"დილის ექვს საათზე მეუფე სტეფანე თავის რაზმთან, ჩოხიანებთან ერთად დაგვესხა თავს და ყველა გამოგვყარეს გარეთ"
ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილი სასულიერო პირების ნაწილმა, რომლებიც მარტვილის სამმართველოში გამოკითხვის მიზნით იმყოფებოდნენ, პოლიციის შენობა დატოვეს.
როგორც ბერი პეტრე ღუდუშაური აცხადებს, ისინი მეუფე სტეფანეს მიერ მიყვანილი ჩოხოსნების მოთხოვნას ტაძრის დატოვების შესახებ არ დაემორჩილნენ, რა დროსაც პოლიციამ ისინი დააკავა.
"დილით ექვს საათზე ვლოცულობდით, 15 წუთი არ იყო გასული, სალხინოს მონასტრის ძმობამ დაგვირეკა, რომ მონასტრიდან ჩოხოსნებმა გამოგვყარესო და წამოვედითო. რომ ჩამოვედით, პოლიცია დაგვხვდა. პოლიცია არ გვიშვებდა მონასტერში. მონასტერში ჩოხოსნები იყვნენ, კარები ჰქონდათ ჩაკეტილი, შიგნით გვინდოდა შესვლა და გვეუბნებოდნენ, დაგვეტოვებინა მონასტერი. ჩვენ არ დავთანხმდით იმიტომ, რომ საპატრიარქოსთან გვაქვს მიწერილი წერილი, რომ მეუფე სტეფანეს არა აქვს უფლება ბერი დაიყვანოს ერისკაცობამდე, ეკლესიის სასამართლოს გარეშე. საქართველოს ეკლესიას სასამართლო არა აქვს, გაუქმებულია. ამიტომ ჩვენ არ დავტოვეთ მონასტერი მეუფე სტეფანეს მოწოდებით, ვითხოვდით სინოდს და თუ ეთანხმებოდნენ დავტოვებდით, გადავაბარებდით მშვიდობით, მაგრამ რა ვნახეთ, დილის ექვს საათზე მეუფე სტეფანე თავის რაზმთან, ჩოხიანებთან ერთად დაგვესხა თავს და ყველა გამოგვყარეს გარეთ, ამასობაში ჩვენც გავუწიეთ წინააღმდეგობა. პოლიციამ ბერები დაგვიჭირა და ყველა წაგვიყვანეს მარტვილის სამმართველოში. დაჭერილები ვიყავით შვიდნი, დაგვკითხეს, სამი გამოგვიშვეს, ოთხი ჯერ იქ ჰყავთ", - განაცხადა პეტრე ღუდუშაურმა.
ცნობისათვის, ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილ სასულიერო პირებს მონასტერში ყოფნის 4 ნოემბერს ამოეწურათ. განკვეთილი სასულიერო პირები ეპარქიის ტერიტორიიდან დღეს პოლიციის ძალის გამოყენებით გაიყვანეს.
ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ 15-მდე სასულიერო პირს მღვდელმსახურება რამდენიმე თვის წინ აუკრძალა და მონასტრიდან განკვეთა.
"ინტერპრესნიუსი"