"პრეზიდენტმა იცის, სად ვცხოვრობთ და ხალხს რა შემოსავალი აქვს? ულტრადიქტატორებიც კი არ იტყვიან, რომ ხალხს არ უმკურნალონ" - კვირის პალიტრა

"პრეზიდენტმა იცის, სად ვცხოვრობთ და ხალხს რა შემოსავალი აქვს? ულტრადიქტატორებიც კი არ იტყვიან, რომ ხალხს არ უმკურნალონ"

საქართველოს პრეზიდენტმა იცის, სად ვცხოვრობთ? ხალხს რა შემოსავალი აქვს? რა გააკეთა სახელმწიფომ იმისთვის, რომ ხალხს გაეგო ამ ვაქცინაზე? წარმოუდგენია რა ღირს მკურნალობა კლინიკაში? ამას ულტრადიქტატორებიც კი არ იტყვიან, რომ არ უმკურნალონ ხალხს, ფული გადაახდევინონ, წარმოუდგენია ეს რა ფასი ღირს? - ამის შესახებ ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში ვატო სურგულაძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" განაცხადა, რითაც შეაფასა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართვა ხელისუფლებისადმი, რომ "სასწრაფო და მკაცრი ზომები იქნას მიღებული - სავალდებულო აცრა რისკჯგუფებისთვის, კოვიდპასპორტის შემოტანა საჯარო სივრცეებში და თუნდაც ფასიანი მკურნალობა აუცრელი ადამიანებისთვის".

ამასთან, ვატო სურგულაძემ გადაცემაში უშუალოდ ეპიდვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მხოლოდ მოწოდება საკმარისი არ არის და რაც ხდება, ეს არის "მხოლოდ და მხოლოდ უნიათო მენეჯმენტის მმართველობის ბრალი".

ექსპერტმა ასევე აღნიშნა, რომ საკოორდინაციო საბჭო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს და არა ეპიდემიოლოგიურს.

"ეს მოსალოდნელი იყო, ამაზე ბევრი ექსპერტი საუბრობდა, რომ ინფიცირების შემთხვევების მატება დაიწყებოდა ოქტომბერში და ნოემბერში მივიღებთ გაცილებით უარესს სიტუაციას, ვიდრე იყო წინა წელს. სამწუხაროდ, ეს სტატისტიკა გაუარესდება. მივეჩვიეთ უკვე ამას. დღეს 62 ადამიანია გარდაცვლილი, ისევ აიწევს 80-მდე და უფრო მეტი მსხვერპლიც გვექნება. ეს არის ყველაზე ცუდი. ამ დაავადების მსხვერპლნი არიან ახალგაზრდებიც და ჯანმრთელი ადამიანებიც. რა კეთდება? - არაფერი. რატომ მოხდა? იმიტომ, რომ არაფერი გაკეთდა. მარტო მოწოდება ამ საქმეს არ ყოფნის, მოწოდება კი არა მოქმედება სჭირდება. პრეზიდენტის მოწოდება სულ არ იყო საჭირო იმისთვის, რომ ქვეყანაში, სადაც მინისტრთა კაბინეტი მართავს ყველაფერს და სადაც ე.წ. საკოორდინაციო საბჭო არსებობს. რატომ არ გაკეთდა "მწვანე პასპორტები", არც სავალდებულო აცრა იმ ადამიანებისთვის, ვინც რისკ ჯგუფებში არიან? იმიტომ არ გაკეთდა, რომ თურმე ჩვენი მთავრობა არჩევნებზე ფიქრობდა და არ გავანაწყენეთ ანტივაქსერი ამომრჩევლები. ეს ყველაფერი მოსალოდნელი იყო და სიტუაცია კიდევ გართულდება, რადგან არაფერი კეთდება ამისთვის.

ეს ე.წ. საკოორდინაციო საბჭო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს და არა ეპიდემიოლოგიურს. ჯარიმები რომ ჩამოაწერეს ხალხს, როგორ შეიძლებოდა ამის მოხსნა? შეგვემცირებინა ჯარიმები, დროში გაგვეწელა, მაგრამ მოხსნა არ შეიძლებოდა. მე ვიცი, რომ სამედიცინო ნაწილი ამ ჯარიმების მოხსნას ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ პრემიერმა თქვა, რომ არა, ასეა საჭირო, მოვხსნათ ჯარიმები. რაც ხდება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ უნიათო მენეჯმენტის მმართველობის ბრალი" , - განაცხადა სურგულაძემ და აღნიშნა: "პროპაგანდა ეკლესიის საქმე რამდენად არის არ ვიცი, მაგრამ ხელს ნუ გვიშლიან. ამბიონიდან მოწოდება, სატანისტი, სამი ექვსიანი შეგყავთ და დაჩიპვა, აი, ამის გაკეთება ეს უკვე საბოტაჟია. ეკლესიას აქვს თავისი როლი და ფუნქცია, ხელის შეშლა ეს უკვე საბოტაჟია".

"ინტერპრესნიუსი"