ამერიკა რუსეთს აფრთხილებს, არ დაარტყას უკრაინას... - კვირის პალიტრა

ამერიკა რუსეთს აფრთხილებს, არ დაარტყას უკრაინას...

უკრაინას დღეს რუსთავის ციხეში მყოფი თავისი მოქალაქის და ამასთანავე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის "გამოსახსნელად" ნაკლებად სცალია, რადგან ის მორიგი რუსული სამხედრო აგრესიის დაწყების დიდი საშიშროების წინ დგას.

რამდენიმე დღის წინ ძალიან უცნაური ამბავი მოხდა - ამერიკელმა სამხედრო ექსპერტებმა კოსმოსიდან გადაღებული დეტალური ფოტოების ანალიზის შემდეგ განაცხადეს, რომ რუსეთმა კვლავ თავი მოუყარა დიდი რაოდენობის საბრძოლო ტექნიკას უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრის სიახლოვეს, რაც ზრდის რუსული სამხედრო აგრესიის დაწყების ალბათობასო. მაგრამ თავად უკრაინის საგარეო დაზვერვამ ოფიციალურად უარყო რუსი სამხედროების მორიგი დამატებითი კონცენტრაცია მის საზღვრებთან, თუმცა განმარტა, რომ უკრაინის საზღვართან ისედაც დიდი ხანია მობილიზებულია 90 ათასამდე რუსი სამხედრო. შეიძლება ყოველივე ეს - ამერიკელების შეშფოთება და უკრაინელების სიმშვიდე, ერთგვარ "ფუჭ გასროლად" ჩათვლილიყო, "მგელი მოდის..." ანდაზისა არ იყოს, მაგრამ ამ თემამ ძალზე სერიოზული გაგრძელება ჰპოვა.

5 ნოემბერს ცნობილმა ამერიკულმა ტელეკომპანიამ "სი-ენ-ენ"-მა თავის წყაროებზე დაყრდნობით სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა იმის შესახებ თუ სინამდვილეში რა მიზნით სტუმრობდა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი უილიამ ბერნსი მოსკოვს.

ბერნსის მოულოდნელმა ვიზიტმა მოსკოვში და მისმა შეხვედრებმა რუს კოლეგასთან - რუსეთის საგარეო დაზვერვის დირექტორთან სერგეი ნარიშკინთან და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანთან ნიკოლაი პატრუშევთან, ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

სანამ სხვები მარჩიელობდნენ, "სი-ენ-ენ"-ის მტკიცებით, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი მოსკოვში პრეზიდენტმა ბაიდენმა თურმე სპეციალურად გააგზავნა მთავარი მიზნით, რომ მას თავისი კოლეგების დონეზე გაეფრთხილებინა რუსეთის პრეზიდენტი პუტინი, რომ მან არ გაბედოს უკრაინაზე სამხედრო აგრესიის დაწყება, რადგან ამერიკული დაზვერვა გულდასმით აკვირდება რუსული სამხედრო ძალების თავმოყრას უკრაინის საზღვართან და არ დაუშვებს ახალი ომის წამოწყებას...

თურქეთისგან ნაყიდი უპილოტო "ბაირაქტარით" პრორუსული სეპარატისტების ერთი ჰაუბიცის აფეთქება მარიუპოლთან (როგორც ირკვევა იმავე დღის ბოლოს უკრაინელებმა ასევე "ბაირაქტარიდან" გაშვებული მეორე რაკეტით კიდევ ერთი ჰაუბიცა აუფეთქეს სეპარატისტებს, ამასთან გაირკვა თუ რატომ გადარჩნენ აფეთქებული ჰაუბიცის გათვლის არტილერისტები - ვიდეოშიც კარგად ჩანს, რომ "ბაირაქტარიდან" გაშვებული ლაზერული დამიზნების მართვადი რაკეტა, მართალია ზუსტად მოხვდა სამიზნეს, მაგრამ რაკეტას კუმულციური ქობინი ეყენა და ამიტომაც მისმა აფეთქებამ მცირე რაოდენობის ნამსხვრევები წარმოქმნა, ფუგასურ-მსხვრევადი ქობინის შემთხვევაში აფეთქების ძალა ბევრად მეტი იქნებოდა), წესით ვერ გახდებოდა რუსული სამხედრო აგრესიის განახლების საბაბი, თუმცა პრეზიდენტ პუტინს დიდი ხანია ავადმყოფური თავმოყვარეობა ჩამოუყალიბდა და თითოეულ ასეთ შემთხვევას ის პირად შეურაცხყოფად აღიქვამს, ასე, რომ გამორიცხული არაფერია...

უკრაინაში ორიოდე დღის წინ თავდაცვის მინისტრი შეიცვალა, მანამდე ცვლილებები განხორციელდა მის გენერალურ შტაბშიც.

უკრაინის ხელისუფლებაში აცნობიერებენ, რომ რუსული სამხედრო აგრესიის საფრთხე რეალურია და ისედაც ყოველდღიური პოზიციური ბრძოლები დონბასის ფრონტზე, შეიძლება მართლაც გადაიზარდოს ფართომასშტაბიან რუსულ სამხედრო იერიშებში და არა მარტო აღმოსავლეთიდან, არამედ სამხრეთიდან, ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულიდან და ჩრდილოეთიდან, იმ ბელორუსიიდანაც, რომლის "ჩაყლაპვას" კრემლი ასე ცდილობს...

ასე, რომ თუ სიმართლეს შეესაბამება "სი-ენ-ენ"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, გამოდის, რომ პრეზიდენტ ბაიდენს უკრაინის სასარგებლოდ პრევენციული ნაბიჯი გადაუდგამს.

საინტერესოა, თავის დროზე, 2008 წლის აგვისტოს დასაწყისში იგივე რომ გაეკეთებინა პრეზიდენტ ბუშ-უმცროსს და მკაცრად გაეფრთხილებინა პუტინი, საქართველოს ხელი არ ახლოო, შეიცვლებოდა თუ არა ჩვენი უახლესი ისტორია?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს