"კატეგორიულად მიუღებელია, რასაც ახლა ეს ადამიანი აკეთებს და არავინ ეწინააღმდეგება" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე? - კვირის პალიტრა

"კატეგორიულად მიუღებელია, რასაც ახლა ეს ადამიანი აკეთებს და არავინ ეწინააღმდეგება" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე?

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ერთ-ერთ ბოლო გზავნის ეხმაურება, სადაც სააკაშვილი აცხადებს, რომ მან უარი თქვა არა მხოლოდ წვენზე, არამედ მინერალზე, ვიტამინზე (გლუკოზის აბებზე), რაც ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებას ემსახურებოდა. (იხილეთ განცხადება)

"მართალია "მძინავს", მაგრამ არ შემიძლია ძილშიც არ გამოვთქვა, - კატეგორიულად მიუღებელია, რასაც ახლა ეს ადამიანი აკეთებს და არავინ ეწინააღმდეგება. რას ნიშნავს, ვიღაცას ჩემი სიკვდილი უნდა, შემიძლია არ მოვკვდე, მაგრამ ვკვდები? მათთვის კვდება, ვისაც მისი სიკვდილი უნდა? რა მესიჯია, რა მაგალითია? ააყენეთ ფეხზე მათ, ვისიც სჯერა და პასუხისმგებლობა აგრძნობინეთ არა საკუთარი თავის, არამედ ქვეყნის მიმართ. ერთი პრეზიდენტი მოკლეს, მეორეს ტერაქტები უწყვეს, პრემიერი მოკვდა... სიკვდილის ეს ფორმა გვაკლდა მრავალფეროვანი ტრავმირებისთვის და ესეც გვერგო. ასეთიც არაფერი დაგვიშავებია, რაც ტერორია ჩვენ თავს განუწყვეტელი. უკიდურესად არაჯანსაღია ეს, რაც ახლა ხდება. გადაიყვანეთ საავადმყოფოში. გამოვიდეს ჯანდაცვის მინისტრი და გარანტირებულად განაცხადოს, რომ კონტროლზეა ჯანმრთელობის მდგომარეობა. ჩვენი გაჭირვება გვეყოფა, 10 000 ადამიანზე მეტი მხოლოდ კოვიდით გარდაიცვალა ბოლო პერიოდში, ისედაც შავი ღრუბლების ქვეშ ვცხოვრობთ ყველა ამდენი ხანია. სასიცოცხლო შემოგვთავაზეთ რამე, რომელიმე მხარემ, წარმოუდგენელია ეს ყველაფერი", - წერს ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში.