთან დაკავშირებული, მაგრამ მას შეუძლია ის, რომ კოალიციურ მთავრობაში რამდენიმე საკვანძო თანამდებობაზე - ვთქვათ, საგარეო საქმეთა მინისტრის და [პარლამენტის] სპიკერის პოსტებზე - "ნაციონალ"- სააკაშვილისტები იქნენ დანიშნულნი. აი, ახლაც, არჩევნების მეორე ტურის (30 ოქტომბერი) შემდეგ საქართველოს მნიშვნელოვანი ქალაქების მართვის ორგანოებში მიხეილ სააკაშვილის რაც შეიძლება მეტი მომხრე შეიყვანოს, რომ მათ იქიდან "ჩრდილოელ მეზობელს" მუქარები დაუწყონ. ეს საკითხის ერთგვარ გადაწყვეტას ნიშნავს. ამას წინათ თბილისში აშშ-ის თავდაცვის მინისტრი იმყოფებოდა... იგი ამბობდა - "საქართველო ნატოში იქნება". (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ