ცნობილების ბრილიანტები, საათები და სეიფები - ვინ არის ლონდონის გახმაურებული ქურდობების ავტორი, რომელსაც ეძებენ
BBC-ს ცნობით, ევროპელი სამართალდამცავები დიდ ბრიტანეთში მომხდარი რამდენიმე გახმაურებული ძარცვის ავტორს ეძებენ.
ვარაუდობენ, რომ ალფრედო ლინდლიმ, ბრიტანეთში მცხოვრები ცნობილი ადამიანების სახლები გაძარცვა და ძვირფასეულობა მოიპარა, რაც ათობით მილიონი დოლარის ექვივალენტია.
ჟურნალისტების მოპოვებული ინფორმაციით, ეს ადამიანი ამჟამად სერბეთში იმყოფება და სერბეთის მოქალაქეობაც მიიღო.
40 წლის ლინდლი წარმოშობით პერუდანაა. BBC-ს მოპოვებული ინფორმაციით, ლინდლის კრიმინალური საქმიანობის შესახებ იტალიელმა სამართალდამცავებმა ჯერ კიდევ 1995 წელს იცოდნენ, როცა ის უკვე იყო ჩართული კრიმინალურ საქმიანობაში. ბოლო წლებში, როგორც ამბობენ, მან დაახლოებით 19-ჯერ შეიცვალა სახელი, შეცვლილი სახელებით ის მოქმედებდა მილანში, ბელგრადში, ზაგრებსა და სხვა ქალაქებში.
27 აგვისტოს ლინდლი ბელგრადის სასამართლოს ლუბომირ რომანოვიის სახელით წარუდგა. სერბეთის ორგანიზებულ დანაშაულებათა განყოფილების წარმომადგენლები დამნაშავის ბრიტანეთისთვის გადაცემას მოითხოვდნენ, თუმცა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს. გამოძიება ვარაუდობს, რომ ლინდლი ისევ სერბეთის დედაქალაქშია. ის ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის მეწილეა, რომელიც ბელგრადის ცენტრში აწარმოებს მშენებლობებს. ცნობილია, რომ მას სერბეთის მთავრობამ მოქალაქეობაც მიანიჭა, ამ დროს კი ბრიტანელი სამართალდამცავები აცხადებენ, რომ ლინდლი იძებნება, მისი დაკითხვა 2019 წელს ჩელსიში და კენსინგტონში მომხდარი ძარცვების გამო იგეგმება.
ყველაზე გახმაურებული ძარცვები
2019 წლის დეკემბერში 13 დღის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში რამდენიმე გახმაურებული დანაშაული მოხდა. გაქურდეს ცნობილი ადამიანების სახლები, მათ შორის "ფორმულა -1"-ის ყოფილი უფროსის, მილიარდერ ბერნი ეკლსტოუნის შვილის, მოდელ ტამარა ეკლსტოუნის სახლი, ასევე ცნობილი ფეხბურთელის ფრენკ ლემპარდის და კლუბ "ლესტერ სიტის" ყოფილი მფლობელის, ვიჩაი შრივადჰანაპრაბჰას სახლიც, რომელიც 2018 წელს გარდაიცვალა. 
საერთო ჯამში, გაძარცვული სახლებიდან დამნაშავეებმა 35 მილიონი დოლარის ღირებულების ძვირფასეულობა მოიპარეს.
როგორც ცნობილია, ეკლსტოუნის სახლი იმ რაიონში მდებარეობს, სადაც მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სახლებია განლაგებული, სწორედ ამიტომ, მოდელის სახლის ძარცვა ინგლისის ისტორიაში ყველაზე დიდ ძარცვად მიიჩნევა. მოპარული ნივთების უმეტესი ნაწილი აქამდე არ აღმოუჩენიათ.
2021 წელს ბრიტანეთის სასამართლოს წინაშე ოთხი რუმინელი წარსდგა. სამართალდამცავთა მტკიცებით, ისინი მონაწილეობდნენ მილიარდერის შვილის სახლის ძარცვაში. ორთვიანი განხილვის შემდეგ, სასამართლომ ისინი გაამართლა. იტალიის სამმა მოქალაქემ კი - 24 წლის იუგოსლავ იოვანოვიჩმა, 44 წლის ალესანდრო დონატიმ და 44 წლის ალესანდრო მალტეზემ, რომლებიც იტალიამ ბრიტანეთს გადასცა, აღიარა დანაშაულში მონაწილეობა. სისხლის სამართლის საქმეში დართული ინფორმაციის მიხედვით, ლინდლი ბრიტანეთში სტოკჰოლმიდან ჩაფრინდა, მან ქვეყანაში შესასვლელად დენიელ ვუკოვიჩის სახელი გამოიყენა. ბრიტანეთში მასთან ერთად 24 წლის იტალიის მოქალაქე იოვანოვიჩი ჩავიდა. ისინი ქალაქგარეთ ერთ-ერთ სასტუმროში დაბინავდნენ. 
მეორე დღეს იოვანოვიჩმა ფეხბურთელ ლემპარდის სახლი გაძარცვა. პოლიცია მიიჩნევს, რომ ამ ძარცვაში ლინდლიც მონაწილეობდა. ფეხბურთელის სახლიდან სხვადასხვა სამკაულთან ერთად მათ Patek Philippe-ს თეთრი ოქროს საათი და Cartier-ის ჯიბის საათიც მოიპარეს.
10 დეკემბერს მათ "ლესტერ სიტის" გარდაცვლილი მფლობელის სახლი გაძარცვეს, რომელიც გარდაცვლილის ოჯახს ეკუთვნოდა. სახლიდან მძარცველებმა ძვირადღირებული სამკაულების გარდა ფულიც მოიპარეს.
13 დეკემბერს მძარცველები მოდელის სახლში შეიჭრნენ, რომელიც ბრიტანეთის სამეფო რეზიდენციის - კენსინგტონის სასახლის წინ მდებარეობს. 
როგორც ცნობილია, ისინი მაშინ შეიჭრნენ სახლში, როცა სახლის მეპატრონე მეუღლესთან ერთად დასასვენებლად საახალწლოდ ლაპლანდიაში გაემგზავრა. ის ქუჩა, სადაც ტამარას სახლი მდებარეობს, მუდამ დაცულია, მას დაცვის წევრები იცავენ და გარდა ამისა, ქუჩის ორივე ბოლო დიდი რკინის კარითაა დაკეტილი. სწორედ ამ ქუჩაზე მდებარეობს რუსეთის, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და ისრაელის ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლების რეზიდენცია. ამ ქუჩაზე მდებარეობს საფეხბურთო კლუბ "ჩელსის" მფლობელის რომან აბრამოვიჩისა და ბრუნეის სულთნის სახლებიც.
1 საათის განმავლობაში მძარცველებმა მოდელის სახლიდან 400 იუველირული ნამუშევრისა და დიდძალი თანხის გატანა მოახერხეს. თავად ლინდლიმ ბრიტანეთი 18 დეკემბერს დატოვა და ამის შემდეგ ქვეყანაში აღარ დაბრუნებულა.
როგორც ბრიტანელი, ასევე იტალიელი სამართალდამცავები მიიჩნევენ, რომ ლინდლი კიდევ სხვა დანაშაულებებში მონაწილეობდა, თუმცა ის პოლიციამ ამ დრომდე ვერ დააკავა. (წყარო)